ქალთა საერთაშორისო რალი რეიდი Rally Adventure Georgia, ანუ „სათავგადასავლო რალი
საქართველო“ დასრულდა. ღონისძიებამ სტარტი 11 ოქტომბერს, თბილისის Radisson Blu Iveria-დან აიღო, ფინიში კი ბათუმში, Radisson Blu-სთან ჰქონდა. მონაწილეებმა, 6 დღის განმავლობაში, თითქმის, 1 500 კილომეტრი გაიარეს.
„სათავგადასავლო რალი საქართველოს” მიზანია, უგზო ავტორბოლაზე ახალი ხედვა შექმნას.
„რბოლა უგზოობაზე, მართვის სიამოვნებისთვის, სიჩქარის და წამზომის გარეშე, ქაღალდის რუკებისა და ნავიგაციის სისტემის გამოყენებით. მონაწილე ეკიპაჟებს უნდა ეპოვათ საკონტროლო პუნქტები, რაც შეიძლება მცირე დისტანციის გავლით.
ღონისძიებას წელსაც ჰქონდა ჰუმანიტარული მისია, მონაწილეებმა წინასწარ შეგროვილი დახმარებები (ტანისამოსი, ჰიგიენურ საშუალებები, ფულადი დახმარება) 14 ოქტომბერს მანგლისში, 16 ოქტომბერს კი სხალთაში შემწეობამოკლებულ მრავალშვილიან ოჯახებს დაურიგეს“.
მონაწილე ეკიპაჟებს გზად ღამის გასათევად უმასპინძლეს: ვაშლოვანის ეროვნულმა პარკმა, სასტუმრომ Park Hotel Tsinandali, დაბა მანგლისის მუნიციპალიტეტმა, კურორტ საირმეს სასტუმრომ Sairme Hotels & Resorts,ხულო-სხალთის მუნიციპალიტეტმა და ბოლო ორი ღამის განმავლობაში – სასტუმრომ Radisson Blu ბათუმი.
პანდემიისა და ბევრ ქვეყანასთან დაკეტილი საზღვრების გამო, წელს, ღონისძიებას მხოლოდ 30 მონაწილე ჰყავდა, ანუ სულ 15 ეკიპაჟი ასპარეზობდა. აქედან, 5 ქართული ეკიპაჟი იყო.
„რა თქმა უნდა, უმრავლესობა ქალი იყო, რადგან რალის რეგლამენტის მიხედვით, თითო ეკიპაჟში უნდა ყოფილიყო, მინიმუმ, ერთი ქალი. 2020 წლის გამარჯვებული ქალთა კატეგორიაში იყო ეკიპაჟი ნომერი #52, ავტომობილით SUZUKI VITARA, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: მაია გოშაძე და მარიამ ნანობაშვილი; შერეულ კატეგორიაში კი ეკიპაჟი #28, ავტომობილით TOYOTA FJ CRUIZER, მის შემადგენლობაში იყვნენ: მარიამ აბულაძე და ლევან ამაღლობელი“.
ყველა ეკიპაჟის დაწვრილებითი შედეგები გამოქვეყნებულია რალის ოფიციალურ ვებგვერდზე.
„ღონისძიება, საერთო ჯამში, წარმატებით ჩატარდა. მოხარულები ვართ, რომ არსებული ვითარების მიუხედავად, ღირსეულად გავუმკლავდით რიგით მეორე რალი რეიდს და ინციდენტების გარეშე შემოვატარეთ საქართველო, მონაწილე ეკიპაჟებს. ღონისძიების ორგანიზებაში დიდი მხარდაჭერა გაგვიწია Xtreme Off-Road Club Georgia-ს ხელმძღვანელმა იოანე ყიფშიძემ, რალის საკონტროლო პუნქტების დასმაზე, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ და საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ღონისძიების გენერალურ სპონსორს Tsikolia Watches და სპონსორებს: Sairme Hotels & Resorts, Ninellie, GeoLand, Garminator, euro4x4parts.com. ასევე – Silk Road Group-ის სასტუმროებს, მასპინძლობისთვის“.