13
Jan
2020

როგორ მივიღოთ მონაწილეობა 2020 წლის ქალთა რალიში? – Rally Adventure Georgia

13 Jan 2020

გიგა და ვერა მურღულიები

ავტომობილებთან ურთიერთობა ასეთია, ერთხელ თუ ჩაგივარდა გულში, ეს სიყვარული სამუდამოა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ავტომოყვარულ ქალთა საზოგადოებაში! არა, მამაკაცები როგორ არ დაიშვებიან, მაგრამ ქალთა ამ რალის მთავარი პრინციპია, რომ ყოველ ეკიპაჟში, ერთ-ერთი, პილოტი ან შტურმანი აუცილებლად უნდა იყოს ქალი. ქალთა პირველი რალი რეიდი საქართველოში Rally Adventure Georgia-ს თაოსნობით, ერთი წლის წინ დაიბადა. მას და-ძმამ, ვერა და გიგა მურღულიებმა ჩაუყარეს საფუძველი. მათ უგზოობაზე მართვის დიდი გამოცდილება აქვთ და არაერთ ავტორბოლაში მიუღიათ მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ ქალთა რალი რეიდისთვის დაიწყო მზადება. 13-დან 19-ოქტომბრამდე, რალიში მონაწილე ეკიპაჟებს 1800 კმ უნდა დაეფარათ, საქართველოს რეგიონების გარშემო. ამასთან, ეკიპაჟის წევრებს ჰქონდათ სპეციალური მისია – მთის რეგიონების მოსახლეობასთან ჰუმანიტარული დახმარება უნდა ჩაეტანათ. 2019-ის რალის გამარჯვებული კანადელი ეკიპაჟი გახდა. Rally Adventure Georgia-ს გუნდი უკვე 2020-ის წლის შეჯიბრისთვის ემზადება. წლევანდელი ქალთა რალი 11 ოქტომბერს აიღებს სტარტს და მასში ქართველ ეკიპაჟებს მონაწილეობის მიღება უფასოდ შეეძლებათ. მარკეტერი დაინტერესდა, როგორ მოვემზადოთ წლევანდელი რალისთვის და როგორ მივიღოთ მასში მონაწილეობა? ჩვენს შეკითხვებს ვერა მურღულიამ უპასუხა.

M: პირველ რიგში, შევაფასოთ ქალთა პირველი რალი საქართველოში. როგორი შთაბეჭდილებები დარჩათ უცხოელ და ქართველ მონაწილეებს?

ვერა მურღულია

ღონისძიება საერთო ჯამში წარმატებული გამოდგა. რამდენიმე მოულოდნელი ტექნიკური პრობლემის მიუხედავად, ორგანიზატორი სტაფი კმაყოფილი ვართ, რომ ღირსეულად გავუმკლავდით ამ რიგით პირველ რეიდს და სერიოზური ინციდენტების გარეშე შემოვატარეთ საქართველო მონაწილე ეკიპაჟებს. ორგანიზებაში მხარდაჭერა გაგვიწია საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ – GASF და Xtreme Off-Road Club Georgia. რბოლაში მონაწილეობას იღებდნენ ქალები და კაცებიც, 27-დან 77 წლამდე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო ალჟირელი ამინ ჰოსნი (Amine Hasnaoui), ყველაზე ხანდაზმული კი კანადელი გაი ბრეტონი (Guy Breton). ეკიპაჟები შედგებოდნენ კანადელი, ფრანგი, ბელგიელი, ალჟირელი, თურქი, ჩეხი, მონღოლი, რუსი და ქართველი მონაწილეებისგან. რა თქმა უნდა, უმრავლესობა ქალი იყო, რადგან რალის რეგლამენტის მიხედვით, თითო ეკიპაჟში უნდა ყოფილიყო მინიმუმ ერთი ქალი. 2019 წლის გამარჯვებული ქალთა კატეგორიაში იყო ეკიპაჟი ნომერი 33, რომლის შემადგენლობაში იყვნენ კანადელები ანი ლაპუანი (Annie Lapointe) და მანონ რობინსონი (Manon Robinson); ხოლო შერეულ კატეგორიაში ეკიპაჟი ნომერი 20, რომლის პილოტი იყო ცნობილი მონღოლი მბრბოლელი ქალი ბატ უნდრალ ბიამბასურენი (Bat Undral Byambasuren).

რალის ფარგლებში მონაწილეებმა შეძლეს მოენახულებინათ უამრავი ღირშესანიშნაობა საქართველოს ტერიტორიაზე. რადგან რბოლის წესები სიჩქარეს არ ითვალისწინებდა, მონაწილეები თავისუფლად ჩერდებოდნენ, ათვალიერებდნენ და იღებდნენ ფოტოებს. თბილისის ახალი რესპუბლიკის მოედნიდან სტარტის აღების შემდეგ გავიარეთ უდაბნო, დავით გარეჯი, ყვარელი, გვეძინა გრემში, შემდეგ თელავი, ჟინვალი, მცხეთა, დიდგორი, წალკა, ტაბაწყურის ნაკრძალი, სადაც კარვებით დავბანაკდით, შემდეგ გავიარეთ ვარძია, საირმის კურორტი, სადაც მაღალი კლასის სასტუმრო “საირმემ”, სპონსორობის ფარგლებში, გულუხვად გვიმასპინძლა, გზა გავაგრძელეთ ანაკლიის ქვიშის პლაჟის გავლით სვანეთისკენ, მესტიაში სასიამოვნო საღამო გავატარეთ არაჩვეულებრივ სასტუმრო ფოსტაში, დათოვლილმა მთებმა და უშგულმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე. უშგულიდან დავეშვით რაჭაში, მონაწილეებს კარვებში ეძინათ შაორზე, ბოლო დღეს კი, ხიხათას მთით გადავედით იმერეთში და დავბრუნდით თბილისში დასაფინიშებლად.

უცხოელი მონაწილეები დიდად აღფრთოვანდნენ არა მხოლოდ საქართველოს პეიზაჟებით, არამედ ქართული სტუმართმოყვარეობით და ქართული ღვინით. რალის პირველი ეტაპის ბოლოს, მონაწილეებს ეძინათ კახეთში, კერძოდ ჰოსტელ-ღვინის ქარხანა Gremi Hall-ში, სადაც შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ კახური ღვინოები. უცხოელ მონაწილეთა უმრავლესობა კვლავ აპირებს ჩვენს რალიში მონაწილეობას და არა მარტო, არამედ თავიანთ მეგობრებთან ერთად. წელს, ველით 60-ზე მეტ მონაწილეს სხვადასხვა ქვეყნიდან.

რაც შეეხება ქართველებს, 2019-ში განვიცდიდით ქართველ მონაწილეთა სიმცირეს. მხედველობაში გვაქვს, რომ არ იქნება ადვილი ქართველი ქალების ჩაბმა ჩვენს რალი რეიდში, მაგრამ ყველაფერს ვიღონებთ, რომ მივცეთ მათ მოტივაცია და წელს გავზარდოთ ქართველ ეკიპაჟთა რაოდენობა. აქვე დავძენ, რომ წელს, მხოლოდ ქართველებისთვის, ღონისძიებაში რეგისტრაცია უფასოა.

 

M: როგორც ვიცით, ამ რალით უცხოური მედიაც დაინტერესდა. ამ კუთხით რა შედეგებია? რამდენად გაიზარდა რალის პოპულარობა?

საზღვარგარეთ, ღონისძიება განსაკუთრებით აქტიურად გაშუქდა ფრანგულენოვან ქვეყნებში (კანადა, საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, …), ჟურნალებში, გაზეთებში, რადიოებსა და სოციალურ ქსელებში. რალის ესწრებოდნენ ფრანგი ჟურნალისტები, მათ შორის, ცნობილი რეპორტიორი პიერ დევო (Pierre Devaux), რომელმაც არაჩვეულებრივი რეპორტაჟი გამოაქვეყნა ჟურნალში 4×4 Mondial.

ასევე, გვახლდა ავტორბოლების ცნობილი ფოტოგრაფი, რომელიც ამჟამად დაკარის რალის ოფიციალური ფოტოგრაფია, ჩეხი ეროვნების პოლ რამბლერი (Paul Rambler). მარკეტერისთვის მიწოდებული ფოტოები სწორედ მას ეკუთვნის. გამარჯვებული კანადელი ეკიპაჟის წყალობით კი, რალის შესახებ ისაუბრეს მონრეალის და კვებეკის მედიაში. ამას გარდა, რალის ოფიციალურმა სპონსორმა euro4x4parts, თავის ვებგვერდზე გაავრცელა დეტალური ინფორმაცია რბოლის შესახებ.

ამ ყველაფერმა ძალიან შეუწყო ხელი რალის ცნობადობის გაზრდას საზღვარგარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რალი მხოლოდ რამდენიმე თვის დაარსებულია, უკვე საკმაოდ პოპულარულია ასეთი რეიდების მოყვარულთა შორის.

M: როგორ ფიქრობ, რა შეცვალა ამ რალის არსებობამ ამ დროისთვის საქართველოსთვის და აქ რბოლის მსურველთათვის?

არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ამიერ კავკასიისთვის, ეს არის უპრეცედენტო ღონისძიება და შეიძლება ითქვას, საქართველოს ავტოსპორტში ისტორიული მოვლენა. Cross-country რალი აქამდე ამიერკავკასიაში არ არსებობდა. თუმცა, საქართველოს ლანდშაფტი იდეალურია მსგავსი რბოლისთვის. ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, რომლის შემოვლაც შესაძლებელია უგზოობით და ჩვენთვის საბედნიეროდ, ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოს კანონები არ გვზღუდავენ, რომ რეგიონებში სასურველ ადგილებში ვიაროთ უგზოო ადგილებში.

ქართველებს, ვისაც ასეთი სტილის რბოლაში სურდა მონაწილეობის მიღება, აღარ დასჭირდებათ შორს წასვლა, აქვე შეუძლიათ გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები. ხოლო, ვინც არ იცოდა, თუ რას ნიშნავდა cross-country რალი, აწი გაეცნობიან და იმედი გვაქვს, უგზოობის ბევრ მოყვარულს გაუჩნდება ამ თავგადასავალში შემოერთების სურვილი.

M: რალის ერთ-ერთი უმთავრესი მისია ჰუმანიტარული იყო. ამ ნაწილზეც გვიამბეთ…

როგორც მოგეხსენებათ, ეკიპაჟებმა სარბოლო მანქანებით რეგიონებში წაიღეს დახმარება ქალებისა და ბავშვებისთვის (ტანისამოსი, ჰიგიენური საშუალებები, სათამაშოები, წიგნები, ა.შ.), რაც თვითონ შეაგროვეს რალის დაწყებამდე და უცხოელმა მონაწილეებმა თვითმფრინავით ჩამოიტანეს, საკუთარი ჩემოდნებით. დახმარება პირადად დაარიგეს საჩუქრად სხვადასხვა პატარა სოფელში, ამჯერად, მხოლოდ ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სვანეთში მოხერხდა. რამდენიმე მრავალშვილიანმა დედამ დიდი სიხარულით მიიღო საჩუქრები.

წელს, გვსურს, რალის ჰუმანიტარულ მხარეს უფრო მეტი დრო დავუთმოთ, ვითანამშრომლოთ ქალთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციასთან და წინასწარ შევუთანხმდეთ გარკვეული სოფლების გამგებლებს, რათა რალის მონაწილეებს შეხვედრა მოუწყონ და დახმარებების დარიგებას უფრო ოფიციალური სახე მიეცეს. ამასთან, გვესაჭიროება, რომ ქართულმა მაღაზიებმა და აფთიაქებმა მხარი დაუჭირონ რალის ჰუმანიტარულ აქციას და ამ მხრივ, ბარტერის სახით გაწიონ სპონორობა.

M: უახლოესი რალი როდის იგეგმება და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ წელს?

წლევანდელი რალი დაგეგმილია ოქტომბერში. ტექნიკური შემოწმება 10 ოქტომბერს, სტარტს კი, 11 ოქტომბერს თბილისში ახალი რესპუბლიკის მოედანზე ავიღებთ: რედისონ ბლუს პარკირგიდან, ფინიში 16 ოქტომბერს, დაჯილდოების ცერემონია და დახურვის ბანკეტი 17 ოქტომბერს.მარშრუტი შეიცვლება და გაუმჯობესდება ყოველ წელს, რათა ერთგული მონაწელეები ენთუზიაზმით ჩაეწერონ შემდეგი წლის რალისთვის. მაგალითად, 2020-ში კახეთის ეტაპი იქნება 2-დღიანი და დაგრძელდება ვაშლოვანის ნაკრძალამდე, ხოლო სვანეთის ნაცვლად, შემოივლიან გურიასა და აჭარას.

M: რა ცვლილებებია წესებსა და პირობებში?

რალის პრინციპი რჩება იგივე. ეკიპაჟში უნდა იყოს მინიმუმ ერთი ქალი. სიჩქარეს კვლავ არ ექნება მნიშვნელობა. რალის დღიური ეტაპები შედგება ორი სახის მონაკვეთებისგან: გზისმკვლევის მონაკვეთები, სადაც ეკიპაჟები გზისმკვლევის მითითებებს დაზუსტებით უნდა მიყვნენ საკონტროლო პუნქტის ასაღებად გარკვეულ დროში ჩატევით და სპეც-მონაკვეთები, სადაც ქაღალდის რუკის ან სასურველი ნავიგაციის სისტემის გამოყენებით, ეკიპაჟებმა უნდა იპოვონ საკონტროლო პუნქტები, რაც შეიძლება მოკლე დისტანციის გავლით პუნქტებს შორის, ძირითადად, უგზოდ.

M: ვის და როგორ შეუძლია მონაწილეობის მიღება წელს?

შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად, პილოტის სტატუსით დაიშვებიან ფიზიკური პირები, რომელთაც გააჩნიათ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მინიმუმ B კატეგორიის მართვის მოწმობა. შტურმანის სტატუსით მონაწილეობის მისაღებად, დაიშვებიან 16 წელზე მეტი ასაკის ფიზიკური პირები. თუ შტურმანს გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა, მას უფლება აქვს ჩაენაცვლოს პილოტს მანქანის საჭესთან.

ეკიპაჟთა უსაფრთხოებისთვის, ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე ითხოვს ორხიდიანი მანქანის უგზოობაზე მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნას: ციცაბო აღმართებზე და დაღმართებზე სიარული, ხიდების ჩართვა გამორთვა, დაბალი გადაცემის ჩართვა და გამოყენება, ცენტრალური დიფერენციალის გამოყენება, ძრავის ტემპერატურის კონტროლი, ა. შ. იმისათვის, რომ ეკიპაჟებმა იცოდნენ რას უფრთხილდნენ და მოცემულ რთულ სიტუაციაში, რა შეუძლია მოიმოქმედონ და რა – არა.

რეგისტრაციის გასავლელად საკმარისია დაინტერესებულმა პირმა შეავსოს რალის ვებ გვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა. მონაწილეთა რეგისტრაცია მთავრდება 11 ოქტომბერს.

M: რა ალტერნატივა არსებობს მათთვის, ვისაც რალიში მონაწილეობის სურვილი აქვს, თუმცა საჭიროებს ეკიპირებასა და ავტომობილს?

მონაწილეობისთვის აუცილებელია დამადაბლებელ გადაცემიანი ორხიდიანი ავტომობილი, უგზოობისთვის შესაბამისი საბურავებით. მონაწილეთა სავალდებულო აღჭურვილობა შემოიფარგლება შემდეგით: სმარტფონი, ნავიგაციის აპლიკაციით, უსაფრთხოების ჩაფხუტი და დამცავი სათვალე.

ავტომობილი და ეკიპირება შეიძლება იყოს, როგორც საკუთარი, ასევე ნაქირავები ან სპონსორის მიერ ნათხოვარი. სასურველია, მონაწილეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯები (საწვავი, კვება, ეკიპირება, ა.შ.) დაფარონ მოპოვებულმა სპონსორებმა. თავის მხრივ, მონაწილეებს შეუძლიათ სპონსორებს შესთავაზონ თავიანთ სარბოლო მანქანაზე რეკლამის განთავსება.

M: როგორაა შესაძლებელი რალისა და მისი მონაწილეების მხარდაჭერა მათთვის, ვისაც ამ პროექტის სპონსორობა სურს?

ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სურს საქართველოში ავტოსპორტის განვითარების, ქალ ავტომბრბოლელთა და ჰუმანიტარული მისიის ხელის შეწყობა, შეუძლია გახდეს ღონისძიების გენერალური სპონსორი, ან ერთ-ერთი ეკიპაჟის სპონსორი, რომელიც თვით კომპანიის სახელით იასპარეზებს. თავისთავად, ეს ფირმის ცნობადობის გაზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. სასპონსორო პაკეტების სრული დოსიეს ჩამოტვირთვა შეიძლება რალის ვებგვერდიდან.

2019ში ღონისძიების მთავარი გენერალური სპონსორები იყვნენ : Lenovo Georgia, Sairme Hotels & Resorts, GeoLand და euro4x4parts.com.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა