9
Oct
2019

“მუსიკა ჩემთვის იდენტობის ძიების ნაწილი გახდა” – რატი ერაძე #თაობა

9 Oct 2019

რატი ერაძე 19 წლის მუსიკოსია თბილისიდან. მუსიკასთან ურთიერთობა პირველად 4-5 წლის წინ დაიწყო და დღეს უკვე მუსიკას მისი იდენტობის ძიების ნაწილად აღიქვამს. ამჟამად სტუდენტია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტროაკუსტიკურ და კომპიუტერულ მუსიკაზე სწავლობს. მისი შემოქმედების შესახებ #თაობა რატის გაესაუბრა:

M: ვინ არის რატი ერაძე? – გაგვაცანი შენი თავი..

19 წლის ასაკში რთულია თქვა, ვინ ხარ. პრინციპში, ყველა ასაკში თითქმის შეუძლებელი მგონია ეს – განსაკუთრებით დღესდღეობით.

ზუსტად იდენტობის ძიების ნაწილი გახდა ჩემთვის მუსიკა თინეიჯერობის დასაწყისშივე და ვცდილობდი, საკუთარი თავისთვის ეს ხელმოსაჭიდად გამომეყენებინა, რითიც მეტ-ნაკლებად გავიკვლევდი გზას.

M: როდის გქონდა მუსიკასთან პირველი შეხება და როგორ გახსენდება ეს მომენტი?

პირველი გამოცდილებები მუსიკასთან 4-5 წლის წინ მქონდა, როდესაც გიტარაზე დაკვრა ჩემით ვისწავლე. მალევე ავითვისე ციფრული აუდიო/მიდი software და საკუთარი სიამოვნებისთვის ვწერდი ტრეკებს, ქავერებს, სიმღერებს.

მოგეხსენებათ, ვისაც გამოცდილება გაქვთ, რაც დრო გადის ეს “ნაივურობა” შემოქმედებაში შედარებით ნელდება და არტისტი ხარისხისთვის კომპრომისზე მიდის. შესაძლოა ითქვას, რომ ერთ-ერთი პირველი კრიზისიც სწორედ ეს არის.

M: შემდეგ როგორ განვითარდა შენი მუსიკალური საქმიანობა?

ამ ნაივურობის მწვერვალზე, 15 წლის ასაკში, მე და ჩემს მეგობრებს მოკლევადიანი შუგეიზ/პოსტ-როკ ბენდი Solar Theory გვქონდა. რამდენიმე ლაივი გვქონდა და საფრანგეთშიც გავემგზავრეთ მსახიობებისა და მოცეკვავეების ჯგუფთან ერთობლივ პროექტზე სამუშაოდ. საკმაოდ საინტერესო და ინტენსიური გამოცდილება იყო, მით უმეტეს, ასეთ ადრეულ ასაკში.

ამის შემდეგ მარტო მუშაობა და საკუთარი თავის დახვეწა დავიწყე, რაშიც ერთადერთი დამხმარე ინტერნეტი იყო. ეს ბოლო 2-3 წელიც სწორედ ამას ემსახურებოდა: გემოვნებისა და ტექნიკის განვითარებას, მუსიკის მოსმენასა და სტანდარტის ამაღლებას. თანამედროვე ციფრული მუსიკის შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხმის დიზაინს, რისი სწორად ჩართვის გარეშეც, ყველანაირი მუსიკალური ასპექტით დახვეწილი ნამუშევარი შესაძლოა, ორგანზომილებიანი გახდეს – ბრტყელი და მშრალი.

M: ამჟამად რას საქმიანობ? 

ამჟამად ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტროაკუსტიკურ და კომპიუტერულ მუსიკაზე და, ვცდილობ, ამ სფეროსთან დაკავშირებით conventional განათლება გავიღრმავო. სადებიუტო კრებულის გამოცემა ჯერჯერობით მხოლოდ გეგმაშია, ჟღერადობაც მუდმივ განვითარებასა და დახვეწის პროცესშია, შესაბამისად, ვერ EP ნაძალადევად ვერ შეიკვრება. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი რელიზი მაქვს კასეტის სახით გაკეთებული ადგილობრივ მუსიკოსებთან ერთად Victor Willaert-ის ფრანგულ ლეიბლზე Third Try Records, სადაც იმ არტისტების შემოქმედება გამოიცა, რომლებმაც გარკვეული გავლენა იქონიეს ჩემზე: SFV Acid, S. Channel…

დიჯეინგს რაც შეეხება, ადგილობრივმა სცენამ უდიდესი გავლენა იქონია ჩემს მუსიკაზე და უამრავი ახალი რამ მასწავლა. თუმცა, ჩემი აზრით, დენსფლორზე სიახლის შემოტანა და მსმენელის კომფორტის ზონის დარღვევა მათი განვითარებისთვის აუცილებელია და ბევრი ადგილობრივი არტისტის მხრიდან ბოლო დროა, ეს ცოტათი დააკლდა ქალაქს. მგონი, დიჯეის მიზანი ყველაფრის მიღმა სწორედ ესაა.ზოგჯერ ადგილობრივ კლუბებსა და ბარებში ვუკრავ და ყოველთვის ვცდილობ, რასაც ვუკრავ, არ იყოს ის, რაც მოსმენილი გვაქვს ყველას უამრავჯერ, ან, თუ ისაა, რაც გვაქვს მოსმენილი, იყოს “with a twist.”

M: ძირითადად, რა ჟანრში ქმნი მუსიკას?

არამგონია დღესდღეობით კიდევ ვინმე იზღუდავდეს თავს ამ სიტყვით. საკუთარი ჟღერადობა შეგიძლია გახადო ჟანრი თუ, მაინც და მაინც, ასე ფიქრობ. თუ კლასიფიკაცია უნდა მოვახდინოთ, ვიქტორის ლეიბლზე გამოცემული ჩემი ტრეკი ძირითადად ელექტრო ჟღერადობით გამოირჩევა, თუმცა IDM-ის და დღევანდელი ექსპერიმენტული სცენის გავლენა ყოველთვის თან ახლავს. ყოველ ჯერზე ვცდილობ, თავიდან ვიპოვო საკუთარი იდენტობის გაფანტული ნაწილები მუსიკის სხვადასხვა ჟღერადობაში. თუმცა, ამის მიუხედავად, ყოველთვის ერთი ქვეხაზი დაჰყვება მათ. ასევე, რადგან dance music დიდი ნაწილი არის ჩემი მუსიკალური გემოვნების, მის ჩართვას მუსიკის შექმნის პროცესშიც კომფორტულად აღვიქვამ, ამიტომ DJ Tool-ებისა და პარალელურად ემბიენთ მუსიკის შექმნა წინაღობა და შეზღუდვა არ არის ჩემთვის – არავის ვურჩევდი რომ ასე შეიზღუდოს თავი.

M: როგორ ფიქრობ, რისი თქმა გსურს შენი შემოქმედებით?

უცნაური იქნებოდა საკუთარი შემოქმედებისთვის შტამპი რომ დამეკრა, რაც აიძულებდა ხალხს, რომ კონკრეტული კუთხიდან შეეხედათ მისთვის.

რისი „თქმაც მინდა“ არის ინდივიდუალური თითოეული ნამუშევრისთვის – იქნება ეს მისი ატმოსფერო თუ სიღრმე. რა თქმა უნდა, კონკრეტულის არაფრის.

მახსენდება, რომ აფექსი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს საკუთარ ალბომზე ‘Selected Ambient Works II’ “is like standing in the middle of a power station on acid” – რაც საკმაოდ კონკრეტული და თან აბსტრაქტული შეგრძნებაა, თუმცა, წარმოდგენილი ემოცია ზუსტად შეესაბამება ალბომს. სწორედ ასეთი შინაგანი სამყაროს ანარეკლები არის, ჩემი აზრით, რაიმე ნაწარმოების სათქმელი.

M: საიდან მოდის, ძირითად შემთხვევებში, ინსპირაცია?

მხოლოდ უშუალოდ შრომის პროცესიდან.

მუსიკალური ინსპირაციისთვის კი ძირითადად თანამედროვე ექსპერიმენტულ ლეიბლებს ვუსმენ: The Death of Rave, Editions Mego, Where To Now?, RVNG Intl, Whities…

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვს? 

როგორც უკვე ვახსენე, კრებული ხელოვნურად ვერ შეიკვრება. თუმცა, სულ მუშაობისა და ექსპერიმენტაციის პროცესში ვარ, ამიტომ არ არის გამორიცხული სადებიუტო EP-ს ციდან ჩამოვარდნა.

M: რომ არა მუსიკა..

ამ მომენტში, მშენებლობის ხმა შეუძლებელს გახდიდა ინტერვიუს..

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა