in

“რამე კაი ფილმი მირჩიეთ!” – ქართული ინტერნეტ პორტალი Rasvuyuro.ge

სოციალურ ქსელში ხშირად წააწყდებით სტატუსს: “რამე კაი ფილმი მირჩიეთ”. შემდეგ, კომენტარებში მეგობრები თავიანთი ფავორიტი ფილმების შესახებ წერენ ხოლმე. თუმცა, სხვისი გემოვნება შეიძლება ჩვენსას არ დაემთხვეს. აკაკი ხუჯაძემ და ზურა ნატროშვილმა ამ პრობლემას თავისებური გადაწყვეტა მოუძებნეს და ინტერნეტ პორტალი შექმნეს. Rasvuyuro.ge ქართული ვებგვერდია, რომელიც კინომანებს სასურველი კონტენტის შერჩევაში ეხმარება. ძიებაში საკუთარი სიტყვებით შეგიძლიათ ჩაწეროთ ფილმის აღწერა, ხოლო სისტემა თავის ვერსიებს შემოგთავაზებთ.

bog
bog-mob

M: რა საჭიროებამ განაპირობა Rasvuyuro.ge-ს შექმნა?

მოგეხსენებათ, როგორი აქტუალურია საქართველოში ფილმების ონლაინ ყურება. მე და ჩემს მეგობრებსაც ხშირად გვისარგებლია ამ სერვისით. თუმცა ყველას, ვინც ფილმებისა და სერიალების მოყვარულია, ალბათ გასჩენია კითხვა: „რას ვუყურო?“. სწორედ ამ შეკითხვით ჩაისახა იდეა შეგვექმნა ვებგვერდი, რომელიც ადამიანებს ამ კითხვაზე გასცემდა პასუხს. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ადამიანს განსხვავებული გემოვნება აქვს, შესაბამისად მოსწონთ სხვადასხვა სახის ფილმები. ზოგს სუპერგმირებზე, ზოგს ომზე, ზოგს გამოგონილ სამყაროებზე და ასე შემდეგ. პრაქტიკულად შეუძლებელია რეიტინგით, ჟანრით ან რომელიმე სხვა პარამეტრით ისე გავფილტროთ ფილმები, რომ ჩვენი გემოვნების შესაბამისი ფილმები ვიხილოთ და ფილმის ყურებით ესთეტიური სიამოვნება მივიღოთ. Rasvuyuro.ge სწორედ ამ პრობლემას უმკლავდება და მომხმარებელს აძლევს ფილმების აღმოჩენის სრულიად ახალ გზას.

M: რა სერვისები აქვს საიტს? 

ამჟამად, Rasvuyuro.ge მომხმარებელს სთავაზობს ფილმების რჩევის 3 გზას: საყვარელი ფილმის მიხედვით, ფილმის სიუჟეტში არსებული თემატიკების მიხედვით და მომხმარებლის მიერ აღწერილი სიტყვებით. სამივე გზა ერთიდაიმავე მიზანს ემსახურება – მომხმარებლის გემოვნების დადგენა და შემდეგ შესაბამისი ტიპის ფილმების შეთავაზება. ტიპიური ფილმების საიტებისაგან განსხვავებით, Rasvuyuro.ge-ზე ფილმები დავახარისხეთ ფილმის სიუჟეტში მოქმედი თემატიკების მიხედვით. ამან საშუალება მოგვცა ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა რეიტინგით, თარიღით ან ჟანრებით სრულიად განსხვავებული ფილმები, რომლებიც რეალურად ერთმენეთს ძალიან ჰგავს. შესაბამისად, საკმარისია მომხმარებელმა დაასახელოს მისი საყვარელი ფილმი და სისტემა მარტივად ურჩევს ფილმებს, რომლებსაც მსგავსი სიუჟეტი, მიმდინარეობა და თემატიკა აქვს. ალტერნატიულად მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ერთი, რომელიმე კონკრეტული თემატიკა, მაგალითად, „სასიყვარულო სამკუთხედი“ და მარტივი გამოსაცნობია როგორ ფილმებს მიიღებს შედეგად მომხმარებელი. გარდა ამისა, შესაძლებელია Rasvuyuro.ge-ს პირდაპირ, თქვენი სიტყვებით ქართულად აუხსნათ როგორი ფილმები გაინტერესებთ და იგი შეეცდება თქვენი სიტყვების გაანალიზებით გირჩიოთ ფილმები.

M: ვინ ხართ პროექტის ავტორები? რა პროფესიის და პარალელურად, რას საქმიანობთ?

პროექტის ავტორები ვართ ბავშვობის მეგობრები აკაკი ხუჯაძე და ზურა ნატროშვილი. მე, აკაკი ხუჯაძემ, დავამთავრე აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკულტეტი, თუმცა ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული კომპიუტერული ტექნოლოგიებითა და ვებდეველოპმენტით, რამაც განაპირობა ჩემი თვითგანათლება ამ სფეროში. ამჟამად, ვქმნი სხვადასხვა ტიპის პროგრამულ დამატებებსა და აპლიკაციებს ფართოდ გამოყენებადი პლატფორმებისათვის, რომლებიც შემდეგ საერთაშორისო მარკეტებზე იყიდება. ხოლო ზურაბ ნატროშვილმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტი და ამჟამად დასაქმებულია კომპანია „კრისტალბეთში“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის პოზიციაზე. უამრავი საერთო იდეისა და ინტერესის მიუხედავად, Rasvuyuro არის პირველი პროექტი, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ და სამომავლოდ, კიდევ სხვა ბევრი საინტერესო იდეის განხორციელებას ვგეგმავთ.

M: რა ეტაპზეა პროექტი ამ დროისთვის?

ამ ეტაპზე პროექტი სრულყოფილი და დასრულებულია, თუმცა პროექტი შექმნის დღიდან განვითარების პროცესში მოიაზრება, რადგან გამუდმებით ვცდილობთ გავაუმჯობესოთ სერვისი, კიდევ უფრო რელევანტური გავხადოთ რჩევის შედეგები, დავამატოთ რჩევის მიღების ახალი გზები და დავხვეწოთ ვებგვერდის დიზაინი. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს Facebook Messenger-ის პლატფორმაზე დაბრუნება, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს პირდაპირ Facebook Inbox-ში მიიღოს რჩევები მესიჯების სახით. Rasvuyuro-ს ბოტი მიწერს მომხმარებლებს Facebook-ზე კითხვებს და მათი პასუხების შესაბამის ფილმებს ურჩევს.

M: როგორ აპირებთ საიტის მონეტიზაციას?

ამჟამად, ჩვენი მიზანი პირველ რიგში მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირება და მათთვის Rasvuyuro-ს იდეის შეყვარებაა, თუმცა მომხმარებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად, დაგეგმილი გვაქვს ვებგვერდის მონეტიზაციაც. Rasvuyuro.ge-ს მონეტიზაციას სხვადასხვა სახის რეკლამით ვაპირებთ. ამ თემაზე პროექტის საწყის ეტაპზევე ვიფიქრეთ და ვებგვერდის დიზაინიც და სტრუქტურაც ისე შევიმუშავეთ, რომ მომხმარებლისათვის გამაღიზიანებელი არ ყოფილიყო. საიტზე არსებობს თავისუფალი ადგილები სადაც განთავსდება ბანერები, ასევე განთავსდება ვიდეორეკლამები ფილმების თრეილერებზე და გარკვეული შეთანხმება გვქნება ფილმის საყურებელ საიტებთან ჩვენი მომხმარებლების მათ ვებგვერდზე გადასვლისთვის.

M: რამდენად თანხვედრაშია თქვენთან რეკლამის დამკვეთების სამიზნე სეგმენტი თქვენი საიტის სამიზნე სეგმენტს?

ჩვენთან რეკლამის დამკვეთების სამიზნე სეგმენტი 100%-ით თანხვედრაშია ჩვენი საიტის სამიზნე სეგმენტთან. ჩვენი პირდაპირი სარეკლამო „სამიზნეები“ არიან ფილემბის ვებგვერდების მფლობელები. მათი პირდაპირი ინტერესი არის ის, რომ მომხმარებელი შევიდეს მათ ვებგვერდზე და უყურონ ფილმს(ებს). რაც შეეხება ჩვენს საიტს, ჩვენი მომხმარებელი არის ის, ვისაც ფილმის ყურება უნდა. როდესაც მომხმარებელი ჩვენს საიტზე შემოდის, რა თქმა უნდა ფილმს ეძებს, შესაბამისად, როდესაც იგი აარჩევს ფილმს, გადადის ბმულზე საყურებლად. აქედან გამომდინარე, ჩვენს საიტზე განთავსებული რეკლამა ყველაზე ხარისხიანი და მომგებიანია ფილმების ვებგვერდის მფლობელთათვის.

ქართველი დელეგატები Cannes Lions 2018-იდან: „ფესტივალი გაძლევს ყველაფერს! რას წამოიღებ, ეს უკვე შენზეა“

გადაკვეთე კონტინენტი! – Canon-ის შთამბეჭდავი ვიდეორგოლი