Ralph Lauren უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მოდის ბრენდი. ის წარმოადგენს ამერიკული სტილის, დახვეწილობისა და ფუფუნების სიმბოლოს. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ დიზაინერის მოგზაურობას ადრეული წლებიდან მის მიერ შექმნილ გლობალურ მოდის იმპერიამდე.
ადრეული ცხოვრება და შთაგონებები
რალფ რუბენ ლიფშიცი, მომავალში რალფ ლორენი, 1939 წლის 14 ოქტომბერს ბრონქსში, ნიუ-იორკში დაიბადა. გაიზარდა მუშათა კლასის ებრაულ ოჯახში. გამომდინარე იქიდან, რომ ფუფუნებაში არ უცხოვრია, ყოველთვის მადლიერი იყო ყველაფრის, რაც ჰქონდა. მამა მხატვარი იყო, დედა დიასახლისი.
რალფს პატარა ასაკიდანვე იზიდავდა მოდა და დიზაინი, მაგრამ ეს არ იყო მისწრაფება მაღალ საზოგადოებაში შესვლისკენ, არამედ მას შთააგონებდა სურვილი, შეექმნა ისეთი რამ, რაც რეზონანსული იქნებოდა იმდროინდელი ამერიკისთვის.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში რალფი Baruch-ის კოლეჯში სწავლობდა, თუმცა ბოლომდე არ დაასრულა ის, რადგან წავიდა მოდის ინდუსტრიაში კარიერის გასაკეთებლად. პარალელურად, შემოსავლის საშოვნელად იგი სად აღარ მუშაობდა, მათ შორის გამყიდველადაც.
Polo Ralph Lauren
1967 წელს დაიწყო რალფ ლორენისეული ხედვის ჩამოყალიბება, რომლის პირველი შთამბეჭდავი კოლექციაც Polo-ს სახელით გამოვიდა. იმდროინდელი ტრადიციული ჰალსტუხებისგან განსხვავებით, რომლებიც ვიწრო და კონსერვატიული იყო, ლორენის ჰალსტუხი გამოირჩეოდა თამამი ნიმუშებითა და ფერებით, შთაგონებული ძველი სკოლის არისტოკრატების სტილითა და ევროპული დიზაინით, რომელიც მყისიერად იქცა მოთხოვნად და პოპულარულ პროდუქტად მამაკაცებისთვის.
1968 წელს Ralph Lauren-მა კაცი ტანსაცმლის სრული ხაზი გამოუშვა, რომლის კონცეფციაც აერთიანებდა კლასიკურ ამერიკულ ელეგანტურობასა და ევროპულ ფუფუნებას. ეს კოლექცია არ იყო მხოლოდ სამოსი, ის წარმოადგენდა ცხოვრების წესს. რალფ ლორენს სურდა, რომ მის მომხმარებლებს თავი ისე ეგრძნოთ, თითქოს ისინი არა მხოლოდ ტანსაცმელს ატარებდნენ, არამედ კონკრეტული კულტურისა და აზროვნების ნაწილი იყვნენ.

ქალთა ტანსაცმლის ხაზი
1971 წელს რალფ ლორენმა გააფართოვა თავისი ბრენდი ქალის ტანსაცმლით. Polo Ralph Lauren-ის ქალთა კოლექცია, თავისი ელეგანტური და მარადიული ქსოვილით, ბრენდულობის, არისტოკრატიულობისა და ესთეტიკის სინონიმად იქცა. ამ გაფართოებამ ხელი შეუწყო ბრენდის, როგორც მოდის სამყაროში მთავარი მოთამაშის სტატუსს.
1970-იან წლებში კიდევ ერთი სიახლე მოხდა და ნიუ-იორკში, მედისონის გამზირზე Lauren-ის ფლაგმანი მაღაზია გაიხსნა.
1980-იან და 1990-იან წლებში ბრენდი ისევ გაფართოვდა და გამოუშვა მრავალი ხაზი: Ralph Lauren Purple Label, Lauren by Ralph Lauren, Ralph Lauren Home, რომელშიც წარმოდგენილი იყო სახლის ავეჯი. ამ ახალმა წამოწყებებმა ლორენს საშუალება მისცა, კიდევ უფრო დიდი აუდიტორია მოეცვა.
საკულტო ბრენდის კომპონენტები
Ralph Lauren-ის წარმატების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო მისი უნარი, შეექმნა ცნობადი და გამორჩეული ბრენდის იდენტობა. პოლოს ლოგო, რომელშიც გამოსახულია ცხენზე ამხედრებული პოლოს მოთამაშე, გახდა ბრენდის მარადიული დახვეწილობისა და უმაღლესი კლასის ცხოვრების სტილის სიმბოლო. გარდა ამისა, ლორენის ერთგულებამ ამერიკული ოცნებისადმი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბრენდის ეთოსში. მისი ტანსაცმლის კოლექციები ხშირად იღებდა შთაგონებას Americana-დან, კლასიკური ამერიკული სპორტული ტანსაცმლის, დასავლური სტილიდან და Ivy League-ის მოდიდან. რალფ ლორენი პოზიციონირებდა როგორც გემოვნებისა და გამორჩეულობის გლობალური შემოქმედი.

გლობალური იმპერია
1990-იან და 2000-იან წლებში Ralph Lauren მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი თავისი მაღაზიებითა და ბუტიკებით. მან გააფართოვა პროდუქცია სუნამოებით, სათვალეებითა და საათებით.
ამასთან, ბრენდი ხშირად ჩნდებოდა ჰოლივუდის ფილმებში, მაგალითად, The Great Gatsby (1974), Friends და სხვა, რაც ეხმარებოდა ბრენდის სტატუსის ამაღლებას და მის ასოციაციას ფუფუნებასთან და მარადიულ ელეგანტურობასთან.
რალფ ლორენის მოგზაურობა ოცნების მქონე ახალგაზრდა კაციდან მსოფლიო მოდის მაგნატამდე არის ინოვაციის, შეუპოვრობისა და ბრწყინვალების ისტორია. მისი მემკვიდრეობა კვლავ შთააგონებს დიზაინერებს, მოდის მოყვარულებსა და მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.












