1986 წელს, როცა ალფრედო პარედესი Ralp Lauren-მა დაიქირავა, იგი სულ რაღაც 23 წლის იყო და სწორედ მან შეიმუშავა Madison Avenue-ის მაღაზიის პირველი ორი სართულის ვიზუალი. ამ ამბიდან თითქმის 40 წელი გავიდა და დღეს პარედესის სახელს ასობით ამერიკული სახლის დიზაინის შექმნა უკავშირდება:
„პროცესში შევამჩნიე, თუ როგორ ვიყენებ სთორითელინგს ობიექტებისა და ვინტაჟური ნივთების საშუალებით, იქნება ეს გაცვეთილი ტყავის სკამი, ტექსტილი თუ ხელით შექმნილი კერამიკული ნივთი. ყოველი სივრცე, რომელსაც ვქმნი, სავსეა ობიექტებით, რომელთაც ისტორია აქვს, პერსონალიზმს ასახავს და მიგვანიშნებს, რომ ცხოვრობს. მიყვარს წარსულში ჩახედვა ინსპირაციისთვის, მაგრამ ჩემი სივრცეები არასდროს ჰგავს დროში გაყინულს, პირიქით, ვითარდება და ადაპტირდება“.
აქედან გამომდინარე, პარედესი 10 საკითხზე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას, რომლითაც შეგვიძლია, სივრცე ნამდვილ სახლად ვაქციოთ:
1. გაითვალისწინეთ ლოკაცია
ლოკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს და, თუ პარედესს დავუჯერებთ, სახლი მის ირგვლივ არსებულ სივრცეს უნდა ესადაგებოდეს, ისეთი დიზაინის ელემენტებისგან შედგებოდეს, რომლებიც კონკრეტულ ლოკაციაზეც გვხვდება.

2. შეიტანეთ პერსონალური ობიექტები ინტერიერში
პარედესის იდეალური დიზაინის საიდუმლო კონკრეტული სივრცის მაცხოვრებელთა ისტორიაში ჩახედვაა — „სახლი იმ ადამიანების ამბავს უნდა ჰყვებოდეს, რომლებიც მასში ცხოვრობენ, იქნება ეს წიგნები, ხელოვნება თუ ვინტაჟური კოლექცია, ბევრი რამ არსებობს, რაც სივრცეს თქვენთვის უნიკალურს ხდის“.
3. უპირატესობა მიანიჭეთ განათებას
პარედესის მიხედვით, სინათლე სახლის განწყობას სრულიად ცვლის. სხვადასხვა ტიპის განათების ნაზავი სივრცეს მეტად მიმზიდველ და ინტიმურ ატმოსფეროს სძენს, იქნება ეს ტორშერები, ჭერის ნათება თუ სხვა.

4. შეიტანეთ ძველი მასალები
სახლს სულს ძველი მასალები შთაბერავს: გაცვეთილი ტყავი, ხე თუ ხელით ნაქსოვი გადასაფარებლები ისტორიას ატარებს და სითბო შემოაქვს ინტერიერში.
5. შექმენით ძველისა და ახლის ნაზავი
უნდა ეცადოთ, დაიცვათ ბალანსი ძველსა და ახალს შორის, ვინტაჟურ ნაწილებს ისე შეუსაბამოთ თანამედროვე აქცენტები, რომ მოულოდნელობის ეფექტიც მოახდინოთ.

6. შეარჩიეთ კომფორტული სავარძელი
ჩათვალეთ, რომ სახლში კარგი სავარძელი ან დივანი მოსაწვევი ბარათის როლს ასრულებს, კომფორტზე მიგვანიშნებს და თუ სივრცე კომფორტული არ არის, იქ დროის გატარება არც არავის მოუნდება.
7. ფრთხილად შეარჩიეთ ტექსტურები
ოთახის ესთეტიკა რომ წარმოაჩინოთ და მრავალფეროვანი გარემოც ასახოთ, ბევრნაირი ტექსტურის გამოყენება დაგჭირდებათ. ისეთი მასალების ნაზავი, როგორებიცაა შალი, თეთრეული, რატანი ან ხე ნებისმიერ სივრცეს შემატებს სიღრმეს. ხოლო ბალიშების, ხალიჩებისა და ავეჯის მეშვეობით მრავალფეროვანი ტექსტურის შეტანა ინტერიერში კონტრასტსა და ბალანსს შემოგთავაზებთ, რითაც დინამიკურ სივრცეს შექმნის.

8. შექმენით შეკრების ადგილი
არ აქვს მნიშვნელობა, ეს სასადილო მაგიდა იქნება თუ სამზარეულოს კუნძული, ყველა სახლს უნდა ჰქონდეს ისეთი ადგილი, რომელიც ადამიანებს გააერთიანებს. სწორედ აქ იბადება საუკეთესო მოგონებები. მსგავსი ატმოსფეროს შექმნაში კარგი სავარძლები, ყავის მაგიდა ან ბუხარი დაგეხმარებათ, საუბრების წამოწყებისკენაც გიბიძგებთ და მეგობრების შეძენასაც გაგიმარტივებთ.

9. არ დაგავიწყდეთ სურნელი
ფოტოებში კი არ ჩანს, მაგრამ ინტერიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სახლის სუნია — „ყვავილების, ხისა თუ სანთლის სუნი ამ სივრცესთან ემოციურ კავშირს ქმნის, მაგალითად მე Ancient Agrigento Olive Tree-ს სანთელს ვიყენებ და იგი ჩემი სახლის სუნად იქცა“.
10. შეიტანეთ მუსიკა ინტერიერში
ფინალური ელემენტი კი კონკრეტული სივრცის სახლად გარდაქმნისთვის მუსიკა გახლავთ. ფლეილისტი სრულიად ცვლის ატმოსფეროს, იქნება ეს ვინილის ჩანაწერები თუ სხვა.












