IT აკადემია STEP-ში საღამოს საქმიანი შეხვედრების სერია Night Talk გრძელდება. ამჯერად, შეხვედრის სტუმარი იყო რატი სხირტლაძე – ქართული ხელოვნური ინტელექტის Enagram.AI-ის შემქმნელი და დამფუძნებელი. შეხვედრა დაეთმო ქართული ენისთვის შექმნილი AI-ის მნიშვნელობას, ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და Enagram-ის როლს ქვეყნის ციფრულ განვითარებაში.
Night Talk-ის ფარგლებში მონაწილეებმა უშუალოდ Enagram.AI-ის ავტორისგან მოისმინეს ისტორია, თუ როგორ დაიბადა იდეა ქართული AI-ის შექმნის შესახებ და რა ეტაპები გაიარა პროექტმა დღემდე. სტუმარმა აღნიშნა, რომ Enagram-ის შექმნის აუცილებლობა სწორედ იმ რეალობამ აჩვენა, სადაც საერთაშორისო მოდელები ვერ უზრუნველყოფდნენ ქართული ენისა და კულტურული კონტექსტის სრულფასოვან გააზრებას.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო Enagram.AI-ის მისია – ენობრივი მხარდაჭერისა და კულტურული ინტერპრეტაციის გაერთიანება ერთ სისტემაში. სტუმრის თქმით, პლატფორმა არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექსტის დამუშავებით და მიზნად ისახავს ქართული ენის სიღრმისეული სტრუქტურის, მნიშვნელობებისა და კონტექსტის სწორად აღქმას.
ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ენის სპეციფიკას, რომელიც ხელოვნური ინტელექტისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. განხილულ იქნა მორფოლოგიური სირთულეები, ბრუნვები და მნიშვნელობათა კონტექსტზე დამოკიდებულება, რაც Enagram-ის განვითარების პროცესში ერთ-ერთ მთავარ „თავისტკივილად“ იქცა.
Night Talk-ზე ასევე განიხილეს, შეუძლია თუ არა ქართულ AI-ს კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო მოდელებს. რატის შეფასებით, საკუთარ სეგმენტში Enagram.AI უკვე ქმნის კონკურენტულ უპირატესობას, ლოკალურ ბაზარზე მორგებული გადაწყვეტილებებითა და ქართული რეალობის ღრმა ცოდნით.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მონაცემთა დეფიციტის პრობლემას ქართულ ენაზე და იმ სტრატეგიებს, რომლითაც Enagram ამ გამოწვევას პასუხობს. სტუმარმა ისაუბრა პარტნიორობებზე, მონაცემთა შეგროვებისა და ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომებზე.
პრაქტიკული კუთხით, განხილულ იქნა Enagram-ის გამოყენება ქართულ ბიზნესში, მათ შორის მომხმარებელთა მხარდაჭერის ავტომატიზაცია, ტექსტური ანალიზი, კონტენტის გენერაცია და შიდა პროცესების ოპტიმიზაცია. ასევე გამოიკვეთა სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობის პოტენციალი, განსაკუთრებით ციფრული სერვისებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით.
სტუმარმა ყურადღება გაამახვილა იმ ინდუსტრიებზე, რომლებიც დღეს Enagram-ის ყველაზე აქტიური მომხმარებლები არიან – ბანკები, განათლების სექტორი და მედია – და განმარტა, თუ რატომ არის სწორედ ამ სფეროებში ქართული AI-ის საჭიროება განსაკუთრებით მაღალი.
შეხვედრის დასასრულს, რატი სხირტლაძემ გააზიარა საკუთარი ხედვა Enagram.AI-ის განვითარების 5-წლიან პერსპექტივაზე, სადაც პლატფორმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართული ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებაში და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებაში.

Night Talk-ზე სტუმარს, საჩუქრად გადაეცა ტყავის არტიზანული აქსესუარების ქართული ბრენდის, CREADORA-ს ულამაზესი ჩანთა. CREADORA-ს და Night Talk-ის მეგობრობა, კიდევ უფრო აძლიერებს ქართული ბიზნესისა და განათლების სფეროს თანამშრომლობას.
IT აკადემია STEP აგრძელებს Night Talk-ის ფორმატის ფარგლებში პროფესიულ შეხვედრებს, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას შეხვდნენ სფეროს ლიდერებს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და ჩაერთონ ქვეყნის ტექნოლოგიური მომავლის ფორმირებაში.
[R]














