Rally Adventure Georgia არის მაშტაბური საავტომობოლო შეჯიბრი უგზოობაზე, რომელიც საქართველოში ტარდება. ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიება Rally Adventure Georgia-ს მეხუთე სეზონი ჩატარდა. ღონისძიების უცვლელი მედია პარტნიორია marketer.ge.
რალის პრინციპი წელსაც უცვლელი იყო, GeoLand-ის ქაღალდის რუქების და სასურველი ნავიგაციის სისტემის გამოყენებით მონაწილეებს უნდა ეპოვათ საკონტროლო პუნქტები რაც შეიძლება ნაკლები დისტანციის გავლით და სიჩქარის გარეშე განსაზღვრულ დროში მოსულიყვნენ დღიური ეტაპების ფინიშზე.
წლევანდელ რალიში ასპარეზობდა 44 მონაწილე ( 22 ეკიპაჟი) 10 ქვეყნიდან, მათ შორის: კანადა, საფრანგეთი, შვეიცარია, ინგლისი, ჰოლანდია. 2019 წლიდან მოყოლებული, შეჯიბრებაზე იასპარეზა 190-მა მონაწილემ. რალის ფარგლებში დახმარებები დაურიგდა 100-ზე მეტ შემწეობამოკლებულ ოჯახს საქართველოს სხვადასხვა სოფელში (მესტია, მანგლისი, ხულო, სხალთა, ახალციხე, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, დარყა, ერგეტა, ა.შ.).
„ღონისძიებას, საერთო ჯამში, წელსაც წარმატებულად ვაფასებთ. მეორე და მესამე დღეს, წვიმის გამო გზის გაუარესების მიუხედავად, ორგანიზატორები კმაყოფილები ვართ, რომ ღირსეულად გავუმკლავდით ამ რიგით მეხუთე საკმაოდ რთულ რალი რეიდს და სერიოზური ინციდენტების გარეშე შემოვატარეთ საქართველო მონაწილე ეკიპაჟებს,“ – ამბობს Rally Adventure Georgia დამფუძნებელი ვერა მურღულია.
რბოლის დაწყებამდე, Silk Hospitality-ის ინიციატივით, მონაწილეებისთვის ჩატარდა უგზოობაზე მართვის ერთ დღიანი ტრეინინგი თბილისში, შემდგომ კი ნავიგაციის გაკვეთილი, ეკიპაჟების ადმინისტრაციული შემოწმება, მონაწილე მანქანების ტექნიკური შემოწმება და წინა სასტარტე ბრიფინგი.
როგორ მიმდინარეობდა ჩამპიონატი
ტრადიციისამებრ, რალიმ სტარტი აიღო Radisson Blu Iveria თბილისიდან და წელსაც მოიარა დაახლოებით 1600 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე ერთი კვირის განმავლობაში. ეკიპაჟების უსაფრთხოებისთვის, სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, რბოლისას მიმდინარეობდა ეკიპაჟების მუდვივი გეოლოკალიზაცია და მათი გადაადგილების თვალყურის დევნება რეალურ დროში.
მონაწილეებს ყოველ მეორე ღამეს ეძინათ კარვებში, დანარჩენ ღამეებს კი უმასპინძლეს ისტორიულმა სასტუმრო Sairme-მ, რომელიც უკვე მეხუთე წელია მასპინძლობს სათავგადასავლო რალის და სადაც რალის მონაწილეებმა შეძლეს ესიამოვნათ საირმის არაჩვეულებრივი სპა ცენტრის პროცედურებით. რალის ეკიპაჟებს გზად ასევე უმასპინძლა შავი ზღვის პირას მდებარე სასტომრო Palm Beach-მა ანაკლიაში. რბოლის ოფიციალური ფინიში და დაჯილდოების ცერემონია კი ყაზბეგის Rooms Hotel-ში გაიმართა.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
შერეულ კატეგორიაში, პირველი ადგილი #79 ქართველმა ეკიპაჟმა მოიპოვა, ოთარი გაბუნიას და გვანცა ბოჭორიშვილის მონაწილეობით, მეორე ადგილი #27 ჩეხ ეკიპაჟს ერგო, Lucie Vlachova-ს და Lukas Vlach-ის შემადგენლობით, მესამე ადგილზე კი #19 ქართველი ეკიპაჟი გავიდა – ლევან ენუქიძე და თაკო გერგაული.
ქალთა კატეგორიაში პირველი ადგილი #65 ფრანგ-ინგლისელმა ეკიპაჟმა მოიპოვა, რომლის შემადგენლობაში ინგლისელი Jeanette James და ფრანგი Hélène Felix იყვნენ, მეორე ადგილი #52 ქართველმა ეკიპაჟმა დაიმსახურა – მაია გოშაძე და მარიამ ხოსიტაშვილი [ https://www.marketer.ge/rally-adventure-georgia-tegeta-motors/ ], მესამე ადგილზეც კანადელი ეკიპაჟი #30 გავიდა – Elaine Frenette და Marie-Claude Leduc.
მონაწილეების მიერ ხმის მიცემის საფუძველზე, გამოვლინდნენ და დასაჩუქრდნენ ყველაზე მეგობრული ეკიპაჟი, ყველაზე მხიარული ეკიპაჟი და ყველაზე ელეგანტური ეკიპაჟი, რათა ორგანიზატორებს შეეხსენებინათ მონაწილეებისთვის, რომ სათავგადასავლო რალში მხოლოდ სპორტული შეჯიბრით არ შემოიფარგლება.
გამარჯვებული ეკიპაჟები დააჯილდოვეს რალის სპონსორმა TSIKOLIA-მ და სხვა სპონსორებმა, როგორიცაა Ninellie Atelier, Aversi Pharma, Hunters Are Us, ა.შ.
გასული წლების მსგავსად, ღონისძიებას წელსაც ჰქონდა ჰუმანიტარული მისია. Emmaus Georgia-ს, ავერსი ფარმას და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელშეწყობით, წლევანდელი რალის მონაწილეებმა საჩუქრებით გაახარეს 2 ოქტომბერს სამაჩაბლოს საზღვართან მდებარე სოფელ დარყის დაწყებითი კლასების სკოლის ყველა მოსწავლე და 3 ოქტომბერს აფხაზეთის საზღვართან მდებარე სოფელ ერგეტას მცხოვრები სოციალურად დაუცველი 50 ოჯახი. მათ დაურიგდათ დიდი რაოდენობის პირველადი მოთხოვნილების ნივთები, ტანისამოსი, ჰიგიენური საშუალებები, თავის მოვლის საშუალებები, წამლები, სათამაშოები, წიგნები, სასკოლო ინვენტარი, ა.შ.
სამომავლო გეგმები
მომავალი წლიდან, Rally Adventure Georgia-ს რეგლამენტში იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება, ქალთა და შერეული ეკიპაჟების კატეგორიებთან დამატებით, მოთხოვნის შესაბამისად ამიერიდან იქნება ასევე კაცთა კატეგორია. რა თქმა უნდა, გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამივე კატეგორიაში ცალ-ცალკე.
2024 წლის რალი გაიმართება 5-დან 12 ოქტომბრამდე, ეკიპაჟთა რეგისტრაცია კი დაიწება 2023 წლის 1 ნოემბრიდან. მონაწილეობის სახელმძღვანელოს და სარეგისტრაციო ბლანკის ჩამოტვირთვა შესაძლებელია რალის ვებგვერდიდან: www.rally-adventure.com
საქართველოს მოქალაქეებისთვის მონაწილეობის საფასური ისევ სამჯერ ნაკლები იქნება, ვიდრე უცხოელი მონაწილეებისთვის. დეტალებისთვის და ეკიპაჟის სპონსორების მოპოვობის სახელმძღვანელოსთვის, დაუკავშირდეთ ღონისძიების ორგანიზაციას [email protected].