წლების განმავლობაში პროფესიულ წრეებში დამკვიდრებული იყო მოსაზრება, რომ წარმატებისთვის 30-წამიანი მოკლე პრეზენტაციის, ე.წ. ფიჩის ზეპირად ცოდნა იყო საკმარისი. თუმცა თანამედროვე, სოციალური მედიით გაჯერებულ სამყაროში ადამიანების კარიერა იშვიათად ეტევა წინასწარ რეპეტირებულ ნახევარწუთიან მონოლოგში.
კორპორაციულ გარემოში ხშირად მაღალი თანამდებობა თავად ხსნის კარებს და განსაზღვრავს სტატუსს. აქ საკუთარი თავის წარდგენა მარტივია, თუმცა, როდესაც ადამიანი საკუთარ ბიზნესს იწყებს ან რამდენიმე განსხვავებულ როლს ითავსებს – ხელმძღვანელობს სააგენტოს, ატარებს აუქციონებს, წერს წიგნებს, უძღვება პოდკასტს და კითხულობს ლექციებს – მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემა მოულოდნელად რთულდება. ტიტულებისა და კომპანიების ჩამონათვალი მსმენელს ინფორმაციით ტვირთავს, რეალურ არსს კი ბუნდოვანს ტოვებს.
პრეზენტაციის მიზანი ყველა მიღწევის 30 წამში ჩატევა კი არა, იმ მკაფიო ამბის მსმენელამდე მიტანაა, რომელიც ადამიანებს პროფესიონალის ღირებულებას დაანახებს და საუბრის დასრულების შემდეგაც დაამახსოვრდებათ.
ფოკუსირება გადაჭრილ პრობლემაზე და არა თანამდებობაზე
გავრცელებული შეცდომაა საკუთარი თავის წარდგენა პოზიციის და არა იმ შედეგის მიხედვით, რასაც ეს საქმიანობა ქმნის. თანამდებობა მხოლოდ სამუშაო ადგილს ასახავს, თუმცა იშვიათად ხსნის, რატომ უნდა იყოს ეს სხვისთვის მნიშვნელოვანი.
ეფექტიანია მსმენელს აუხსნათ, რომ კომპანიებს ზრდაში ეხმარებით. ფინანსური მრჩევლის პოზიციის ნაცვლად, უმჯობესია იმის ჩვენება, თუ როგორ ეხმარებით კლიენტებს თავდაჯერებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში, ხოლო მარკეტინგის სპეციალისტი თუ ხართ, კამპანიების შექმნაზე საუბრის ნაცვლად ხაზი უნდა გაუსვათ ბრენდების გამორჩეულობას. კომპანიები და პოზიციები იცვლება, ხოლო შექმნილი ღირებულება პერსონალური ბრენდის მყარ საფუძვლად რჩება.
ერთიანი ხაზის პოვნა მრავალფეროვან საქმიანობაში
მრავალი განსხვავებული როლის მქონე პროფესიონალებს ხშირად უჭირთ საკუთარი საქმიანობის ახსნა, რადგან ყველა მიმართულების ცალ-ცალკე ჩამოთვლა მსმენელს ინფორმაციის სტრუქტურირებას აიძულებს და არა არსის გაგებას. გამოსავალი იმ ერთიანი იდეის პოვნაშია, რომელიც მთელ საქმიანობას აკავშირებს – მაგალითად, ადამიანების შთაგონება ქმედებისთვის. ეს ერთიანი ხედვა აერთიანებს საჯარო გამოსვლებს, ავტორობას, სააგენტოს მართვასა თუ კონსულტაციას, რაც წარდგენას გაცილებით დამაჯერებელს ხდის.
მთავარი გზავნილი, რომელსაც სხვები გაიმეორებენ
საუკეთესო პრეზენტაცია საუბრის დასრულებით არ მთავრდება – ის გრძელდება მაშინ, როდესაც სხვები ამ ადამიანს ახალ შესაძლებლობებსა და პარტნიორებს აცნობენ. პერსონალურ ბრენდს განსაზღვრავს არა მხოლოდ ის, რასაც ადამიანი საკუთარ თავზე ამბობს, არამედ ის, თუ რას ყვებიან მასზე სხვები.
ყველაზე მეტ შესაძლებლობას ქმნიან ის პროფესიონალები, რომელთა ღირებულება იმდენად მკაფიოა, რომ გარშემომყოფები ბუნებრივად ხდებიან მათი საქმიანობის მხარდამჭერები. როდესაც გზავნილი აგებულია შექმნილ შედეგებზე და გამყარებულია ერთიანი შინაარსით, პერსონალური ბრენდი საუბრის დასრულების შემდეგაც წარმატებით აგრძელებს მუშაობას.
წყარო: Fastcompany













