in

მედიცინის სრულად ციფრული მიმართულება და ქართული პლატფორმა, Radiolo.ge ფრილანსერი ექიმებით

„დისტანციური რადიოლოგიური სერვისი, პირველ რიგში, კადრების პრობლემას მოაგვარებს, რაც საქართველოს რეგიონებში არსებულ კლინიკებში დგას.

Startauperi
Startauperi

წლების წინ, ამერიკაში მოღვაწე ორმა ინდოელმა რადიოლოგმა ყურადღება მიაქცია ერთ საინტერესო დეტალს – ვინაიდან, შეერთებულ შტატებში რადიოლოგია ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროა, ამ სპეციალობის ექიმებს აღარ სურდათ მორიგეობებისთვის ღამეების თენება და მათი რაოდენობა დეფიციტური იყო. იმის გამო, რომ როცა ამერიკაში ღამეა, ინდოეთში, ამ დროს, დღეა, ამ უკანასკნელში გადაწყვიტეს ტელერადიოლოგიის ოფისის გახსნა, სადაც უკვე 400-ზე მეტი რადიოლოგი მუშაობს. ამგვარად, სრულებით უმტკივნეულოდ, ღამეების თევის გარეშე, იმ დეფიციტის შევსება მოხერხდა, ზემოთ რომ ვახსენეთ.

ეს ამბავი გიორგი უბირიამ გამიზიარა, ექიმმა რადიოლოგმა და ტელერადიოლოგმა, უკვე 11 წლიანი გამოცდილება რომ აქვს ამ სფეროში და ახლა უკვე საკუთარ ტელერადიოლოგიურ პლატფორმა radiolo.ge-ს სრულყოფაზეც რომ ზრუნავს.

Radiolo.ge დისტანციურ რადიოლოგიურ მომსახურებას გაუწევს როგორც კლინიკებს, ასევე ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც კვალიფიციური რადიოლოგის კონსულტაცია, ე.წ. მეორადი სამედიცინო მოსაზრება დასჭირდება (Second medical opinion).
უფრო დაწვრილებით, გიორგი უბირიას გამოცდილებასა და Radiolo.ge-ს საშუალებით მისაღწევ მიზნებზე მასთან ინტერვიუს საშუალებით მოგიყვებით:

M: გიორგი, როგორია თქვენი გამოცდილება სამედიცინო სფეროში?
სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რადიოლოგიურ განყოფილებაში ლაბორანტობით დავიწყე. შემდეგ უმცროსი ექიმი გავხდი და სწავლა რადიოლოგიის რეზიდენტურაში გავაგრძელე. დავეუფლე კომპიუტერული და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ქვესპეციალობებს. რამდენჯერმე გავიარე ტრენინგები თურქეთის წამყვან კლინიკებსა და ავსტრიაში. ვარ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციების წევრი. ამჟამად, საქართველოს 6 ქალაქის 11 კლინიკაში დისტანციურად ვმუშაობ.

M: რა გახდა radiolo.ge-ს შექმნის წინაპირობა და ამჟამად, რა ეტაპზეა პლატფორმა?
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვახსენოთ პანდემია, რომელმაც ყველა დაარწმუნა ტელემედიცინის აუცილებლობაში… ტელერადიოლოგია კი ამ მიმართულების პიონერია.

ყოველდღიურად იმატებს ციფრული გამოსახულებებით მიღებული კვლევების რაოდენობა. ძალიან ბევრი კლინიკა ყიდულობს CT და MRT აპარატურას, ექიმების რაოდენობა კი ამ სფეროში დეფიციტურია – განსაკუთრებით, რეგიონებში, სადაც კლინიკებისთვის დიდი ფუფუნებაა ადგილზე კვალიფიციური რადიოლოგის ყოლა.

ეს იდეა ბოლო წლების განმავლობაში მწიფდებოდა ჩემს თავში, თუმცა 2020 წლის მოვლენებმა, საბოლოოდ, გადამაწყვეტინა, შემექმნა პლატფორმა. Radiolo.ge, ჯერჯერობით, პირველ ნაბიჯებს დგამს და, რა თქმა უნდა, ბევრი აკლია იმ საბოლოო სახემდე, სადაც მსურს, რომ მივიდეთ…

M: რა პრობლემას და ვის უჭრის სამედიცინო სფეროში Radiolo.ge-ს არსებობა?
დისტანციური რადიოლოგიური სერვისი, პირველ რიგში, მოაგვარებს კადრების პრობლემას, რაც საქართველოს რეგიონებში არსებულ კლინიკებში დგას, მომდევნო ეტაპზე კი, ვფიქრობთ, კავკასიის რეგიონსაც თავისუფლად მოვიცავთ – რადგან, მოგეხსენებათ, სამხრეთ კავკასიაში საქართველო მედიცინის მიმართულებით ნამდვილად მოწინავე ადგილზეა.

M: როგორ მუშაობს ვებგვერდი? რის შესაძლებლობას გვაძლევს პლატფორმის გამოყენება?
ჯერჯერობით, ჩვენს ვებგვერდს მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულება აქვს, საიდანაც მომხმარებელი იგებს ჩვენი სერვისებისა და გამოცდილების შესახებ.

თუმცა, სამომავლოდ, აუცილებლად დაემატება საკუთარი შიდა სისტემა, სადაც დარეგისტრირება შეეძლებათ როგორც ფრილანსერ ტელერადიოლოგებს, ასევე პაციენტებს კონსულტაციისთვის. ჩვენ კი მათი დამაკავშირებელი რგოლი ვიქნებით.

M: როგორ აპირებთ სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობას, მათთვის რა მომხიბვლელი წინადადებები გაქვთ?
ჩვენი სერვისი კლინიკებისთვის არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ტექნიკურ მომსახურებასაც გულისხმობს. რადიოლოგიური აპარატურა საკმაოდ ძვირადღირებული ტექნიკაა. ამასთანავე, რადიაციული უსაფრთხოება წამყვანი ფაქტორია – მე პირადად ვარ ტრენერი აპლიკანტი, რაც ნიშნავს იმას, რომ შემიძლია დავეხმარო შესაბამისი აპარატურის შერჩევაში, მის პროგრამულ გამართვაში, ინდივიდუალური გამოკვლევის პროტოკოლების შედგენაში და ტექნიკოს-ლაბორანტების დატრენინგებაში.

M: და რაც შეეხება პაციენტებს, რა შემთხვევაში ურჩევნიათ, თქვენ მოგმართონ?
არსებობს ასეთი ტერმინი – მეორადი სამედიცინო მოსაზრება (second medical opinion), რომელიც პაციენტებს საშუალებას აძლევს, გადაამოწმონ თავიანთი დიაგნოზი და გაიგონ სხვა ექიმის მოსაზრება. ეს მსოფლიოში მიღებული და დანერგილი პრაქტიკაა სამედიცინო შეცდომების შესამცირებლად – მაგალითად, ამერიკაში, იქ, სადაც მედიცინა ყველაზე განვითარებულია, კარდიოვასკულარული, იშემიური და ონკოლოგიური დაავადებების შემდეგ, სტატისტიკურად ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ სამედიცინო შეცდომის გამო იღუპება.

M: რატომ გვჭირდება ტელერადიოლოგიის განვითარებაზე ზრუნვა და როგორია, ამ კუთხით, თქვენი გეგმები…
ტელერადიოლოგია 20 წლის წინ არ არსებობდა, იგი ჩამოყალიბდა დიაგნოსტიკური ციფრული ტექნოლოგიებისა და მასალის რაოდენობის სწრაფი მატების გამო. ახლა უკვე ინტენსიურად ინერგება ხელოვნური ინტელექტი ჩვენს სფეროში, რომელსაც ჯერჯერობით, ჩვენი ასისტენტის ფუნქცია აქვს, გვეხმარება, რომ არ გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი დაზიანება და პრიორიტეტის მიხედვით გვიხარისხებს ურგენტულ შემთხვევებს. ჩემი აზრით, მოვა დრო, როცა სრულად ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი რადიოლოგს. მანამდე კი ვცდილობ, ვიყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ტექნოლოგიებს დანერგავს და განავითარებს, რათა ჩვენი კვალიფიკაციის მიუხედავად, ადამიანური შეცდომების ფაქტორი მინიმუმამდე შემვამციროთ.

M: კადრებსა და ფრილანს-ექიმებზე რას გვეტყვით… როგორ/რა მეთოდებით წარმოგიდგენიათ ფრილანსერი ექიმი რადიოლოგების გამოზრდა?
ჩვენი საიტი სამომავლოდ იქცევა პლატფორმად, სადაც ექიმ რადიოლოგებს შეეძლებათ დარეგისტრირება და პაციენტებისათვის დისტანციური სამედიცინო მომსახურების გაწევა. მანამდე კი, ჩემი მიზანია, რომ ტელერადიოლოგიის პოპულარიზაციას შევუწყო ხელი, როგორც ჩემს სტუდენტებში, ასევე ფართო საზოგადოებაში – თუნდაც, თქვენი საშუალებით. მინდა, ახალგაზრდებმა გაიგონ, რომ არა მხოლოდ კრეატიულ სფეროში, არამედ მედიცინაშიც არის მიმართულება, რომელიც სრულიად ციფრულია და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მუშაობის შესაძლებლობას იძლევა.

„სიმფოლიუმის“ ქართულ პროგრამას ამერიკის, კანადისა და ევროპის არქიტექტურული ვიზუალიზაციის წამყვანი სტუდიები იყენებენ“

ვიდეოკამპანიები რომანტიკული განწყობისთვის მანამ, სანამ ვალენტინობა გათენდება