„რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამულის“ და ცნობილი „ონლაინ“ პლატფორმა “MORE is LOVE”-ის ახალი, ერთობლივი პროექტი იწყება – 8 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით, სასტუმროში, ყოველ შაბათ – კვირას, თემატური დღეები გაიმართება. მოდა, დიზაინი, თანამედროვე ხელოვნება, კულინარია, მუსიკა, განტვირთვა – ეს ყველაფერი სტუმრებს ერთ სივრცეში დახვდებათ.
„ამ ერთი თვის მანძილზე, სასტუმროს ტერიტორიაზე გაიმართება MORE is LOVE-ის კოლექციის ჩვენება, საზეიმო წვეულებები, საღამოები ცნობილ მუსიკოსებთან ერთად. ასევე – პროექტ ArtBeat-ისა და გალერეა 4710-ის ნამუშევრებისა და ინსტალაციების ექსპოზიცია. გარდა ამისა, ჩატარდება შეხვედრები კურატორებთან და გალერისტ თამუნა ღვაბერიძესთან.
სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამულის“ სტუმრებს, ასევე, საშუალება ექნებათ, განიტვირთონ სპაში, ისარგებლონ აუზით კავკასიონის ულამაზესი ხედით, დაესწრონ იოგასა და პილატესის გაკვეთილებს, ყოველ კვირა დღეს პროფესიონალ ტრენერებთან ერთად“.
მათთვის, ვინც სასტუმროს ოჯახთან ერთად ეწვევა, გაიმართება კულინარიული მასტერკლასები შეფთან ერთად და სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები პატარებისთვის.
„პრემიუმ კლასის სასტუმროს ტერიტორიაზე გაიხსნება MORE is LOVE-ის მაღაზიაც, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ ქალის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები.
სტუმრებს, ასევე, ელოდებათ სპეციალური შეთავაზებები ვალენტინობასა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ოთახების დაჯავშნა, მთელი თვის მანძილზე, სპეციალური ფასით იქნება შესაძლებელი“.
[R]