in

#რასგულისხმობს: გენური ინჟინერია

ტექნოლოგიური პროგრესი გვეხმარება სურვილისამებრ შეცვალოთ ცხოველთა და მცენარეთა გენოტიპიც კი — ამას კი, საბედნიეროდ, კეთილი მიზნებისთვის იყენებენ მეცნიერები. უშუალოდ გენოტიპის გარდაქმნის პრობლემებს გენური ინჟინერია იკვლევს და მისი მეთოდები საკმაოდ რთულიცაა. ზოგიერთი მათგანის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზმის გენოტიპში ჩაშენდება ან მისგან გამოირიცხება ცალკეული გენი ან გენთა ჯგუფი, რომელთა არსებობა ან არარსებობა, შესაძლებელია, სასარგებლოც კი იყოს.

M2
M2

ამ ყველაფრისთვის, ანუ არსებული გენეტიკის მუშაობის შესაცვლელად, გენური ინჟინრები მათემატიკურ და მეცნიერულ უნარებს იყენებენ. შესაძლოა, ეს მოიცავდეს საკვები მცენარეების გენეტიკურ მოდიფიკაციას ან ადამიანებსა და ცხოველებში გენეტიკური დარღვევების ალტერნატიული მკურნალობის შემუშავებას.

ვინ არის გენური ინჟინერი?

გენური ინჟინერი არის მეცნიერი, რომელიც სპეცილიზებული ცხოველების, მცენარეების და ადამიანების გენეტიკასთან მუშაობს. ისინი, ძირითადად, კვლევით ლაბორატორიაში მუშაობენ — ქმნიან მცენარეების ახალ გენეტიკურ ვარიანტებს. ან, მუშაობენ გენეტიკურ კონსულტანტებად იშვიათი გენეტიკური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ამ პროფესიის წარმომადგენელთა უმეტესობა გვხვდება ფარმაცევტულ კომპანიებში, ჯანდაცვის ორგანიზაციებში, კვლევისა და განვითარების კომპანიებში, უნივერსიტეტებსა და მთავრობაში.

თავის მხრივ, გენური ინჟინრები ყველაზე მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ბიოსამედიცინო და ბიოქიმიურ ინჟინრებთან, ასევე გენეტიკოსებთან.

კონკრეტულად რას აკეთებენ გენური ინჟინრები?

მათი ზუსტი პასუხისმგებლობა, შეიძლება, იმის მიხედვით განსხვავდებოდეს, თუ რომელ ინდუსტრიაში მუშაობენ. ამის მიზეზი კი ძალიან მარტივია — მცენარეებისა და ადამიანების გენეტიკური კომპონენტები საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისგან. თუმცა გენური ინჟინრები, პირველ რიგში, გენეტიკური ინფორმაციის პრობლემის გადასაჭრელად მუშაობენ, მათი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით.

ასეთ მეცნიერს შეუძლია მართოს სხვა ლაბორატორიის პერსონალი, ჩაატაროს საკუთარი კვლევითი პროცესები, გამოიყენოს ტექნოლოგია პრობლემების ანალიზთვის და მათ გადასაჭრელად. ცხადია, ეს ყველაფერი ახალ ჰორიზონტს ხსნის მედიცინაშიც… საქმე ეხება იმ გენების შეცვლას, რომლებიც ადამიანის მემკვიდრეობით დაავადებებს განეკუთვნება — მეცნიერები „დაავადებული“ გენოტიპის სრულად განკურნებაზე მუშაობენ.

გენური ინჟინრისთვის საჭირო უნარები

როგორც წესი, მას, ვისაც ამ მიმართულებით სურს მუშაობა, ტექნოლოგიების ფართო სპექტრის ცოდნა მოეთხოვება. საუბარია იმ მოწყობილობებზე, რომლებიც დნმ-ის კვლევისა და მუშაობის პროცესში გამოიყენება — შესაძლოა, ეს იყოს პითონის პროგრამირების ენა, ლაბორატორიული ცენტრიფუგა თუ კომპიუტერული ნახაზების პროგრამები. ამასთან, გენური ინჟინრები ეყრდნობიან თავიანთ უზარმაზარ სამეცნიერო ცოდნას, მათ შორის ბიოლოგიას, გენეტიკას, ევოლუციას, ბიოქიმიას, ფიზიკასა და ბიოტექნოლოგიას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ტიპის გენურ ინჟინერს სჭირდება კრეატიულობა, რათა ყველასაგან განსხვავებული ალტერნატიული გადაწყვეტილებები მოიფიქროს და ინოვაციური იდეები დაგენერიროს. ასევე, მათ ზნეობისა და ეთიკის მკაფიო გაგება მოეთხოვებათ, რათა თავიანთი გენეტიკური მოდიფიკაციები სასიკეთოდ, ეთიკურ და სამართლებრივ ჩარჩოებში გამოიყენონ. ადამიანებთან მომუშავე გენურ ინჟინრებს კი დამატებით კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარები სჭირდებათ.

ავტორი: ქეთია ბელქანია

როგორ გავუმკლავდეთ შფოთვას, როცა ნიღბებს მოვიხსნით?

თუ გსურთ მხარდაჭერა აგრძნობინოთ დასაქმებულ მშობლებს – ესაუბრეთ მათ