in

რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა?

განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე ის ისტორიული ამბავია, რომელსაც ყველა ჩვენგანი დიდხანს და დიდი მოთმინებით ელოდა. რუსეთ-უკრაინის ომმა, უფრო მეტად კი უკრაინელების მიერ თავისუფლებისთვის ბრძოლის მაგალითმა, ეს პროცესი საგრძნობლად დააჩქარა — 3 მარტს საქართველომ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, დაჩქარებული წესით გააკეთა განაცხადი. 

BOG
BOG

იმისათვის, რომ საკითხის მნიშვნელობა უკეთ გაგვეგო, თუ კონკრეტულად რას მოიაზრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, გავესაუბრეთ საგარეო პოლიტიკის საბჭოს (The Foreign Policy Council) დირექტორს, გუგა ჯულუხიძეს.

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს ერთ ნაბიჯს სრულ ინტეგრაციამდე. გარდა ამისა, კანდიდატობა ერთგვარი სტატუსია — იცვლება, როგორც სახელმწიფოს იმიჯი, ისე საინვესტიციო გარემო და მიმზიდველობის მაჩვენებელი. ერთი სიტყვით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი, რომელსაც სახელმწიფოსთვის ძალიან კარგი შედეგები მოაქვს… იქნება ეს ფინანსური თუ პოლიტიკური სარგებელი — თუნდაც, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, გაცილებით სტაბილური, სასურველი და დაცული სახელმწიფო ვიქნებით.

როგორც იცით, ამ დრომდე, განაცხადის შეტანა 2024 წლისთვის იგეგმებოდა… თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც რუსეთის დამარცხების ისტორიული შანსი გაჩნდა. ეს უკანასკნელი კი ყოველთვის ხელს უშლიდა საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას და არაერთ სხვა სახელმწიფოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით და, რა თქმა უნდა, ჩვენ შექმნილი ვითარებით გონივრულად ვსარგებლობთ.

ამ ყველაფერთან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსიდან პირდაპირ ევროკავშირის “ოჯახში” გადასვლა სხვადასხვა ვადას გულისხმობს. არის ქვეყნები, რომლებსაც მთელი ამ პროცესების გასავლელად რამდენიმე თვე დასჭირდა… თუმცა თურქეთი ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან ელოდება ევროკავშირის წევრობას და ეს დრო კანდიდატის სტატუსს ინარჩუნებს.

მართალია, ზუსტ ვადას ვერ ვიტყვით, თუ როდის გავხდებით უშუალოდ წევრი სახელმწიფო, მაგრამ ერთი რამ ნათელია — მოვლენების განვითარება პირდაპირ კავშირშია მიმდინარე ომის საბოლოო შედეგებთან. თუ რუსეთი დამარცხდა, ევროატლანტიკური ორგანიზაციების გაფართოებას ხელისშემშლელი აქტორი აღარ ეყოლება. ანუ, მთავარი პრობლემა იხსნება. რაც უფრო მეტად გაუჭირდება რუსეთს, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის.

საგულისხმოა, რომ აქამდე მსგავსი ფორსმაჟორი არ ყოფილა და ამ რეჟიმში სახელმწიფოსთვის წევრობის შეთავაზების პრეცედენტი. შესაბამისად, სხვა მაგალითს ვერ შევადარებთ, თუნდაც განხორციელების ან დროის ფაქტორით. ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე არ ეხება რამდენიმე დღეს… სამართლებრივად ძალიან ბევრი დოკუმენტია მოსაწესრიგებელი — მრავალი ტომი რამდენიმე ენაზე უნდა ითარგმნოს, ყველა საბუთი მოწესრიგდეს და მთელი “ბიუროკრატიული ჯოჯოხეთი” გავიაროთ. ასე რომ, შესაძლოა, პროცესი რამდენიმე კვირით ან თვით გაიწელოს.

უკრაინელი მაშა ფედოროვა Saatchi & Saatchi-ის გუნდის წევრი გახდა!

რემბო — მაწანწალა ლეკვი, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს “იცავს”