in

რას ხედავენ ადამიანები სიკვდილის შემდეგ? — კვლევა

პირველი რა გაგახსენდათ? გვირაბის ბოლოს სინათლე თუ „სამოთხისა და ჯოჯოხეთის კარები“? საკმაოდ ფილოსოფიური კითხვა კია და ჩვენი უშრეტი ფანტაზიის წყალობით, საკმაოდ ბევრი მოსაზრებაც არსებობს, მაგრამ მეცნიერებმა ახლა რაღაც უფრო ფაქტობრივი შემოგვთავაზეს — გასულ წელს 87 წლის კაცის ტვინის აქტივობას დააკვირდნენ მას შემდეგ, რაც იგი გულის შეტევით გარდაიცვალა. ამ საბედისწერო მომენტამდე პაციენტს ტვინზე კონკრეტული მოწყობილობით აკვირდებოდნენ, რაც ეპილეფსიის მკურნალობის ნაწილი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი EEG ჩანაწერებმა მკვლევრებს საშუალება მისცა, გაეგოთ, რა ხდება ტვინში ჩვენი გარდაცვალების მერე.

გასაოცარია, მაგრამ მას შემდეგ, რაც გული გაჩერდა ტვინის აქტივობის შაბლონები, რომლებიც სიზმრებსა და მეხსიერებას უკავშირდება, აქტიური იყო. ამ ერთი ფაქტისგან მყარი დასკვნების გამოტანა შეუძლებელი კია, მაგრამ ეს ნამდვილად გამოდგება იმის არგუმენტად, რომ ჩვენ თვალწინ გაგვირბენს მთელი ცხოვრება, როცა გარდავიცვლებით. ამ დროს ხომ ტვინის ის ნაწილი იყო აქტიური, რომელიც მოგონებების გახსენებას უკავშირდება…

საინტერესოა ისიც, რომ ამ ჰიპოთეზას კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს, რომელშიც გულის შეტევის მქონე 4 პაციენტს დააკვირდნენ. ისინი ნეიროინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ გარდაცვალებამდე, რის შემდგომაც ტვინი ე. წ. ცხელი უბანი კვლავ აქტიური დარჩა, ზუსტად ის, რომელიც ჩვენს სიზმრებსა და ცნობიერ ფიქრებს უკავშირდება.

არსებულ კითხვაზე პასუხის მისაღებად მეცნიერები იმ პაციენტებსაც გაესაუბრნენ, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს: გამოკითხულთა 86% ამბობდა, რომ კაშკაშა შუქი დაინახეს, 54% თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე საუბრობდა, რომ ცხოვრებამ თვალწინ გაურბინათ. ეს ორი შედეგი კი აშკარაა, რომ სიკვდილთან დაკავშირებულ კლიშეებს აძლიერებს. უფრო მეტიც, 95%-ის თქმით, გარდაცვალება რაღაც სასიამოვნოსა და ამაღელვებელს უკავშირდებოდა — ისინი საუბრობდნენ, რომ როგორც კი სხეული დატოვეს, ბედნიერება და სიმშვიდე მოიპოვეს, ზოგი იმასაც ამბობდა, რომ კლინიკურმა სიკვდილმა მათი ცხოვრება დადებითად შეცვალა…

მიუხედავად არსებული ფაქტებისა, სიკვდილის ცნება მაინც გაუგებარია მეცნიერებისთვის, მაგალითად არ იციან, როგორ ან რატომ პასუხობს ტვინი საკუთარ განადგურებას ამ გზით… თუმცა თუ არსებულ საკმაოდ სპეკულაციურ და დაუმტკიცებელ თეორიას დავეყრდნობით — გარდაცვალებისას ტვინი ფსიქოდელიურ ნივთიერება DMT-ს ათავისუფლებს, რათა ჟანგბადის არარსებობის პირობებში ცოცხალი ნეირონები შევინარჩუნოთ — და თუ ეს სიმართლეა, სიკვდილთან დაკავშირებულ მრავალ საკითხს შეიძლება მოეძებნოს ახსნა. თუმცა ამ ეტაპისთვის გადაჭრით ვერ ვიტყვით, რა ხდება, როცა გარდავიცვლებით.

7 ავტომობილი, რომლებსაც 2025 წლისთვის დიდი ინტერესით ელიან

Red Bull-ის ათლეტის „ფრთაშესხმული“ ოცნება