Twitter-ის ყველაზე მსხვილი აქციონერი მალე მისი მფლობელიც გახდება. ილონ მასკის გეგმები აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა ახლა უკვე ოფიციალურად ტვიტერს 44 მილიარდ დოლარად შეიძენს. სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს უმსხვილესი სოციალური ქსელი კერძო კომპანიაც გახდება.
„სიტყვის თავისუფლება არის მოქმედი დემოკრატიის საფუძველი, ხოლო Twitter ციფრული ქალაქი, სადაც კაცობრიობის მომავლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. მსურს, პლატფორმა იმაზე უკეთესი გავხადო, ვიდრე ოდესმე ყოფილა — ახალი ფუნქციებით, ალგორითმების გახსნით, სპამ ბოტების დამარცხებითა და ადამიანების ავთენტიფიკაციით,“ — აცხადებს ილონ მასკი.
რას შეცვლის მასკი Twitter-ზე?
სიტყვის თავისუფლება — მასკი ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ Twitter-ის კონტენტის მოდერატორები ძალიან შორს მიდიან და ზედმეტად ერევიან მომხმარებლების პოსტებში. თანაც, იმ პლატფორმაზე, რომელსაც „დე ფაქტო ქალაქის მოედნად“ თვლიდა. სწორედ ამიტომ, ფიქრობენ, რომ იგი Twitter-ს სიტყვის თავისუფლებისთვის იდეალურ სივრცედ აქცევს.
„იმედი მაქვს, ჩემი ყველაზე ცუდი კრიტიკოსებიც კი დარჩებიან Twitter-ზე, რადგან სწორედ ამას ნიშნავს სიტყვის თავისუფლება,“ — წერს მასკი Twitter-ზე, პოსტს კი 1.4 მილიონი მოწონება აქვს.
ალგორითმი — იგი კომპანიის ალგორითმის ღია კოდის მოდელად გადაქცევის გეგმებზეც საუბრობს. ეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, დაინახონ, როგორ ჩნდება პოსტები კონკრეტულ გვერდებზე. მისი თქმით, ღია კოდის მეთოდი უკეთესი იქნება, ვიდრე „ტვიტების იდუმალი დაწინაურება და დაქვეითება იმის ცოდნის გარეშე, თუ რატომ ხდება ეს”.
Twitter-ის პოპულარობა — ილონ მასკი პლატფორმის აქტუალობის შესახებაც წუხს მას შემდეგ, რაც Twitter-ის 10 ყველაზე პოპულარული მომხმარებლის სია გამოქვეყნდა. მათ შორის იყო ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, პოპ ვარსკვლავები ჯასტინ ბიბერი და კეტი პერი. „ტოპ მომხმარებლების უმეტესობა იშვიათად წერს ან აქვეყნებს რაიმე კონტენტს… Twitter კვდება?“ — სწორედ ამიტომ, ფიქრობენ, რომ მასკი ამ მიმართულებითაც აქტიურად დაიწყებს მუშაობას.
ტრამპის ანგარიში — აღადგენს თუ არა მასკი ტრამპის Twitter-ს? ეს კითხვა სიტყვის თავისუფლების მთავარ პრიორიტეტად ქცევამ გააჩინა. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი Twitter-მა დაბლოკა, რადგან მომხმარებლებს ძალადობისკენ მოუწოდებდა… თუმცა, სანამ მასკის პოზიციას გავიგებდით, ტრამპმა განაცხადა, რომ იგი, სავარაუდოდ, აღარ შეუერთდება Twitter-ს. თანაც, მან საკუთარ სოციალურ ქსელზე, სახელწოდებით Truth Social, მუშაობა უკვე დაიწყო.
Twitter-ის ფასი რეალურია?
ხშირად მილიარდერებს იმაზე ძვირად უწევთ რაღაცების შეძენა, ვიდრე სხვებს. სწორედ ამიტომ, ჩნდება კითხვები — როგორი ფასია ეს მასკისთვის ან Twitter-ის აქციონერებისთვის? საინტერესოა ისიც, რომ, მას შემდეგ, რაც გარიგება უფრო რეალური გახდა, აქციების ფასი გაიზარდა, 5.7 პროცენტს მიუახლოვდა და 51.70 დოლარი გახდა. ეს კი ცოტათი ჩამოუვარდება იმ ფასს, რომლითაც მასკი Twitter-ის ყიდვას აპირებს — თითო აქციის ფასი 54.20 დოლარია, ეს მისგან „საუკეთესო და საბოლოო“ შეთავაზება იყო.
თუმცა ბევრი გარიგების მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი. Twitter-მა კი, თავის მხრივ, თავდაცვით მანევრს მიმართა, რომლის თანახმადაც მასკს საბჭოსგან ნებართვა დასჭირდებოდა. ამის შემდეგ მან დეტალურად აღწერა ბანკების ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც კონკრეტული შეთავაზების განხორციელებაში უნდა დახმარებოდა. ამან მოლაპარაკებებში გადამწყვეტი როლი ითამაშა და გარიგება შედგა.
ეწინააღმდეგება თუ არა ნაკლები მოდერატორობა ევროპულ რეგულაციებს?
ილონ მასკი ფიქრობს, რომ Twitter-ს ზედმეტად აგრესიული კონტენტის მოდერაციის პოლიტიკა აქვს, რომელიც ზღუდავს იმას, რისი თქმაც ადამიანებს საიტის დახმარებით სურთ. თუმცა მისთვის ამის შეცვლა ევროპაში არც ისე მარტივი იქნება. თანაც, გასულ კვირას ახალი კანონმდებლობა, სახელწოდებით ციფრული სერვისების აქტი მიიღეს, რომელიც Twitter-ის მსგავს სოციალურ პლატფორმებს უფრო მკაცრი კონტროლისკენ მოუწოდებს. მათი მიზანი სიძულვილის ენასთან, დეზინფორმაციასა და არაკანონიერ კონტენტთან ბრძოლაა.
ახალი კანონის თანახმად, სოციალურ ქსელებს, რომლებსაც ევროკავშირში 45 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ყოველწლიურად საზიანო კონტენტის გავრცელებისა და მასთან ბრძოლის გზების შესახებ რისკების შეფასება მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა გლობალური შემოსავლის 6 პროცენტამდე იქნება, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი პლატფორმა ევროკავშირში სრულად დაიბლოკება.
არსებული კანონები მასკს სხვა სამართლებლივ გამოწვევებთან გამკლავებასაც აიძულებს — მას არ შეეძლება ერთი პოლიტიკის ყველა ქვეყანაში გატარება. მაგალითად, გერმანიაში Twitter სიძულვილის ენას, რასიზმსა და ნაციზმზე მითითებებს ებრძვის. თურქეთში კი მმართველი პარტიის კრიტიკა უნდა წაიშალოს…