in

თუ 21 დღე მითია, რამდენი დრო სჭირდება ჩვევის ჩამოყალიბებას?

ახალი ჩვევის ჩამოყალიბება თუ გიცდიათ, იქნება ეს ვარჯიში, ჯანსაღად კვება თუ ადრე დაძინება, პოპულარული ფრაზაც გეცნობათ, რომ ამისთვის მხოლოდ 21 დღეა საჭირო. უნდა ვაღიაროთ, მშვენივრად ჟღერს, არც ძალიან დიდი ვადაა, მამოტივირებელი და იმედისმომცემია, თუ ერთ რაიმეს არ ჩავთვლით — ეს მითია. 

M2
M2

1960-იან წლებში პლასტიკური ქირურგი მაქსველ მალცისგან მოდის, რომლის დაკვირვებით პაციენტებს ფიზიკურ ცვლილებებთან შესაგუებლად მხოლოდ 3 კვირა სჭირდებოდათ. შემდეგ ეს იდეა აიტაცეს და ყველასთვის მისაღებ სიბრძნედ აქციეს. მიუხედავად ამისა, მეცნიერები სულ სხვა რაიმეს ამბობენ და გვეუბნებიან, რომ ჩვევის ჩამოყალიბება მეტად კომპლექსური საკითხია. 

მთავარი კითხვა აქ შემდეგია — რამდენი დრო სჭირდება რეალურად ახალი ჩვევის ჩამოყალიბებას? ამ კითხვაზე პასუხი რამდენიმე კვლევით უნდა გაგცეთ. მეცნიერებმა ისეთი მარტივი ჩვევები გამოცადეს როგორებიცაა, წყლის დალევა დილით ან ხილის ჭამა დღის მანძილზე, შედეგად, ამ ქცევის ავტომატურ რეჟიმში გადასვლას 66 დღე დასჭირდა. 

ახლახან გაანალიზებული რამდენიმე კვლევის საფუძველზე კი მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული ჩვევების ჩამოსაყალიბებლად 2-დან 5 თვემდე დასჭირდათ. უფრო ზუსტად, ავტომატურ რეჟიმში გადასვლას სადღაც 59-დან 154 დღემდე. თუმცა, ზოგიერთმა ადამიანმა ჩვევა 4 დღეში ჩამოიყალიბა, ზოგსაც კი წელი დასჭირდა. მიღებული მაჩვენებლები მიგვითითებს, რომ ერთი მიდგომა ყველა ადამიანზე არ მუშაობს, ქმედებას გააჩნია, განმეორების ხარისხს, კომპლექსურობას და იმას, თუ ვინ ცდილობს ჩვევის ჩამოყალიბებას. 

ახალი კვლევა კი 2600 ადამიანზე ჩატარდა და გვეუბნება, რომ წარმატების გასაღები თანმიმდევრულობაშია. აქვე მეცნიერულ რჩევებსაც გვიზიარებენ, რომლებიც ახალი ჩვევების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება:

8 რჩევა გრძელვადიანი ჩვევების ჩამოსაყალიბებლად

1. მიეცით დრო. იყავით თანმიმდევრული 60 დღის მანძილზე. საქმე აქ პერფექციონიზმს კი არ ეხება, არამედ ყოველდღიურ განმეორებით ქმედებებს. 

2. გაამარტივეთ. დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით. აირჩიეთ ქმედება, რომლის გამეორებასაც ყოველდღიურად რეალურად შეძლებთ.

3. ახალი ჩვევა არსებულ რუტინას მიაბით. ასე უფრო მარტივად გაგახსენდებათ, მაგალითად გამოიყენეთ ფლოსი კბილების გახეხვამდე. 

4. თვალი ადევნეთ პროგრესს. გამოიყენეთ კალენდარი ან აპლიკაცია თითოეული წარმატებული დღის აღსანიშნავად. 

5. დააჯილდოვეთ საკუთარი თავი. მაგალითისთვის, დილის გასეირნების ან საყვარელი სატელევიზიო შოუს ყურების შემდეგ, ყავა გაიმზადეთ. პოზიტიური ემოციები ჩვევების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ, ამიტომ იზეიმეთ მცირე გამარჯვებები. 

6. დილა საუკეთესოა ჩვევების ჩამოსაყალიბებლად, რადგან ამ დროს ადამიანებს მეტი მოტივაცია აქვთ და ყურადღებაც ნაკლებად ეფანტებათ, ახალი რუტინების ჩამოყალიბებაც უფრო მარტივია მაშინ, როცა ყოველდღიური საქმეები გააქტიურდება.

7. პერსონალური არჩევანი წარმატებას განაპირობებს — ადამიანები უმეტესად იმ ჩვევების დამკვიდრებას ახერხებენ, რომლებიც თავად აირჩიეს.

8. გამეორება წარმატების გასაღებია: ერთი და იმავე ქმედების ერთსა და იმავე სიტუაციაში განმეორება ჩვევის ავტომატურ რეჟიმში გადასვლას ამარტივებს, მაგალითად, გაისეირნეთ ყოველთვის საღამოს ჭამის შემდეგ. 

ამგვარად, დროა 21-დღიანი მითიც დაივიწყოთ და რეალური წარმოდგენა შეიქმნათ იმაზე, თუ რამდენი ხანი შეიძლება დასჭირდეს ჩვევის ჩამოყალიბებას. უახლესი კვლევების მიხედვით, სტანდარტულად ამას 2 თვე სჭირდება, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ეს საკითხი მაინც ინდივიდუალურია. გასაღები კი თანმიმდევრულობაშია, არ აქვს მნიშვნელობა, გსურთ, მეტი იმოძრაოთ, უკეთ ჭამოთ თუ იძინოთ, მთავარია, ეს ყოველდღიურად გაიმეოროთ.

GOGUTSA – როგორ აღმოჩნდა მამაკაცის ქართული სამოსი ტოკიოს გამოფენაზე

iSpace-მა საქართველოში პირველი Apple Premium Partner მაღაზია გახსნა