in

რას არ გვეუბნება ტვინის ორი ნახევარსფერო ადამიანზე?

მათ არანაირი კავშირი აქვს ჩვენს პიროვნულობასთან…

M2
M2

ინტერნეტში ასობით ტესტს წააწყდებით, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით აფასებს თქვენს შესაძლებლობებს — დაწყებული ხატვის უნარით, დამთავრებული მათემატიკური უნარ-ჩვევებით. ამასთან, ტესტები გეტყვით, რომ ტვინის მარცხენა მხარე ლოგიკურობასა და მათემატიკის კარგად ცოდნაზეა პასუხისმგებელი. მარჯვენა ნახევარსფეროს აქტიურობა კი ემოციურად ინტელექტუალურ პიროვნებაზე მიანიშნებს, რომელიც სივრცითი მსჯელობის უნარებს ფლობს.

მხოლოდ ერთი პრობლემაა: ტვინი ასე არ მუშაობს…

“პოპულარული მეცნიერების ენთუზიასტებმა ეს იდეა აითვისეს და მხარი დაუჭირეს მას. ახლა კი ის პოპულარულ კულტურაშია ჩაფლული და სულ უფრო მეტად მკვიდრდება”, — ამბობს ნეირორადიოლოგი ჯეფ ანდერსონი.

მიუხედავად ამ ძლიერი რწმენისა,  თქვენი კრეატიულობა თუ ლოგიკურობა არაფერ შუაშია ტვინის რომელიმე ნახევარსფეროსთან ან ერთი მეორის დომინირებასთან. თუმცა რეალური მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ტვინის ორი ნახევარი, ზოგჯერ უფრო უცნაურია, ვიდრე მხატვრული ლიტერატურა.

თავის ტვინის სპეციალიზებული უბნები

ადამიანის ტვინი ორ ნახევარსფეროდ იყოფა — მარცხენა და მარჯვენა. ყველა ხერხემლიანში მარჯვენა ნახევარსფერო აკონტროლებს სხეულის მარცხენა მხარეს და პირიქით. (ჯერ კიდევ არ არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს ასე). ორი ნახევარსფერო ნერვების მკვრივი ქსელით უკავშირდება ერთმანეთს, რომელიც ტვინის შუაში გადის. ტვინის  ტრავმის მქონე პაციენტების ქცევის წყალობით კი, მეცნიერებმა დიდი ხანია, იციან, რომ ტვინის სხვადასხვა რეგიონი განსხვავებულ ფუნქციებზეა პასუხისმგებელი.

მაგალითად, მე-19 საუკუნის რამდენიმე ნევროლოგი აღნიშნავდა, რომ მარცხენა შუბლის წილებში არსებული დაზიანებები მეტყველების დარღვევებს იწვევს. ამასთან, ბროკას უბანს, ტვინის ენობრივ ცენტრს, ყველაზე ცნობილი (მაგრამ არა პირველი) მეცნიერის სახელი ეწოდა, რომელმაც ეს კავშირი დააფიქსირა.

პოლ ბროკას ვარაუდმა გაანადგურა იდეა, რომლის მიხედვითაც, ბუნება სრულყოფილი სიმეტრიისკენაა მიდრეკილი. რადგანაც ტვინის სხვადასხვა რეგიონის განსხვავებულ ფუნქციებზე მოქმედება დადასტურდა, მე-20 საუკუნის დასაწყისში ზოგიერთი ექიმი ცდილობდა, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები სწორედ ტვინიდან ეკონტროლებინა. მაგალითად, ეპილეფსიის მქონე პაციენტებს, კრუნჩხვების შესამცირებლად, შესაბამის ნაწილს, Callosum-ს აჭრიდნენ — ასე არღვევდნენ ელექტრულ იმპულსებს, რომლებიც ერთი ნახევარსფეროდან მეორეში გადაადგილდება.

აღნიშნული პროცედურის გვერდითმა ეფექტებმა მოულოდნელი ჭეშმარიტება გამოავლინა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ტვინის ორი ნახევარი ერთად. მაგალითად, 1960 წელს “გაყოფილი ტვინის” პაციენტებზე საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა. მეცნიერებმა, როჯერ სპერიმ და მაიკ გაზანიგამ, გასაოცარი განსხავებები აღმოაჩინეს, როგორ აღიქვამდნენ პაციენტები მათ გარშემო არსებულ სამყაროს.

სპერიმ და გაზანიგამ ცდისპირებს მარჯვენა ხელში კოვზი დააკავეს და თვალდახუჭულებს სთხოვეს ობიექტის აღწერა. ვინაიდან მარჯვენა ხელი აკონტროლებს თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს, პაციენტებს არ უჭირდათ დავალების შესრულება. თუმცა, როცა მარცხენა ხელში ფანქარი მისცეს, მათ ვეღარ დაადგინეს, რა ნივთი ეჭირათ ხელში. “შოკისმომგვრელი იყო არა დეფიციტის, არამედ სრული არარსებობის აღმოჩენა — ერთმა მხარემ არ იცოდა, რას აკეთებდა მეორე. ეს საოცარი გარღვევაა”, — ამბობს გაზანიგა.

ამის პარალელურად, ნეირომეცნიერები სრულად უარყოფენ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, რომელიმე ნახევარსფეროს აქტიურობა ჩვენს პიროვნულ მახასიათებლებს განსაზღვრავს. მაგრამ ნეირორადიოლოგი და იუტას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ანდერსონი, აღნიშნავს, რომ ამაშიც შეგვიძლია სიმართლის მარცვლის პოვნა.

2013 წელს ჩატარებული კვლევის ფარგლებში “ჩვენ გავიგეთ, რომ მართლაც მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის. უბრალოდ, მათ არანაირი კავშირი აქვს ჩვენს პიროვნულობასთან, ან იმასთან, არის თუ არა შემეცნებითი სტრატეგია ლოგიკური ან შემოქმედებითი”, — განმარტავს ანდერსონი.

ბუნებრივია, ბევრ ჩვენგანს ხიბლავს ისეთი ტესტები, რომლებიც საკუთარ პიროვნებაზე მოგვითხრობს… ვკითხულობთ რაღაც საინტერესოს, მომხიბივლელს და გვსიამოვნებს ამ თვისებების მიკუთვნებულობის განცდა. ანდერსონის თქმით, ეს ჯერ კიდევ ადამიანებს კატეგორიზაციის გზას წარმოადგენს.

ასეთია „კორონას“ პირველი უალკოჰოლო ლუდი, D ვიტამინის შემცველობით

როგორ გახადა სწორმა მარკეტინგულმა გზამ MMA სპორტის პოპულარულ სახეობად