წიგნი თავისი არსებობის დასაბამიდან იყო და არის შთაგონების წყარო. ის ამდიდრებს ფანტაზიას, ხელს უწყობს წარმოსახვის გაძლიერებას და ახალი იდეების წარმოშობას. გარდა ამისა, ავსებს ჩვენს ლექსიკურ მარაგს, გონებას აიძულებს მუშაობას, რაც, საბოლოოდ, ინოვაციური აზროვნების გაფართოებას ეხმარება.
ყველაფერი, რაც ჩამოვთვალეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოქმედებით ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის. მათ ყოველდღიურ რეჟიმში სჭირდებათ კრეატიული იდეების გენერირება, მუზების მოხმობა მაშინაც კი, როცა ის თავისით არ მოდის, რაც არც ისე მარტივია.
ამ სტატიისთვის გავესაუბრეთ რამდენიმე ადამიანს შემოქმედებითი ინდუსტრიიდან, რომლებიც მრავალ კრეატიულ კამპანიაზე მუშაობენ და ვკითხეთ, რომელი წიგნები გამხდარა მათთვის შთაგონების წყარო.
ელენე შენგელია, არტ დირექტორი:
„რამდენიმე ათეული წიგნია, რომლებმაც ჩემზე დიდი გავლენა იქონია, თუმცა პირველი მახსენდება ჯეკ ლონდონის მარტინ იდენი. მახსოვს, საკმაოდ პატარა ვიყავი, როდესაც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და დიდი გავლენა იქონია ჩემზე. ეს არის წიგნი ადამიანის სწრაფ გავითარებასა და ცხოვრების ახალი პერსპექტივით დანახვაზე, რომელმაც დასაწყისში არაფერი იცოდა, ხოლო დიდი შრომის შემდგომ იმ ხალხს გაუსწრო, ვინც მისთვის მისაბაძი იყო. როდესაც პროფესია შევიცვალე და კრეატიულ სფეროში გადავედი, ყოველთვის მარტინ იდენი მახსენდებოდა, როდესაც სხვა, ბევრად გამოცდილ პროფესიონალებს ვადარებდი თავს. საკმარისია, ბევრი იშრომო, საკუთარ თავზე იმუშაო და დიდი დოზით სწორი ინფორმაცია მიიღო, როდესაც ყველაფერი შეიცვლება და სხვა ჭრილში შეხედავ შენთვის ნაცნობ რეალობას.
ასევე, ჩემს პროფესიასთან ახლოს არის ფრედერიკ ბეგბედერის რომანი – „99 ფრანკი”. აქ ბევრი მარკეტინგული ხრიკი და პროექტია მოყვანილი, რომლებთანაც პარალელი რეალურ ცხოვრებაში ხშირად შეგიძლია, გაავლო.
ბოლოს წაკითხული წიგნებიდან გამოვარჩევდი ქართველი მწერლების ნაწარმოებს, თამთა მელაშვილის – „შაშვი, შაშვი, მაყვალი” და ზაირა არსენიშვილის – „ვა, სოფელო”. ეს ორი ნაწარმოები პირდაპირ არ არის დაკავშირებული ჩემს პროფესიასთან, მაგრამ დიდი სითბო და ემოცია შემოიტანა ჩემში.
ჩემი აზრით, კრეატიული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, იპოვოს ის გატაცება, რომელიც მას აბედნიერებს, ამშვიდებს და სისავსის შეგრძნებას უტოვებს. ჩემს შემთხვევაში ეს წიგნებია. როდესაც ვკითხულობ სულ ვმშვიდდები, ყოველდღიურ რუტინას ვწყდები და სხვა სამყაროში გადავდივარ, რაც, ჩემი აზრით, აუცილებელია იმისთვის, რომ საკუთარ პროექტს მოკლე დროით მოწყდე და შემდეგ დასვენებული გონებით დაუბრუნდე. გარდა ამისა, სხვისი თვალით დანახული სამყარო და სხვა რეალობაში გადასვლა, კრეატიული ადამიანისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, თუ მას პროფესიული განვითარება უნდა”.
თანანო გურგენიძე, ქოფირაითერი:
„რამდენიმე ავტორის ნაწარმოებებში მინახავს ისეთი მიგნებები, რომელსაც აღფრთოვანებული დავუტოვებივარ და თვეები ამ წიგნებით მონუსხულს გამიტარებია. პროცენტულად ყველაზე მეტჯერ ვის წინადადებებზეც მინატრია, ნეტავ ჩემი მოფიქრებული და დაწერილი იყოს-მეთქი, ალბათ, იტალო კალვინოა. უდიდესი ფანტაზიის და გამორჩეული თხრობის სტილის მქონე მწერალი, რომელსაც უყვარს ფიქრი და არასდროს ეშინია ექსპერიმენტების, იცის როგორ უნდა ისიამოვნოს შემოქმედებითი პროცესით, მიიზიდოს მკითხველი და გამოკეტოს მის მიერ შექმნილ სამყაროში. “თუ ზამთრის ღამით მოგზაური“ და “უხილავი ქალაქები” მკაფიო მაგალითია იმის თუ რამდენად შეუზღუდავი და თავისუფალია ადამიანი უნიკალური იდეების შექმნისას.
დიდხანს ვიფიქრე ამ კითხვაზე იტალო კალვინო უნდა მეპასუხა თუ ასტრიდ ლინდგრენი, რადგან პეპი გრძელიწინდაც უშრეტი ფანტაზიის, ენერგიის და მოტივაციის წყაროა და ძალიან მიყვარს.
ბევრი წლის წინ წავიკითხე დავით ქართველიშვილის „მოცემულობა”, რომელშიც აღწერს ერთ სიტუაციას, როცა პროტაგონისტი საღამოს ფილმის ყურებას გადაწყვეტს და ვებსაიტზე, შემთხვევითობის პრინციპით, პირველივე ფილმს რთავს, სიუჟეტი კი იმდენად ბედნიერად იწყება, რომ მალევე ხვდება – საშინელებათა ჟანრს უყურებს. ზოგჯერ მუშაობისას მახსენდება ხოლმე, როგორც საკმაოდ კარგი ინსაითის მაგალითი.
ჩემი აზრით, წიგნები არის ერთ-ერთი, იმ მრავალი ინსპირაციის წყაროდან, რომელიც გვეხმარება შემოქმედებით პროცესში. თანაბარი წარმატებით შეიძლება მუშაობდეს ადამიანისთვის კინო, სპორტი, მუზეუმი, კულინარია და ა.შ. საკუთარ მაგალითზე იმის თქმა შემიძლია, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვა წერის პროცესს მიმარტივებს, ვპოულობ ახალ სიტყვებს და ლამაზ წინადადებებს”.
შემოქმედებითი ინდუსტრიაც და ლიტერატურაც ორი, უსასრულოდ დიდი სფეროა. შესაბამისად, თავის პირად ინსპირაციას ალბათ ყველა სხვადასხვა ავტორთან ან გმირთან პოულობს. ამის მაგალითი ჩვენი ორი რესპონდენტიც არის, რომლებიც ერთ ინდუსტრიას მიეკუთვნებიან, თუმცა სრულიად განსხვავებულად გვიპასუხეს. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ნებისმიერ კარგ წიგნში შეიძლება ინსაითების, ინსპირაციის პოვნა, მთავარია, დავინახოთ ის.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი