in

#რასგულისხმობს: ციფრული ტრანსფორმაცია — ინტერვიუ ლაშა მირზელაშვილთან

სამყარო საკმაოდ სწრაფად ციფრულდება და ამ პროცესში მრავალ სფეროს აერთიანებს. გაციფრულება, პროცესების გამარტივებადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, სადაც ყველაფერი ინტერნეტის საშუალებით ხდება. თუმცა რატომ უნდა გააციფრულოთ კომპანია, თუ ის მაინც კარგად მუშაობს?

“პასუხი მარტივია — შესაძლოა, ბაზარზე ლიდერი იყოთ, მაგრამ კონკურენტმა კომპანიამ მომხმარებლებს მათი პროდუქტისა თუ სერვისის გამოყენება ისე გაუმარტივოს, ისე შეუქმნას სანდოობა ბრენდის მიმართ, რომ მოულოდნელად მოწინავე პოზიცია დაკარგოთ” — ამბობს ლაშა მირზელაშვილი, ადმირალ დეველოპმენტის აღმასრულებელი დირექტორი და wavetech.ai-ს მთავარი ციფრული ოფიცერი. 

პანდემიამ ციფრული ტრანსფორმაცია კიდევ უფრო საჭირო გახადა, მეტიც, ეს მათთვის კრიტიკულ სიტუაციაში გადარჩენის საშუალებაც კი იყო. თუმცა რას გულისხმობს კომპანიის გაციფრულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ამ პროცესში, უფრო დეტალურად ლაშა მირზელაშვილი გაგვაცნობს. 

M: მოგვიყევი შენ შესახებ… რით არის ეს სფერო შენთვის საინტერესო?

ჩემი დაინტერესება ტექნოლოგიური ინდუსტრიის მიმართ ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოდის, შეიძლება ითქვას, მას შემდეგ, რაც პირველად “ჩავიგდე” კომპიუტერი ხელში. ღრმა შესწავლის შემდეგ მივხვდი, რამდენ ძალისხმევას დებდნენ კომპანიები თავიანთი პროდუქტების გაციფრულებაში და გაჩნდა კითხვა, თუ რატომ უღირთ საკმაოდ ძვირადღირებული ტექნოლოგიების გამოყენება ისეთი მარტივი სერვისისთვის, როგორიცაა ტაქსის გამოძახება.

მუშაობისას მივხვდი, რომ იდეების ვიზუალიზაცია საკმარისი არ იყო და ამ ყველაფერს მეტი ცოდნა და გამოცდილება სჭირდებოდა. მომიწია ინჟინერიაში გარკვევა, ყველა პროდუქტის დამზადების სავარაუდო დროისა თუ ხარჯის შესწავლა, სადაც ყველაზე დიდ გამოწვევას შევეჩეხე. მივხვდი, რომ საქართველოში არც ისე პოპულარული და ფესვებგადგმული ინდუსტრია მანქანური ინტელექტი ციფრული ტრანსფორმაციისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ამ ინდუსტრიაზე უბრალოდ ზოგადი ინფორმაციის ფლობა კარგ ციფრულ ხელმძღვანელად ვერ გაქცევს.

ამ ძიების პროცესში ხმოვანი სერვისების კომპანიამ wavetech.ai თანამშრომლობა შემომთავაზა. სწორედ აქ მივიღე ის ცოდნა და გამოცდილება, რომელმაც თავდაჯერებულობა და პროფესიონალიზმი შემმატა. 

M: უფრო კონკრეტულად რომ გვითხრა, რას გულისხმობს ტრადიციული კომპანიების გაციფრულება? 

ტრადიციული ბიზნესის გაციფრულება, კლასიკური გაგებით, პროდუქტისა თუ სერვისის ციფრულ ხელმისაწვდომობას გულისხმობს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. 

ციფრული ტრანსფორმაცია შეიძლება მოხდეს როგორც მომხმარებლის მხარეს, ისე ბიზნესის შიდა სამზარეულოში, ოპერაციების ავტომატიზაციის კუთხით — დაწყებული მომხმარებლების მენეჯმენტით, დასრულებული უსაფრთხოებისა და წვდომის ავტომატიზაციით. 

მარტივი მაგალითისთვის, პროდუქტის გაციფრულებაა, როცა მე დასუფთავების სერვისი მაქვს და მომხმარებელს ამ სერვისის გამოყენება კომპანიასთან უშუალო კავშირის, ზარისა და თანხის ქეშად გადახდის გარეშე შეუძლია. შიდა სამზარეულოს გაციფრულება კი იქნება, როცა თანამშრომელი კონკრეტულ დავალებას არა მენეჯმენტისგან, არამედ აპლიკაციისგან მიიღებს. 

M: რა ეტაპებისგან შედგება კომპანიის გაციფრულება?

პირველია პრობლემა, მიზანი და შეფასება, თუ რას ვაგვარებთ, საით მივდივართ, ან რა ეტაპზე ვართ, რისი შესაძლებლობა გვაქვს დროისა და ფინანსების კუთხით. 

ბიზნესის მოთხოვნიდან გამომდინარე წყდება, რამდენად უნიკალური უნდა იყოს გადაჭრა და რა ეტაპზე შეგვიძლია მესამე პირების მიერ მოწოდებული სერვისების ინტეგრაცია. მაგალითად, თუ მე ვარ ბანკი და მინდა სასესხო პროდუქტის გაციფრულება, ვერ გამოვიყენებ მესამე პირებისგან ნაქირავებ სერვისს, რადგან ასეთი სენსიტიური ინფორმაციების დამუშავება მეტი უსაფრთხოებისთვის ჩემს პირად სერვერზე უნდა მოხდეს.

შემდეგი ამ გადაჭრის უშუალო მომზადება, დიზაინის შექმნა, ინჟინერია, გატესტვა, ბაზარზე ჩაშვება და მარკეტინგია. 

M: ახალი კომპანიებისგან განსხვავებით, რა სჭირდება ტრადიციულ კომპანიებს გაციფრულებისთვის?

ტრადიციული და ბაზარზე დიდი ხნის დამკვიდრებული კომპანიები უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან მათი ვალდებულებაა, შეინარჩუნოს ის ხარისხი, რომელსაც მათი მომხმარებელი უკვე მიჩვეულია. ასეთი კომპანიების ლიდერებს კრიტიკოსები ნაკლებად პატიობენ ისეთ შეცდომებს, როგორსაც მაგალითად, ახალ კომპანიებს აპატიებდნენ. ამიტომ, მათ მეტი თანმიმდევრულობა, ხარისხი, დაცვა, სისწრაფე და მომხმარებლის ინფორმირება ესაჭიროებათ.

M: რა არის მთავარი შეცდომა, რასაც ტრადიციული კომპანიების გაციფრულებისას უშვებენ?

მარტივად, იაფად და სწრაფად, ასე გამოიყურება მათი მთავარი შეცდომების ტრიუმვირატი. 

სიმარტივეში ცუდი არაფერია, თუმცა დამკვიდრებული კომპანიისგან მომხმარებელი ყოველთვის მეტს მოელის… ამიტომ, შენ მიერ შეთავაზებული გადაჭრა თუ ღირებულების მომტანი არ არის, გამოდის, ნებისმიერი ის შრომა, რომელიც ამ პროცესში გასწიე, წყალში გადაყრილი დრო, ფული და ენერგიაა.

ხარჯეფექტურობა, რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი ხარისხზე უარის თქმით არის მიღწეული, ტრადიციული კომპანიისთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს, პროდუქტისა თუ სერვისის უსაფრთხოების, გამართულობისა და ღირებულების კუთხით.

რაც შეეხება სისწრაფეს — ძალზე სასიამოვნო პროცესია და ყველას ძალიან გვახარებს შედეგის მოკლე დროში დანახვა, მაგრამ თუ ეს კომპონენტი სამოქმედო გეგმაში სიმარტივესა და ხარჯეფექტურობასთან ერთად გვაქვს, ხშირად კრახით სრულდება. შედეგად სისწრაფეში გაკეთებულ უხარისხო პროდუქტს ვიღებთ, რომელიც ვერანაირ პრობლემას აგვარებს და არ არის ეფექტური. 

M: რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ტენდენციებისა და მიდგომების გამოყენება ამ პროცესში?

რეალურად, ამ პროცესის შედეგი არის ის სტანდარტი, რომელსაც კომპანია ბაზარზე დებს, შემდეგ კი სხვებს მისთვის კონკურენციის გასაწევად, მინიმუმ ამ სტანდარტის დაკმაყოფილება უწევს. ამიტომ, რაც მეტად თანამედროვე და ტრენდულია შენი გადაჭრა, მით მეტი სამუშაო ექნება შენს კონკურენტს მის დასაკმაყოფილებლად, შენ კი მეტი დრო გრჩება ახალ ეტაპზე გადასასვლელად და კონკურენციის გასაძლიერებლად. სანამ სხვები შენთან გათანაბრების გზებს მიაგნებენ, იქ მისულებს ახალ გამოწვევას შესთავაზებ. 

M: როგორია წარმატებული გაციფრულებული კომპანიის მოდელი შენთვის?

წარმატებულია გაციფრულებული რესტორანი, რომლის მენიუს ნახვა, ადგილის დაჯავშნა, კერძის შედგენა, გადახდა და შეკვეთა ციფრულად შემიძლია. ან, თუნდაც, ჩემი ბოლო პროექტი იყო ფსიქოლოგიური და საგანმანათლებლო ცენტრი “ანიმუსი”, რომელიც მეუღლის თხოვნით გავაციფრულე და ახლაც გადის ამ პროცესებს… და მიუხედავად საწყისი ეტაპისა, კომპანიამ ძალიან დიდი სიმპათიები გამოიწვია მომხმარებლებში მისი ბრენდული თანმიმდევრობისა და მომხმარებლებისთვის გამარტივებული ციფრული ოპერაციების დამსახურებით.

მოკლედ რომ ვთქვა, წარმატებულია ყველა გაციფრულებული კომპანია, დაწყებული საცალო გაყიდვებიდან დასრულებული “ენტერპრაიზ” გიგანტებით, რომლის გამოსაყენებლად და სასურველი შედეგის მისაღებად სატელეფონო ზარები, დოკუმენტებით სავსე ფაილები და უამრავი ვიზიტი არ მჭირდება.

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

Lightyear One — მანქანა, რომელსაც ერთი თვე არ სჭირდება დამუხტვა

Super Bowl 2022 – ყველაზე ყურებადი შოუ ბოლო 5 წლის განმავლობაში