in

რას ვაკეთებთ, როდესაც არაფერი გამოდის? — ინტერვიუ ელენე სიხარულიძესთან

M2
M2

ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა რაღაც ისე არ მიდის, როგორც გვინდა… რაღაც ისე არ გამოდის, როგორც ვგეგმავდით. ამ დროს უამრავი ფიქრი გვიგროვდება გონებაში და ხან რას ვადანაშაულებთ, ხან რას — დაწყებული საკუთარი უუნარობით, დასრულებული სხვების ზემოქმედებით.

იმისათვის, რომ მსგავსი ტიპის პერიოდებსა და თანმხლებ შეგრძნებებს გავუმკლავდეთ, გადავწყვიტეთ, ფსიქოლოგ ელენე სიხარულიძესთან გვესაუბრა.

M: ალბათ ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უთქვამს, რომ უბრალოდ არ შეუძლია რამის კეთება ან საერთოდაც არაფერი გამოდის, რა ხდება ამ დროს?

გეთანხმებით, ალბათ, როდესაც რაიმე არ გამოდის და არ შეგვიძლია ამა თუ იმ საქმის კეთება, დანებებისკენ მივდივართ. ბუნებრივია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვითქვამს ფრაზა “არაფერი გამოდის ამ ქვეყანაში…”; “არაფერი გამომდის…”; “ამდენს ვცდილობ და მაინც არაფერი გამოდის…” და ასე უსასრულოდ შეიძლება ამ ფრაზების ჩამოთვლა. რეალურად კი ამ დროს საქმე გვაქვს პოლარიზებულ (შავ-თეთრი) აზროვნების შეცდომასთან — კოგნიტიური შეცდომების ერთ-ერთ ტიპთან. ამერიკის ასოციაციის (APA) თანახმად, ამ ტიპის აზროვნებას, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ყველა ადამიანი განიცდის. 

მ დროს რეალობის ზუსტად აღქმის უნარს ვკარგავთ და სიტუაციას უარყოფითად ვაფასებთ. პოლარიზებული აზროვნების დროს კი მოვლენებს უკიდურესად აღვიქვამთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველაფერი შავია ან თეთრი, საოცარი ან საშინელი, ყველაფერი ან არაფერი. ამის ფონზე ის მნიშვნელოვანი ნიუანსები გვავიწყდება, რომლებიც უკიდურესობებს შორის არსებობს. ჩვენს ფსიქიკას არ მოსწონს ეს არც დადებითი და არც უარყოფითი უკიდურესობები… არამედ, ბალანსი მეტად ხიბლავს და, შესაბამისად, სტრესულია ჩვენთვისვე. ამიტომ, როდესაც ვამბობთ რომ “არაფერი გამოდის”, სად გაქრა ის, რაც გამოდის?

M: როცა ეს ფიქრი და შეგრძნება გვეუფლება რომ “უბრალოდ არ გამოგვდის”, რა უნდა გავაკეთოთ?

როდესაც გვაწუხებს, რომ რაიმე არ გამოგვდის და გვსურს, გამოგვდიოდეს, საკუთარ თავს მუდამ იმას ვახსენებთ, თუ როგორ ვერ ვახერხებთ სასურველის მიღწევას. სხვებთანაც ამაზე ვწუწუნებთ… და ისმის კითხვა: იქნებ, საკმარისად არ ვცდილობთ?

ჩემი “აღმოჩენაა” სიტყვა “ჯერ”, რომელიც ქეროლ დვეკის, ამერიკელი ფსიქოლოგის,  წარმატებულ ადამიანად ყოფნის აუცილებელი მაინდსეტია. გასაოცარია, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ერთმა ფრაზამ ჩვენი აზროვნება და მთლიანად ცხოვრება. მეც ვცდილობ ეს სიტყვა ყოველდღიურობაში დავნერგო და განსაკუთრებით მაშინ გავიხსენო, როდესაც წარუმატებლობას, მარცხს, დაბრკოლებას წავაწყდები. აი, მაგალითად ცხოვრებისეული გამოწვევა გვაქვს, რომელიც არ დაგვიძლევია ვამბობთ: “ჯერ არ გამომდის” თუ “არ გამომდის”? 

“ჯერ” ნიშნავს, რომ მართლაც გამოწვევად აღვიქვამთ პრობლემებს და თითქოს, ფაზლი ან მათემატიკის ამოცანა გვაქვს ამოსახსნელი. თავსატეხის გადაჭრის შემდეგ კი კუთვნილ სიამოვნებას მივიღებთ. თუმცა “არ გამომდის” უკვე მოცემულობა — ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ ბრძოლას აღარც კი აქვს აზრი და ჩვენივე თავს ვართმევთ ძალიან მნიშვნელოვანს… მცდელობასა და იმედს. ცხოვრება კი ნამდვილად სავსეა გამოწვევებით. აი, დანებება კი მარტივი გამოსავალია.

M: როცა ძალიან ბევრს ვცდილობთ, ყოველდღიურად ვიბრძვით მიზნის მისაღწევად და მაინც არ გამოდის, ამ დროს რა აჯობებს?

ძალიან კარგი შეკითხვაა! აი, ამ დროს მგონი უკვე დროა ყველაფრის კეთება შევწყვიტოთ წუთიერად შევჩერდეთ. საკუთარ თავს ვკითხოთ, რამდენად სწორი გზა ავირჩიეთ მიზნის მისაღწევად? იქნებ, ეს გზა სულაც არ მიდის ამ შედეგამდე? მაგალითად, მსურს დამაწინაურონ სამსახურში და გამიზარდონ ხელფასიც, ძალიან ბევრს ვშრომობ ამისთვის… დიდი ხანია, ამ კომპანიაში ვმუშაობ და ჩემი აზრით, ვიმსახურებ დაწინაურებასაც. დამსაქმებელი კი არა და არ მაწინაურებს. იქნებ, გზა რომლითაც მეტი და მეტი საქმის კეთება ავირჩიეთ, სულაც არ მიდის დაწინაურებამდე? იქნებ, მეორე გზა, მაგალითად, უფროსთან მისვლა და ჩვენი სურვილის გამჟღავნება უფრო ეფექტური გზა აღმოჩნდეს?

M: არის შემთხვევები, როცა ბრძოლას დანებება სჯობს?

დიახ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, შეიძლება, დანებება სწორი არჩევანიც აღმოჩნდეს. მაგალითად, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში გვქონდეს რაიმე მიზანი და ჯიუტად ვიბრძოდეთ ამისთვის, თუმცა ვერა და ვერ ვაღწევთ მას. რა ხდება ამ დროს? არის შემთხვევები, როცა მიზნის დასახვისას ჩვენც გვეპარება არაჯანსაღი მოტივები… მაგალითად, შესაძლოა, მას საფუძვლად ედოს ვინმეს დამცირება, შურისძიება, ზიანის მიყენება და სხვა საზიანო მოტივები.

მიზნები, რომლებსაც საფუძვლად საკუთარი თავის ან სხვისთვის ზიანის მიყენებას უდევს და სარგებელი არ აქვს, კი ბატონო მაინც მიღწევადია… მაგრამ ასეთი მიზნის მიღწევა ჩვენგან იმდენ რესურს მოითხოვს, რომ, დიდი ალბათობით, აღარავინ და აღარაფერი შეგვრჩება. დავრჩებით ჩვენ და ჩვენი არაჯანსაღი მიღწეული მიზანი. ამიტომ, უმჯობესია, მიზნის დასახვისას დავფიქრდეთ, რა არის ჩვენი მოტივი — რა მოხდება სურვილის ახდენის შემდეგ? გაგვიხარდება, სარგებელს მოიტანს, თუ შურს ვიძიებთ და სხვებს ჭკუას ვასწავლით.

სამყარო მაქსიმალურად ხელს გვიშლის ასეთი მიზნის მიღწევაში და ეტაპ-ეტაპ გვეუბნება, რომ არასწორ მოსახვევში შევუხვიეთ. მნიშვნელოვანია, ეს სიგნალი დროულად ამოვიცნოთ და შევჩერდეთ. დროულად ვთქვათ, რომ ეს გზა სწორი კი მიმაჩნდა, მაგრამ არ მიმიყვანს სასურველ შედეგამდე. საკუთარ სიჯიუტესთან დანებება ძალიან გვეხმარება ხოლმე, აღმოვაჩინოთ ჩვენი რეალური “მინდა”. 

M: დაბოლოს, თუ საკუთარი თავისთვის იმის ძახილი, რომ არაფერი გამოგვდის, რუტინად გვექცა, რა უნდა გავაკეთოთ? — სჯობს, ფსიქოლოგს მივმართოთ თუ თავად მოვერიოთ მას?

არის შემთხვევები როდესაც “არ გამომდის” ფრაზა დიდი რაოდენობითაა ჩვენს ყოველდღიურობაში და მნიშვნელოვანი გამოძახილია სხვადასხვა სირთულეების: დაბალი თვითშეფასების, ემოციური დისბალანსის, დეპრესიული განწყობის, მარტივიდან რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობებისკენ… თუმცა მხოლოდ ამ ფრაზით ვერ ვიტყვით ამა თუ იმ ადამიანის შესახებ დაზუსტებულად რაიმეს. დიახ, თუ ფიქრობთ, რომ სპეციალისტის ჩართულობით ეფექტურ დროში სასურველ შედეგამდე მიხვალთ, რა თქმა უნდა, სჯობს, მიმართოთ მას.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ფსიქოლოგის დახმარებით, ადამიანები მნიშვნელოვან ინფორმაციებს აღმოაჩენენ ხოლმე საკუთარი თავის შესახებ… ხანგრძლივი ყრუ ტკივილისგან თავისუფლდებიან და თერაპიის დასასრულს მადლიერების განცდა ეუფლებათ თავიანთი პიროვნების მიმართ, რომ მათ ეს მნიშვნელოვანი პროცესები წარმატებით გაიარეს.

ავტორი: ქეთია ბელქანია

ქეჟბერია – ქართული ტრადიციული სამოსით შთაგონებული ტანსაცმლის ბრენდი

რედ ბულმა ფორმულა 1-ში სახელის უფლებები 695 მილიონ დოლარად გაყიდა