Soundcloud-მა, რომელიც ინტერნეტ სივრცის ერთ-ერთ უმსხვილეს მუსიკალურ პლატფორმას წარმოადგენს, ძალები Sony-სთან გააერთიანა. საავტორო უფლებების დაცვის გარშემო ატეხილი რამდენიმეწლიანი აჟიოტაჟის შემდეგ, ხელშეკრულება, ფაქტობრივად, გარდაუვალი იყო.
კონტრაქტის ფარგლებში SoundCloud-ს წვდომა ექნება შემდეგ შემსრულებლებზე – Beyoncé, The Weeknd, Future, Calvin Harris, Bruce Springsteen, Miguel, Foo Fighters , Justin Timberlake. საიტისთვის კონტრაქტის გაფორმება მრავალფეროვანი მუსიკის დამატებას ნიშნავს.
მოგეხსენებათ, მომღერლებისა და კომპოზიტორებისთვის ერთ-ერთი შემოსავლის წყარო მონეტიზაციაა. Sony-ს ძირითადი მოთხოვნა, სწორედ, მონეტიზაციის ჩართვა იყო. შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, SoundCloud Google-სა და YouTube-ს მსგავსად, საიტზე ამ ფუნქციას დაამატებს. შემოსავლების მოდელის შეცვლასთან ერთად, საიტის მიზანი 175 მილიონი მომხმარებლის შენარჩუნება იქნება, რომელიც SoundCloud-ზე მუსიკას უფასოდ უსმენს.
მუსიკალურმა სერვისმა, შესაძლოა, სულ მალე Spotify-ს ან Apple Music-ის ფორმატი შეიძინოს მაშინ, როდესაც Soundcloud-ის პირველადი სახე უფასო პლატფორმა იყო, სადაც მუსიკას ნებისმიერი მსურველი ტვირთავდა და არც საავტორო უფლებები იყო დაცული.