12
Aug
2019

საქართველო ქალთა პირველი სათავგადასავლო რალისთვის ემზადება!

12 Aug 2019

ქალთა პირველი სათავგადასავლო რალი სტარტის ასაღებად ემზადება! ავტორბოლის მონაწილეებს რამდენიმედღიანი თავგადასავალი ელით უგზოო რბოლაში, საქართველოს გარშემო. საავტომობილო მოგზაურობის მოყვარულებისთვის ნაცნობია განცდა, როდესაც “რალისა” და “თავგადასავლების” გაგონებაზე სისხლი გვიდუღდება და ძრავის მძლავრი ხმა ჩაგვესმის ყურში. სწორედ ამიტომ, რალი, რომელზეც ამ სტატიაში გვექნება საუბარი, გულისხმობს რბოლას მხოლოდ მართვის სიამოვნებისთვის, სიჩქარისა და წამზომის გარეშე, როდესაც დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად მთავარი კრიტერიუმი უმოკლესი გზით მისვლაა. ამჯერად, ღონისძიების მთავარი გმირები ქალები არიან. ეკიპაჟის წევრები იქნებიან როგორც ადგილობრივები, ისე ავტომოყვარულები სხვა ქვეყნებიდან. ეს იქნება უგზოო ავტორბოლა, რომლის მონაწილეები, საქართველოს გარშემო, 1800 კილომეტრს 6 დღეში დაფარავენ. ეკიპაჟის წევრებს ექნებათ სპეციალური მისია და მთის რეგიონების მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას დაურიგებენ.

Rally Adventure Georgia დაარსებულია უგზოობაზე მართვის მოყვარული ქალის მიერ, ძირითადად ქალებისთვის. რალში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, რომ მის შემადგენლობაში იყვნენ ქალები ან პილოტი იყოს ქალი, ხოლო შტურმანი – მამაკაცი. რბოლაში, მაქსიმუმ, 80 ეკიპაჟი შეძლებს მონაწილეობას. 13-დან 19 ოქტომბრამდე, მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოივლიან. რალი შედგება 4 განსხვავებული სირთულის და განსხვავებული რელიეფის ეტაპისგან, აქედან ორი ერთდღიანი და ორი ორდღიანი ეტაპი.

ვერა მურღულია

“ეს იდეა რამოდენიმე წელია გვქონდა მე და ჩემს ძმას, გიგა მურღულიას, რომელსაც უგზოობაზე მართვის დიდი გამოცდილება აქვს და არაერთ ავტორბოლაში მიუღია მონაწილეობა. ნაბიჯის გადადგმის და რალის საბოლოოდ დაარსების მოტივატორი გახდა ჩემი მონაწილეობა ამა წლის მაროკოს Rallye Aïcha des Gazelles-ში,” – გვიყვება რალის თანაორგანიზატორი და პროფესიონალი ავტომრბოლელი ვერა მურღულია.

M: ქალთა რალი რამდენად მოთხოვნადია საქართველოში და რას მოიტანს, მაგალითად, ტურისტულ ან საავტომობილო სფეროებში?

ღონისძიების მიზანია, დაამსხვრიოს სტერეოტიპი და საზოგადოებას აჩვენოს, რომ უგზოობაზე მართვა ქალების გატაცებაც შეიძლება იყოს და რომ მათ არანაკლებ შეუძლიათ გაუმკლავდნენ უგზოობაზე მართვის სირთულეებს.

ასევე, გვსურს შევქმნათ უგზოო ავტორბოლაზე ახალი ხედვა: რალის პრინციპია მართვა მხოლოდ სიამოვნებისთვის, სიჩქარის და წამზომის გარეშე, ქაღალდის რუქების და ნავიგაციის სისტემის გამოყენებით მონაწილეებმა უნდა იპოვონ საკონტროლო პუნქტები რაც შეიძლება ნაკლები დისტანციის გავლით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნაკლები დისტანციის გავლა გილისხმობს უფრო რთული მონაკვეთების დაძლევას, ნაკლები სიჩქარით და ნაკლები CO2ის გამოყოფით, ვიდრე სტანდარტულ ავტორბოლებში.

ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას საზღვარგარეთ და დაეხმარება ტურიზმის განვითარებას. მონაწილეთა უმრავლესობა სხვადასხვა ქვეყნიდანაა. უკვე დარეგისტრირებულ მონაწილეთა სიაში არიან კანადელი, ფრანგი, ბელგიელი, გერმანელი და იტალიელი ეკიპაჟები. რალის ფარგლებში, მონაწილეები 6 დღის განმავლობაში გაივლიან და დაათვალიერებენ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს.

ღონისძიებას აქვს ჰუმანიტარული მისიაც, ეკიპაჟები ავტომობილებით წაიღებენ და მთის სოფლებში დაურიგებენ ჰუმანიტარულ დახმარებას ბავშვებს და დედებს.

M: ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს?

ეკიპაჟი უნდა შედგებოდეს 2 პირისგან: პილოტი და ნავიგატორი; ორივე ქალი, ან პილოტი ქალი და ნავიგატორი მამაკაცი. პილოტის სტატუსით დაიშვებიან ქალები ნებისმიერი ქვეყნიდან, რომელთაც გააჩნიათ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა.

M: კიდევ ვინ არის ჩართული ორგანიზებაში?

Rally Adventure Georgia-ს სპორტულ მხარეს უზრუნველყოფს ღონისძიების პარტნიორი Xtreme Off-Road Club Georgia, მონაწილეთა ლოჯისტიკას – საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია WAF Georgia, ხოლო მონაწილეთა რეგისტრაციას Association V.E.R.A საფრანგეთში. რბოლას საერთაშორისო ჩემპიონატის ლიცენზიას ანიჭებს და მხარდაჭერას უწევს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია GASF.

M: ვის და როგორ შეუძლია რალის მხარდაჭერა და სპონსორობა?

რალის მხარდაჭერა და სპონსორობა შეუძლია ყველა იმ კომპანიას, რომელსაც სურს იყოს ამ ინოვაციური და არნახული სპორტული ღონისძიების პარტნიორი, საკუთარი ბრენდის ასოცირება მოახდინოს დინამიურ კონცეფციასთან და გამოიყენოს რალი როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორის დონეზე მარკეტინგის ინსტრუმენტად.
ღონისძიების ოფიციალურ სპონსორთა რაოდენობა შეზღუდულია. რალის ოფიციალური სპონსორები უკვე არიან : Euro4x4Parts და Lenovo Georgia.
სასპონსორო პაკეტების შეთავაზების ჩამოტვირთვა შეიძლება ღონისძიების საიტიდან : www.rallyadventuregeorgia.com

M: რას ურჩევდი რალიში მონაწილეობის მსურველებს?

მონაწილეობისთვის მთავარია ავანტიურული სული, მონდომება, შემართება, სპონსორი და კარგი საბურავები. ქართველი ეკიპაჟებისთვის გვაქვს სპეციალური შემოთავაზება, მათთვის მონაწილეობა ძალიან შეღავათიან ფასშია.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა