მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვქმნით რობოტებს, რათა თითოეულმა მათგანმა ის საქმე შეასრულოს, რისი გაკეთებაც ჩვენ გვეზარება ან სულაც არ შეგვიძლია… იქნება ეს მტვერსასრუტით სახლის დალაგება თუ მარსიდან ნიმუშების წამოღება, ხანდაზმულთა მოვლა თუ რადიოაქტიური მასალების შემოწმება… დიახ, რობოტიკის ინჟინერია სწორედ ამ საქმეს ემსახურება, ხოლო აქ მთავარი გმირი სწორედ რობოტიკის ინჟინერია.
ვინ არის რობოტიკის ინჟინერი?
ეს არის ადამიანი, რომელიც ისეთ მანქანებს, დანადგარებსა თუ რობოტებს ქმნის, რომელიც ჩვენს ქმედებებს იმეორებს, მოქმედებს დამოუკიდებლად ან სულაც კომპიუტერის დახმარებით. რობოტიკის ინჟინერი, მუშაობისას, საწყისიდან საბოლოო წერტილამდე ყველა პროცესშია ჩართული — ზრუნავს რობოტის აშენებაზე, დიზაინზე, ექსპლუატაციასა თუ გამოყენებაზე. სიტყვა რობოტი კი ლათინურად მუშაობას ნიშნავს, შესაბამისად, რობოტიკის ინჟინრებისთვის მთავარი ამოცანა მათი გამართულად მუშაობაა.
ხოლო იმას, რომ დღეს თვითმფრინავებითა და მანქანებით ვმოგზაურობთ, ვიყენებთ მიქსერსა თუ მტვერსასრუტს საყოფაცხოვრებო ცხოვრებაში, ვამუშავებთ ქარხნებს სპეციალური დანადგარებით ან თუნდაც რობოტებს ბომბების განაღმვისთვის ვიყენებთ, სწორედ რობოტიკის ინჟინერს უნდა ვუმადლოდეთ.
რა უნდა იცოდეს რობოტიკის ინჟინერმა?
რობოტიკის ინჟინერია მულტიდისციპლინარული სფეროა. ამიტომ, მისით დაინტერესებული ადამიანები მრავალ საკითხში უნდა ერკვეოდნენ.
რობოტის შესაქმნელად მექანიკური ინჟინერიის ცოდნაა საჭირო, თუნდაც იმისათვის, რომ მისი ფიზიკური მახასიათებლების აგება შეძლოთ. კომპიუტერული მეცნიერების ან პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის ცოდნა კი რობოტების ამოქმედებას შეგაძლებინებთ — ბუნებრივია, სხვადასხვა პროგრამული ენის დახმარებით, თუმცა დღეს ხელოვნური ინტელექტი ამ პროცესს მეტად ამარტივებს. ხოლო ელექტროინჟინერიის დახმარებით, რობოტის დაკავშირებას კონკრეტულ აპარატურასთან თუ დანადგართან შეძლებთ. მსგავსად რობოტის სისტემას ინსტრუქციებს მისცემთ და მასზე საჭირო ინფორმაციასაც მიიღებთ. ეს მოიცავს სასწავლო კურსებს პნევმატიკაში, ჰიდრავლიკაში, ინტეგრირებულ სისტემებში, კომპიუტერულ ენებში, ლოგიკასა თუ სხვა სფეროებში.
ამ უნარების ფლობით კი რობოტიკის ინჟინრები სამომავლოდ სხვადასხვა ინდუსტრიაშიც აქტიურად იმუშავებენ — იქნება ეს IT სფერო, აერონავტიკა, საავტომობილო მრეწველობა თუ ტელეკომუნიკაციები, ინფორმაციის, კომპიუტერული, მექანიკური თუ ელექტრონიკის ინჟინრის პროფესია.
როგორ მუშაობს რობოტიკის ინჟინერი?
ყველაზე მთავარი აქ გუნდური მუშაობა, სხვადასხვა იდეის გაზიარება, გამოცდა თუ ერთმანეთთან მარტივი კომუნიკაციაა… ხოლო მაშინ, როცა ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, რობოტიკის ინჟინერს შემდეგი დავალებების შესრულება უწევს:
- აკეთებს სიტუაციის ანალიზს, პასუხს სცემს ისეთ კითხვებს როგორიცაა: რა მიზანს უნდა მივაღწიო ამ რობოტით? ან, რა გარემო პირობებმა შეიძლება შემიშალოს ხელი?
- შემდეგ კი ადგენს სქემებს, მუშაობს პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებზე, რობოტის დიზაინსა თუ ტექნიკურ მახასიათებლებზე
- განიხილავს მექანიკურ პროცესებს და განსაზღვრავს შესაძლებლობებს
- რობოტების პროგრამირების სისტემების კონფიგურაცია, ტესტირება და არსებობის შემთხვევაში, პრობლემების მოგვარებაც მის მოვალეობებში შედის
- გეგმავს და შემდგომში ღირებულების, ეფექტურობისა და უსაფრთხოების მიხედვით კონკრეტულ სისტემებზე მუშაობს
- აწვდის ინფორმაციებსა თუ იდეებს დამკვეთსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს
ავტორი: მაკუნა ჯუღელი