in

რომელი რადიოების საინფორმაციოს უსმენენ ყველაზე ხშირად და როგორ აფასებენ ”ჯეპრას” გამოკითხვას თავად მედიასაშუალებებში?!

რადიო

ჯეპრა-ლოგოპიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანიის „ჯეპრას“ ქართული რადიოების საინფორმაციო გადაცემების სმენადობის რეიტინგს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

საუკეთესო ხუთეულში შესული მედია საშუალებებიც ნაწილი ენდობა, ნაწილი კი ბუნდოვანებასა და მაღალ ცდომილებაზე საუბრობს. ქართული რადიოების საინფორმაციო გადაცემების სმენადობის რეიტინგის დასადგენად ”ჯეპრამ” საინფორმაციო საიტების მომხმარებლის გამოკითხვა 24-26 ოქტომბერს ჩაატარა.

შეკითხვა – ”რომელი რადიოს საინფორმაციო გამოშვებას უსმენთ ყველაზე ხშირად”- 8 საინფორმაციო პორტალზე იყო განთავსებული და პასუხების ჩამონათვალში მხოლოდ ის რადიოები შედიოდა, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვება აქვთ. მონაწილეობა კი ვიზიტორებს ამ ვებ გვერდების გახსნისას შეეძლოთ.

”ჯეპრაში” ამბობენ, რომ ერთი აიპი მისამართიდან ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ იყო შესაძლებელი. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 8836 ადამიანმა მიიღო.

რადიოების საინფორმაციო გადაცემების პოპულარობის მიხედვით პირველ ადგილზე ”პალიტრა” გავიდა (21,3%), მეორეზე – ”მაესტრო” (14,7%), მესამე ადგილი ”ფორტუნამ” (8.9%) დაიკავა, მეოთხე – ”იმედმა” (8,8%), მეხუთე ადგილი ”აფხაზეთის ხმას” (7%) ერგო.

გამოკითხვაში მონაწილეთა რაოდენობა ასაკობრივ ჭრილში ასე გადანაწილდა: 18 წლამდე ასაკი -5,4 %, 18-24 წელი – 18,7%, 25-32 წელი – 26,5%, 33-45 წელი – 23%, 46-55 წელი – 16,1%, 56-64 წელი – 6,7%, 65+ წელი – 3,6%. აღსანიშნავია, რომ “ჯეპრას” ონლაინ-გამოკითხვაში მონაწილეთა 61,7 პროცენტს მამაკაცები შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ეს რიგით მეორე გამოკითხვაა. პირველად ასეთი ”მინი” კვლევა ”ჯეპრამ” 2013 წლის 3-7 მარტს ჩაატარა. მაშინ პირველი ხუთეული ასე გამოიყურებოდა: 1. “მაესტრო” (23%), 2. “პალიტრა” (18%), 3. “ფორტუნა” (10%), 4. “იმედი” – (8%), აფხაზეთის ხმა კი – მეხუთე ადგილზე (7%). 44% შეადგინა დანარჩენი რადიოების საერთო წილმა.

წინა გამოკითხვასთან შედარებით, გაუმჯობესებული რეიტინგი აქვს რადიო ”კომერსანტს”. მიუხედავად იმისა, რომ მას ნიშა ბიზნესია, მჭიდროდ მიუახლოვდა საერთო მაუწყებლობის ფორმატის მქონე რადიოების ხუთეულის ჯგუფს. ასევე გაიზარდა საზოგადოებრივი რადიოსა და მწვანე ტალღის რეიტინგიც. შემცირდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომელმაც კითხვარის ჩამონათვალში დასახელებული რადიოების ნაცვლად მიუთითეს „სხვა რადიო“ (19,9%).

„მეორე საპილოტო ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგებით კმაყოფილი ვართ. საინფორმაციო საიტების მომხმარებლებმა აქტიურობა გამოიჩინეს. მეთოდოლოგიისა და კითხვარის დახვეწამ უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიღების საშუალება მოგვცა, რის საფუძველზეც უკვე თებერვლის თვეში სრულმასშტაბიანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ.

soso-galumashviliვმუშაობთ გამოკითხვის ტექნიკურ სრულყოფაზე, გვსურს, რომ გამოკითხვის შედეგები უფრო გამჭვირვალე და მყისიერად ცნობილი გახდეს როგორც თითოეული რესპოდენტისთვის, ასევე ვებ-საიტების ყველა მომხმარებლისთვის“, – ამბობს „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი.

გამოკითხვას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ხუთეულში შემავალი რადიოების მხრიდნაც კი.

რადიო ”პალიტრას” პროგრამების დირექტორი თამარ ცაგარეიშვილის თქმით, პირველი ადგილი სანდოობისა და პროფესიონალიზმის ამსახველია. თუმცა, მიაჩნია, რომ ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მატებს მათ.

”ვფიქრობთ, ასეთი გამოკითხვები ძალიან მნიშვნელოვანია. მეტიც, ვიტყოდი, აუცილებელიც. ეს შესაძლებლობას გვაძლევს სწორად შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და მიღწევები. თუ წამყვან ადგილზე ვართ, შევინარჩუნოთ, თუ უფრო ქვევით- გავაუმჯობესოთ ეს მაჩვენებლები. არის კიდევ მეორე საკითხი, ეს მნიშვნელოვანია ბიზნესის თვალსაზრისით. ვისაც სურს რადიოში რეკლამის განთავსება, წარმოდგენა ექნება, რა სურათია ამ ბაზარზე” ,- ამბობს თამარ ცაგარეიშვილი.

მისთვის სანდოა ამ გამოკითხვის მეთოდოლოგიაცა და შედეგებიც. საწინააღდეგოს ფიქრობენ ”ფორტუნაში”. კომპანია ”რადიო საქართველოს” ( ”ფორტუნა” , ”ფორტუნა+ ” , ”არ დაიდარდო”, ”ავტორადიო”) მარკეტინგის დირექტორი მაია მაზანაშვილი ამბობს, რომ ამ გამოკითვის შედეგები ბუნდოვანია, და შესაბამისად, სანდო არ არის. მისი თქმით, არასწორადაა შერჩეული მეთოდოლოგია.

”პასუხებში ყველა რადიო უნდა ყოფილიყო, 25-ვე არხი, რომელიც FM-ზე არსებობს. თუ კვლევის საგნად დასახელებულია საინფორმაციო რადიოების სმენადობის განსაზღვრა, ეს დანარჩენი რადიოების საქმიანობას უკანა ხაზზე წევს. ან თუ მაინცდამაინც, ასეთი გამოკითხვები არ უნდა იყოს გამოქვეყნებული კომერციული ბაზრისთვის და იყოს უფრო შიდა მოხმარებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, დააბნევს მათ, ვისაც სურს რეკლამა განათავსოს რადიოში. არა და, რეალურად, რადიოების რეიტინგი (ვგულისხმობ, ზოგადად, ყველა რადიოს რეიტინგს) განსხვავებულია.

ამასთან, გამოკითხვაში მონაწილეობა მხოლოდ კონკრეტულ 8 საინფორმაციო პორტალზე ვიზიტორებს შეეძლოთ. აქაც შეზღუდულია მომხმარებელთა რაოდენობა. მისი აზრი არ იქნება დაფიქსირებული, ვინც დავუშვათ, მთელი დღე მანქანაში უსმენს რადიოს და რეალურად, შესაძლოა, თუნდაც ამ რადიოებიდან რომელიმეს აქტიური მსმენელია. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ცდომილება მაღალი იქნება”.

თავის მხრივ ”ჯეპრაში” ამბობენ, რომ ამ გამოკითხვას მაღალი ხარისხის რეპრეზენტატიულობაზე პრეტენზია არ აქვს და კლასიკურ სოციოლოგიურ კვლევას ვერ ჩაანაცვლებს. თუმცა, გამოკითხვის შედეგებში არსებული ცდომილების შემცირება კვლევის მასშტაბებისა და განმეორებითი კვლევების რაოდენობის გაზრდით იქნება შესაძლებელი.

რადიო “აფხაზეთის ხმაში” ამბობენ, რომ ნებისმიერ მსგავს კვლევას ყურადღებით ეკიდებიან, რადგან მათი თქმით, რომლებიც რეიტინგს უკავშირდება. შესაბამისად, ეს გამოკითხვები საინფორმაციო სამსახურის დაინტერესების საგანსაც წარმოადგენს.

”ვფიქრობ, თუნდაც ის რომ წინა, მარტში ჩატარებული რეიტინგი შენარჩუნდა, ნორმალურია იმ ფონზე, რომ მთელი ზაფხული და თითქმის მთელი შემოდგომის სეზონი საინფორმაციო გამოშვებები, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ეთერში არც გადიოდა. ჩვენი შიდა კვლევებით, სანამ საინფორმაციო სამსახური დროებით შეწყვეტდა საქმიანობას, მეოთხე ადგილზე მყარად ვიყავით. ვფიქრობ, მომდევნო კვლევის დროს უფრო მაღალი რეიტინგი გვექნება. ეს არ არის ის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც ჩვენ შეგვიძლია”,- ამბობს აფხაზეთის ხმის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლაშა ბერულავა.

ალდაგი GPI-ს აზღვევს?

სამსახური

სარეკლამო კომპანია Total Media აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე