in

„რომ არა ქაოსი, შეიძლება საბოლოოდ ის ვერ მივიღო, რაც მინდა” – მუსიკოსი რატი ონიანი

როდესაც მის მუსიკას ვუსმენთ, ჟანრთა მრავალფეროვნებაში ვიძირებით. შეგვიძლია, ერთდროულად შევიგრძნოთ ქართული, კერძოდ, სვანური ფოლკლორის ჰანგები, მეტალი, ფსიქოდელია, ჰიპ-ჰოპი და სხვა. როგორც წესი, როცა კომპოზიცია იწყება, მსმენელისთვის ინტროც საკმარისია, რომ მიხვდეს, ეს არტისტი რომელ სტილს სთავაზობს, თუმცა RIHA-ს სახელით ცნობილი მუსიკოსის, რატი ონიანის მთავარი ნიშაც სწორედ ისაა, რომ მისი მუსიკა არასდროს ჯდება ჩარჩოებში, მასთან ერთად უამრავი ემოცია მოდის და საბოლოო ჯამში, ერთ მთლიან კომპოზიციად იკვრება. აქვე იმასაც შეამჩნევთ, რომ მიუხედავად მრავალხმიანი ჟღერადობისა, მთავარი ინსტრუმენტი ბასია, რაც შედარებით იშვიათი მოვლენაა მუსიკალური ნაწარმოებისთვის.

როგორც თავად არტისტი გვიყვება, ხელოვნებასთან კავშირი დაბადებიდან დაჰყვა, რადგან მისი ბაბუა ცნობილი მოქანდაკე, მამა კი მხატვარია, რომელიც, ასევე, თბილისში ერთ-ერთი ცნობილი მელომანიც იყო და ხალხს აცნობდა ისეთ ცნობილ შემსრულებლებს, როგორებიც იყვნენ Jamiroquai და სხვები. შესაბამისად, ის, რომ ოჯახის პატარა წევრს კარგი მუსიკალური მონაცემები ჰქონდა, უყურადღებოდ არავის დარჩენია და რატი ბავშვობაშივე შეიყვანეს ფოლკლორულ ანსამბლში. როგორც დღეს იხსენებს, ეს ძალიან დაეხმარა, რომ მისი მუსიკალური გემოვნება თუ სტილი ჩამოყალიბებულიყო და თავისი გზა ეპოვა მუსიკაში. „ოფიციალურად” დაკვრა 21 წლის ასაკში დაიწყო, პირველი ალბომი კი 2020 წელს გამოუშვა და მას შემდეგ მუდმივად ცდილობს განვითარებას, სიახლის პოვნას; საინტერესო პროექტების განსახორციელებლად სპეციალურად უმოგზაურია კიდეც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და არც სხვა არტისტებთან კოლაბორაციას ერიდება, რაც, საბოლოოდ, ნამდვილად აისახება მის შემოქმედებაზე.

რატი პოზიციონირდება, როგორც დამოუკიდებელი არტისტი და მასთან ერთხელ საუბარიც კი საკმარისია, რომ მიხვდეთ, რამდენად უყვარს თავისი საქმე და როგორი მოცულია მუსიკით. RIHA-ს გარდა მისი კიდევ ერთი საინტერესო პროექტია „მუჭანახევარა”, რომლის ძირითადი ხაზიც ძველქართული ზღაპრებიდან მოდის. იმისთვის, რომ თქვენც უკეთ გაგაცნოთ, წარმოგიდგენთ ინტერვიუს რატი ონიანთან, ერთ-ერთ ყველაზე ექსპერიმენტულ მუსიკოსთან საქართველოში.

M: რატი, მოგვიყევით, როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები, პირველი სირთულეები მუსიკალურ კარიერაში…

ბასის პირველი პარტიები მობილურით ჩავიწერე, რადგან შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა არ მქონდა, რაც სუფთა და სწორი ჩანაწერებისთვისაა საჭირო. რა თქმა უნდა, შესაბამისად, ჟღერადობაც ვერ გამოვიდა ისეთი, როგორიც პროფესიონალურ დონეზე უნდა იყოს, მაგრამ ვფიქრობ, იმდენად დიდი იყო ჩემში კრეატიული შინაგანი ხმა, რომ ამან გადაწონა ყველა ის ტექნიკური სირთულე, რაც მაშინ, საწყის ეტაპზე მქონდა. ასევე, მომცა საშუალება, უფრო მეტი მემუშავა, მეტი მეექსპერიმენტა და მეტი იმპროვიზაცია გამეკეთებინა. როცა რაღაც გიშლის ხელს, გონებაც სხვანაირად იწყებს მუშაობას…

M: რომელმა ჟანრმა/მუსიკოსმა იქონია გავლენა თქვენი მუსიკალური სტილისა და გემოვნების ჩამოყალიბებაზე?

რთულია, მხოლოდ ერთი დავასახელო, რადგან ბავშვობიდან მრავალ ჟანრს ვუსმენ და ჩემს თავში ამ დროიდან მოყოლებული, სრული მუსიკალური ქაოსია, ოღონდ ეს მომწონს, რადგან რომ არა ქაოსი ჩემს თავში, შეიძლება საბოლოოდ ის ვერ მივიღო, რაც მინდა. 

გავლენას რაც შეეხება, ჩემს სამივე ალბომს ეტყობა, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მუსიკას ვუსმენდი. მაგალითად, პირველი ალბომის დროს, ეს იყო ლეგენდარული BEASTIE BOYS, Bad Brains, Pink Floyd, სვანური ფოლკლორი…მეტიც, ერთ-ერთი ტრეკი, Home of many ways სვანეთში ჩავწერე. მეორე ალბომის კეთების დროს ეს გავლენები კიდევ უფრო გაიზარდა, შემოვიდა Black metal-ის ელემენტები, ხოლო მესამე ალბომზე მუშაობისას არა მარტო მუსიკამ ან ჟანრმა, არამედ პოეზიამაც დიდი ზეგავლენა იქონია, კერძოდ, ლადო ასათიანმა. საერთო ჯამში, რთულია, ყველა არტისტი გავიხსენო, რადგან ძალიან ბევრია ასეთი, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს ყველა ნამუშევარზე ახდენს გავლენას ფოლკლორი და ბახი, რომელიც კლასიკური მუსიკიდან ყველაზე მეტად მიყვარს. ასევე, ბაბუას, ვახტანგ ონიანის მხატვრობასაც დავასახელებდი, რომელიც ჩემს შემოქმედებას მუდმივად თან სდევს.

M: როგორია თქვენი მუსიკალური შემოქმედების პროცესი, რა გეხმარებათ ამ დროს, სად პოულობთ ინსპირაციას და რამდენი დრო სჭირდება ერთ კომპოზიციაზე მუშაობას?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ შემოქმედებით პროცესში განსაკუთრებულად მიყვარს სიფხიზლე, რადგან ვფიქრობ, რომ ფხიზელი ადამიანი ყველაზე კარგად აღიქვამს სამყაროს როგორც მინუსებს, ისე პლუსებს, სირთულეებსა და წარმატებებს. ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო საინტერესოა შემოქმედება, როცა შენი გონება სულ ჩართულია, საღია და შეუძლია, მრავალი კრეატივი განავითაროს. 

რაც შეეხება პროცესს, შეიძლება ქუჩაში სეირნობისას, უბრალოდ, თავში მოვიდეს ახალი მელოდია. ამ დროს მთავარია, რომ ის არ დავკარგო, ჩავიწერო ან ბასზე დავუკრა, რომ მერე მისგან სრულყოფილი ტრეკი შევქმნა. ხშირად ყოფილა, რომ 1 თვე გადის და იდეები არ მოდის, მაგრამ მერე ერთ დღეში მოდის ყველაფერი ერთად და აღარ იცი, ამდენი იდეა სად წაიღო. ეს ქაოსი გეხმარება იმაში, რომ რაღაც შექმნა, რაღაც, რაც შეიძლება იყოს ლამაზიც და უშნოც. მე ვფიქრობ, რომ მუსიკას მარტო სილამაზე არა, ზოგჯერ სიუშნოვეც უხდება, მთავარია, სწორი პალიტრა იპოვო. ამაში კი ბევრი ფიქრი მეხმარება, ფიქრი, ბუნება, ადამიანების ემოციები და სიფხიზლე – ის მთავარი კომპონენტებია, საიდანაც მოდის ინსპირაცია.

M: გყავთ თუ არა მსოფლიო მასშტაბით ისეთი ფავორიტი არტისტი, რომელთანაც სიამოვნებით ითანამშრომლებდით?

ჯერ დავიწყებ იმით, რომ ბევრ მუსიკოსთან მაქვს გაკეთებული კოლაბორაცია. ჩემს ალბომებს თუ გადახედავთ, თავად დარწმუნდებით ამაში. ძალიან საინტერესოა ეს პროცესი, მათთან ერთად ენერგიის ცვლილება და მუშაობა ერთ პროდუქტზე. იმდენად ბევრი ასეთი კოლაბორაცია მქონდა, რომ ამ ეტაპზე ვფიქრობ, ცოტა ხნით დავისვენო კიდეც და მარტომ ვიმუშაო მომდევნო ალბომზე.

თუმცა, ვფიქრობ, რომ კარგი კოლაბორაცია გამომივიდოდა ბექა გოჩიაშვილთან, Kordz-თან, უცხოელებიდან Art Of Noise-თან, რომელიც არის ბრიტანული პროექტი. კიდევ ვიმუშავებდი ambient metal მუსიკოსებთან, იმიტომ რომ ეს ჟანრი ძალიან კარგად მესმის. 

M: როგორ შეაფასებდით დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიას საქართველოში და რას შეცვლიდით მასში?

ჩემი აზრით, ბოლო პერიოდში პროგრესი გვაქვს იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი საინტერესო მუსიკოსი გამოჩნდა, ძალიან ხარისხიანი პროექტებით. უფრო მეტი კონცერტი იმართება, მეტად გაიზარდა ჟანრთა მრავალფეროვნება, უბრალოდ, ვიტყოდი, რომ კარგი იქნება, დამოუკიდებელ არტისტებსაც ჰქონდეთ სათანადო მხარდაჭერა, მათთვისაც მეტი შესაძლებლობა იყოს, რომ თავად არ უწევდეთ ყველა დეტალის ორგანიზება და მენეჯმენტი. ვისურვებდი, რომ უცნობ მუსიკოსებს ჰქონდეთ მეტი პოპულარიზაცია საზოგადოებაში.

მე ვიცნობ ძალიან კარგ მუსიკოსებს, რომლებსაც ერიდებათ კიდეც თავიანთი ნამუშევრების გასაჯაროება, რაზეც მე ვურჩევდი, რომ აუცილებლად უნდა გაბედონ და გააკეთონ, რადგან ცუდია თუ კარგია, ამაზე კამათი ყოველთვის შეიძლება. შენ თუ არ გაბედავ და არ გამოჩნდები, ვერასოდეს გაიგებ, რა იქნებოდა უკეთესი.

M: მუსიკას დიდი დრო მიაქვს. ხშირად მუსიკოსები განიცდიან იმას, რომ საყვარელ საქმეს ვერ უთმობენ სასურველ დროს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, ან როგორია თქვენი გამოცდილება?

სრულიად მესმის, რადგან მეც მქონია მომენტი, როცა ფიზიკურად ვერ ვახერხებ მუსიკის კეთებას, მაგრამ, მეორე მხრივ, მაინც ყოველთვის მაქვს თავში ის, რომ ეს უნდა გავაკეთო, დრო უნდა გადავანაწილო. შეიძლება დღეში 1 საათიც კი საკმარისი იყოს, რომ რაღაც მაინც ცადო. ზოგჯერ უნდა იჩქარო კიდეც ან გადადადო და დააპრიორიტეტო საქმეები, რათა მუსიკა აკეთო. ამასაც გამბედაობა სჭირდება, რომ გადადო სხვა საქმე მუსიკის შესაქმნელად, მაგალითად, საღამოს სადმე თუ მიდიხარ, არ წახვიდე, რადგან იდეა, რომელიც იმწამს მოგივიდა, მერე შეიძლება დაგეკარგოს. მუსიკის შექმნაც საქმეა – ბალანსის პოვნაა საჭირო, რომ მას იმდენი დრო დაუთმო, რამდენიც საჭიროა.

M: რაზე მუშაობთ ახლა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ახლა ვმუშაობ მეოთხე და მეხუთე ალბომზე ერთობლივად, რომლიდანაც ერთ-ერთი იქნება დოკუმენტური ფილმის თემატიკაზე. სულ მინდოდა, ამ მიმართულებაზე მემუშავა და მსმენელიც რაღაცანაირად ელოდებოდა ჩემგან, რომ ამ ჟანრში თავს გამოვცდიდი. 

რა თქმა უნდა, აქაც იქნება ქართული ფოლკლორის ელემენტები, ბასი ისევ წამყვანი ინსტრუმენტი იქნება, თუმცა, ამავდროულად, მსმენელს 2025 წლისთვის რაღაც ახალსაც შევთავაზებ. ასევე, მინდა, რომ მეტი დრო დავუთმო ცოცხალი კონცერტების ჩატარებასაც.

M: და ბოლოს, რა კომპოზიციას დაუტოვებდით მკითხველს?

ეს არის კომპოზიცია, სახელად, Self Control From The Ancient Times (Mirangula), რომელიც 11 წუთს გრძელდება და მგონია, რომ მასში ჩანს RIHA-ს პროექტის ყველა თავისებურება. ეს თუ მოეწონა ადამიანს, სხვა ნამუშევრებითაც დაინტერესდება. თან ვიდეორგოლიც ძალიან საინტერესო გამოვიდა, ამიტომ მკითხველს ამ კომპოზიციას ვუტოვებ.

ბმულები, სადაც შეგიძლიათ, მოუსმინოთ რატი ონიანს: Spotify, Bandcamp

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

თიბისის სტაჟირების პროგრამაზე 1020-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა

რა არის ექსტრა ექსპრესი?