დღევანდელ დღეს, როდესაც თითქმის არ არსებობს სფერო, რომელსაც მონაცემთა დამუშავება და რეპორტინგი არ სჭირდება, ისეთი ტექნოლოგიური ხელსაწყოები, რომლებიც მსგავსი საკითხების სწრაფად და მარტივად გადაჭრაში გვეხმარება, ძალზე მნიშვნელოვანია. ბიზნესი, ეს ის სექტორია, რომელსაც ყველაზე მეტი გამოწვევა აქვს ამ მხრივ: მას მუდმივად ესაჭიროება ანგარიშების გამოთვლა, წარდგენა და ვიზუალიზაცია. ამ სტატიაში ჩვენს რესპონდენტთან ერთად გესაუბრებით იმ პროგრამაზე, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ თემებში დაგეხმარებათ.
POWER BI Microsoft-ის პროდუქტია. ის არის Business Inteligence პლატფორმა, რომელიც მონაცემთა ვიზუალიზაციის, ავტომატიზაციისა და ინტერაქციებისთვის გამოიყენება. მასში ჩვენთვის საჭირო მონაცემების შეტანა შეგვიძლია უშუალოდ მონაცემთა ბაზიდან, ვებგვერდიდან ან სტრუქტურირებული ფაილებიდან, როგორიცაა ცხრილები: CSV, XML და JSON. დანარჩენს უფრო გასაგებად და პროფესიონალურად, ამ სფეროს სპეციალისტი, მონაცემთა ანალიტიკოსი, თორნიკე კვინიკაძე გვეტყვის:
M: რა არის power BI და რაში გამოიყენება?
Power BI არის მონაცემთა დამუშავების, ავტომატიზაციის, ანალიზის და რეპორტინგის საუკეთესო პროდუქტი. მას აქვს როგორც Power Query Editor – რაც ავტომატიზაციას უწყობს ხელს, ისე დახვეწილი რეპორტინგის მექანიზმი და რაც მთავარია DAX-ის, იგივე Data Analysis Expressions-ის ფუნქციონალი, რაც მომხმარებელს ანალიტიკის უსაზღვრო შესაძლებლობა აძლევს.
M: გარკვეულ მონაცემთა დასამუშავებლად ხშირად EXCEL-საც ვიყენებთ. გვითხარით, რა განსხვავებაა ამ ორ პროგრამას შორის?
Power BI-სა და Excel-ს აქვს საერთო ფუნქციები, როგორიცაა თუნდაც Power Query Editor, თუმცაღა ორივე პროგრამას აქვს თავისი გამოყენების საზღვრები. Excel არ არის მონაცემთა ვიზუალიზაციის და დეშბორდის აგების პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია ამის გაკეთება. ძალიან რთულია, ექსელში კარგად აჩვენო ინფორმაცია, მისი მწირი ვიზუალიზაციის შემოთავაზებებიდან გამომდინარე – როდესაც Power BI-ში ყველანაირი ინფოგრაფიკ ტიპის ვიზუალი არსებობს, თქვენ მხოლოდ წარმოიდგინეთ როგორი გინდათ. Power BI არის Excel-ის თანამედროვე ვერსია, სადაც ინფორმაციის უჯრებში გამოტანა შეუძლებელია, თუმცაღა ვიზუალიზაცია არის ახალ დონეზე აყვანილი.
M: რა შესაძლებლობებს გამოყოფდით POWER BI-ში, რომელიც მას საჭირო პროგრამად აქცევს?
თუ რუტინული საქმიანობის ავტომატიზაცია არ გხიბლავთ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ Power BI-ში საკმარისია ერთ refresh ღილაკს ხელი დააწკაპუნოთ და ამით განაახლოთ თქვენი მონაცემები და მეტიც, შეგიძლიათ დაავალოთ, რომ ყოველ 30 წამში ერთხელ განახლდეს, რაც გამოიწვევს იმას, რომ ყოველთვის, დროის ნებისმიერ მონაკვეთში Real Time View გექნებათ, არ დაელოდებით თანამშრომლებს, როდის განაახლებენ რეპორტებს და არ დაკარგავთ დროს კადრების გადამზადებაში, იმის ასახსნელად თუ როგორ მუშაობდა თქვენი ძველი რეპორტინგის მექანიზმი. Power BI-ს ყველაზე ძლიერი ფუნქციონალი მისი ანალიტიკური ფორმულებია, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ისეთი ფორმულები, რომლებიც დაგითვლით 1 წლის ჯამში შემოსავლის მოცულობას; ის გეხმარებათ, დააკვირდეთ, წინა პერიოდთან შედარებით როგორი დინამიკა გაქვთ და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, გათვალოთ, როდის მიაღწევს თქვენი წლიური ბრუნვა 100,000₾-ს, რათა დარეგისტრირდეთ დღგ-ს გადამხდელად, ან თუნდაც განსაზღვროთ თქვენი სამომავლო მიზნები, როგორც წინა პერიოდის ჯამური შემოსავლის 3%-იანი ზრდა, მერე კი ახსნათ, რის ხარჯზე მოხდა ან ვერ მოხდა მიზნის შესრულება. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ კორელაციური კავშირი თქვენს შემოსავლებსა და პროდუქტების გაყიდვადობას შორის, დასკვნები გააკეთოთ და ნახოთ, თუ რა იწვევს ერთი მხრივ, A პროდუქტის კარგად გაყიდვადობას და მეორე მხრივ, B პროდუქტი რატომ ვერ დებს შედეგს.
M: საქართველოში რამდენად აპრობირებულია და რა სიხშირით გამოიყენება?
ძალიან მიხარია, როდესაც ვამჩნევ, როგორ ცდილობენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიები Power BI-ს გამოყენებას. ელექტრონულ აკადემიაში, ხშირად მოგვდის წერილები BI-ს იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, გვიხარია, როდესაც ვხედავთ, რომ კომპანიები ცდილობენ, მიბაძონ საერთაშორისო პრაქტიკას და მათი მსგავსი პლატფორმებით აკეთონ შიდა თუ გარე რეპორტინგი
M: რისი ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა POWER B?
Power BI-ში არის ჩაშენებული, ანუ Microsoft-ის მიერ შექმნილი 30-ზე მეტი განსხვავებული ვიზუალი და ამასთან ერთად Community, ანუ BI-ს მომხმარებლების მიერ შექმნილი 10,000-ობით სხვადასხვა ვიზუალი, რომელიც საკმაოდ მარტივად ჩაშენებადი და გამოყენებადია. ნებისმიერი ტიპის ვიზუალი და ინფოგრაფიკი, რაც გინახავთ სადმე, შეგიძლიათ, იპოვოთ და აღმოაჩინოთ Power BI-შიც. თქვენ შეგიძლიათ Power BI-ში არა მარტო ვიზუალების გამოყენება, არამედ მათი შექმნაც, თქვენით „დახატვა” იმ გრაფიკების თუ დიაგრამებისა, რაც გინდათ რომ აღწეროთ კანვასზე.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი











