in

ხელნაკეთი და ფერადი საწვიმრები ქართველი დედა-შვილისგან – Rainbow Design

Startauperi
Startauperi

ერთი თვე არ იქნება, რაც ინტერნეტსივრცეში ახალი გვერდი – Rainbow Design გამოჩნდა, რომელიც საქართველოში დამზადებული, ხელნაკეთი და ფერადი საწვიმრების რეალიზებას ეწევა. ფუნქციონირების მცირე დროის მიუხედავად, სტარტაპმა უკვე შეძლო საკუთარი პროდუქციის გაყიდვა როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც (ჰამბურგი, ნიუ იორკი, ვარშავა). ყველაფერი კი სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტის – მარიამ ჩიღუნაძის იდეით დაიწყო, იდეით, ქართულ ბაზარზე ფერადი სიახლე შეეტანა და მიეცა მშრალად დარჩენის შესაძლებლობა წვიმაში უქოლგოდ სიარულის მოყვარულთათვის. 

უფრო ადრეულ წარსულში რომ დავბრუნდეთ, ვიდრე სოციალურ ქსელებში ბრენდის გამოჩენაა, იდეაზე მუშაობა და მისი, ანუ საწვიმრის მოდელის პირდაპირი მნიშვნელობით დახვეწა მარიამმა, დედასთან – ეკა კილაძესთან ერთად, დაახლოებით 7 თვის წინ დაიწყო:

საქართველოში არ მინახავს ხელნაკეთი, ამდენად დამუშავებულდეტალებიანი საწვიმარი. თავიდან, მთლიანად გამჭვირვალე მოდელზე ვმუშაობდით, თუმცა, არაპრაქტიკული და ჩვენი ფერადი მიზნისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა. ამიტომაც, შევურიეთ ფერადი ნაჭრები, ნაქარგები და სხვა დეტალები“, – გვიყვება მარიამი.

ბავშვობისას, დედა ხშირად კერავდა მარიამისთვის კაბებსა თუ სხვა ტიპის ტანსაცმელს, თუმცა, ეს უნარი სხვა ადამიანების შესამოსად არასდროს გამოუყენებია. სწორედ დედის სამოყვარულო გამოცდილება დაეხმარა მარიამს იდეის რეალურობაში დარწმუნებულიყო და დაენახა პროდუქტი, რომელიც საჭირო იყო თბილისის და არამხოლოდ მის ქუჩებში. 

მარიამი სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტია, სწავლის გაგრძელებას დერმატო-კოსმეტოლოგიის მიმართულებით გეგმავს. ამბობს, რომ თვითონაც სცადა კერვის სწავლა, თუმცა, მიუხედავად მისი და დედას მცდელობისა, პროდუქციის ხარისხის უზრუნველსაყოფად, ერთ-ერთ სამკერვალოსთან თანამშრომლობს:

მიუხედავად იმისა, რომ დედა ხშირად კერავდა, ამ სფეროში მაინც პირველი ნაბიჯებია ჩვენთვის. სამკერვალოსთან ვთანამშრომლობთ, მკერავების გამოცდილება დაგვეხმარა ხარისხის კუთხით. საქმიანობა ახალი დაწყებული გვაქვს, ვვითარდებით და ნელ-ნელა გვემატება იდეებიც“.

M: რაც შეეხება ამჟამად არსებულ იდეებსა და გეგმებს?
ახლახან, შევკერეთ საწვიმრების ხაზი ბავშვებისთვის, რომელიც მალე გამოჩნდება ჩვენს გვერდზე. ჩვენს პროდუქციაზე დატანილია სხვადასხვა ნახატი, რომელსაც ინტერნეტიდან ვიღებთ. გვინდა, ქართველ მხატვრებთან მოლაპარაკება, იმისათვის, რომ Rainbow-ს საწვიმრებზე სწორედ მათი ნახატები იყოს. უნდა აღვნიშნო, რომ ბაქოში ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. იქ, ერთ-ერთ მაღაზიას სურს ჩვენი პროდუქციის გაყიდვა, ასევე, ჰამბურგში დაინტერესდა რამდენიმე მაღაზია. ჯერჯერობით, მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ. დიზაინისა და პროდუქციის გამრავალფეროვნების კუთხით, ასევე გვაქვს გეგმები. როგორც უკვე ვთქვი, შევკერეთ ბავშვის ხაზი, სამომავლოდ კი, ვგეგმავთ ჩვენი საწვიმრების შესაფერისი ბოტების შეკერვასაც.

(გა)ფრენა საოცარი გამოცდილებაა! – მარკეტერი ბერლინში, მატერიალიზებული იდეების ეპიცენტრში

დაიცავით ეს წესები ყოველ დილას და დღე უფრო სასიამოვნოდ ჩაივლის