მსოფლიოში წამყვანი არტ გალერეა Saatchi Art-ის 2025 წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის თანამედროვე ქართველი მხატვრის რამაზ რაზმაძის „ტოსკანა“ მოხვდა!
„ქართველი მხატვრებისთვის საკმაოდ რთულია დასავლურ არტ ბაზარზე აღიარების მოპოვება და კურატორების ყურადღების მიპყრობა იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიმყოფებით ევროპული ხელოვნების ეპიცენტრში და, როგორც წესი, უფრო კონსერვატიული შემოქმედება გვაქვს. ამის ფონზე კი ასეთი მიღწევები — Saatchi-ის გლობალურ პლატფორმაზე წლის საუკეთესო ნამუშევრებში მოხვედრა — კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, – გვიყვება რამაზ რაზმაძე, თანამედროვე ქართველი მხატვარი.
Saatchi Art-ის 2025 წლის საუკეთესო 100 ნამუშევარი ამერიკელმა კურატორმა რებეკა უილსონმა შემოგვთავაზა და, როგორც ჩანს, ისიც ისევე მოხიბლა ქართველი მხატვრის ხედვამ, როგორც სხვა დამთვალიერებელი. ერთი და იმავე ნახატი უამრავ ფიქრს აღძრავს გონებაში, ზოგისთვის საშიშია, ზოგისთვის ამაღელვებელი, ზოგისთვის კი სულაც სასაცილო… ასეა თუ ისე, მისი სამხატვრო ტექნიკა არარეალური კომპოზიციების, პერსონაჟებისა და სიტუაციების საიდუმლოებებით მოცულ სამყაროს ასახავს თუმცა იმგვარად, რომ რეალურს ემსგავსებოდეს.

მხატვრის შთაგონება ქართული კულტურა და ურბანული განვითარებაა ისევე, როგორც ძველი ბერძნული და რომაული ისტორია თუ ხელოვნება. ამ მხრივ კი გამონაკლისი არც Saatchi Art-ის მიერ შერჩეული ნამუშევარი ყოფილა:
„„ტოსკანას“ რომ ვაკეთებდი ახალი ექსპერიმენტალური ტექნიკა გამოვიყენე, რომელმაც გაამართლა და ნამუშევრების ახალი სერიის დასაწყისი გახდა. ტოსკანა ჰგავს კახეთს ბუნებით და არქიტექტურით, ამიტომ, სწორი ტონალობისა და კომპოზიციის შერჩევა არ გამჭირვებია. შთაგონების წყარო ყოველთვის ბუნებაა, რომელიც მინდა, რომ ჩემი განსხვავებული მანერით გავუზიარო მაყურებელს — ჩემი ნამუშევრები არ ეფუძნება გარე რეალობას, ისინი მხოლოდ ჩემი ფანტაზიის პროდუქტია, ჩემი შინაგანი სამყაროს ვიზუალური გამოხატულებაა. მე არ ვხატავ იმას, რასაც ვხედავ, და ყოველთვის მიხარია, როცა მაყურებელს რეალობის ჩემი ვერსია მოსწონს“.
სწორედ ასე ყალიბდება მხატვრის უნიკალური ხელწერა, რომელიც დღეს მას ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თანამედროვე მხატვრად აქცევს…
შეგახსენებთ, რომ თანამედროვე ქართველი მხატვარი რამაზ რაზმაძე არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენების ავტორია, როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში, ლატვიაში, ნიდერლანდებში, კანადაში, შვეიცარიასა და აშშ-ში. ამგვარად, მისი ნამუშევრები ათობით ქვეყანაში კერძო კოლექციებშიც გვხვდება.
ქვემოთ კი იმ ნამუშევრების სერიის ნაწილს გაგიზიარებთ, რომელთა სათავეც „ტოსკანა“ გახლდათ:


ავტორი: მაკუნა ჯუღელი











