ალბათ, კონკრეტული მუსიკის გაგონებისას თქვენც ხშირად გახსენდებათ ძველი ამბები. ზოგადად, მუსიკის უნარი, ცხადად დაგვანახოს მოგონებები, მეცნიერებისთვის კარგად ნაცნობი ფენომენია. შესაძლოა, ყნოსვისა და სუნის გრძნობებზე ძლიერიც კი იყოს, რომელიც წარსული გამოცდილებების მძაფრ ემოციებს აღძრავს ჩვენში.
„მუსიკას შეუძლია, მოგონებების მივიწყებული კარი გააღოს და დროში დაგაბრუნოთ, ჩვენ ყველას გვაქვს მსგავსი გამოცდილებები მშობლიურ ქალაქში დაბრუნებისა და სკოლაში სტუმრობისას, რაც მრავალ მოგონებას აღძრავს. ასეა მუსიკის შემთხვევაშიც, იგი აუდიო და ემოციურ გარემოებებს გვთავაზობს, რითაც ყველა მოგონების გაცოცხლების საშუალებას გვაძლევს“, — აცხადებს ენდრიუ ბადსონი, კოგნიტიური და ქცევითი ნევროლოგიის ხელმძღვანელი.
მეცნიერები, რომლებიც ტვინზე მუსიკის ძლიერ ეფექტებს შეისწავლიან, ამბობენ, რომ ამ საკითხზე ცოდნის გაუმჯობესება უკეთესი თერაპიების შექმნაში დაგვეხმარება ისეთი პირობებისთვის, როგორებიცაა დემენცია და მეხსიერების სხვა დარღვევები, შფოთვა, სტრესი და დეპრესია, სწავლის უნარშეზღუდულობა და სხვა მრავალი ფიზიკური დაავადება, იქნება ეს ქრონიკული ტკივილი, კიბო თუ პარკინსონი.
არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ მუსიკა ჩვენს ტვინში დოფამინის გამოყოფას უწყობს ხელს და ე. წ. სიამოვნების მიღების სისტემისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სხვა კვლევები იმასაც ადასტურებს, რომ მუსიკა ამცირებს სტრესის წარმომქმნელი ჰორმონ კორტიზოლის გამოყოფას და ზრდის ოქსიტოცინის რაოდენობას, რომელიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშობიარობისას, შვილისა და მშობლის კავშირში, ნდობისა და რომანტიკული მიჯაჭვულობის საკითხებში.
„მუსიკა ჩვენი ტვინის სხვადასხვა ნაწილს ააქტიურებს. ჩვენ მისი გამოყენება განწყობის გასაუმჯობესებლად შეგვიძლია, რათა სწავლასა და სხვა ადამიანებთან სოციალური კავშირების ჩამოყალიბებაში დაგვეხმაროს. ის ჩვენი იდენტობის ნაწილი ხდება, როგორც ჩვენი ცხოვრების მუსიკა, რომელიც განმარტავს, რატომ არის ის ასე ეფექტური მეხსიერების სტიმულირებისა და აღდგენისთვის“, — განმარტავს ემი ბელფი, ასისტენტ-პროფესორი.
ზოგიერთი ექსპერტი კი მიიჩნევს, რომ მუსიკას შეუძლია დემენციის მქონე პაციენტებში შფოთვის დონე შეამციროს და თუ ეს სიმართლეა, მუსიკა მედიკამენტების ალტერნატივადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ…
„ვფიქრობ, მუსიკას აქვს უნარი, პოზიტიურად შეცვალოს ქცევა, ემოციები და ურთიერთობაც კი მომვლელსა და მისთვის ძვირფას ადამიანს შორის, თუნდაც, კონკრეტული სიმღერის ხანგრძლივობით“, — აცხადებს მელისა ოუვენსი, მუსიკალური თერაპევტი.
ეს კონცეფცია მეტად გასაგები რომ გახდეს, მკვლევრები მოგონებების პატარა ბუშტებად წარმოდგენას გვთავაზობენ, რომლებიც ტვინის განსხვავებულ ნაწილებში დაცურავს. ხოლო, როცა ახალი მოგონებები ყალიბდება, ჰიპოკამპუსი ამ ბუშტების ძაფებს ერთმანეთზე აბამს, ჰიპოკამპი რომ განადგურდეს, ბუნებრივია, მოგონებებიც გაქრება. ხოლო, როცა მეხსიერება შენახულია, მკვლევრების თქმით, განსხვავებული ბუშტები პირდაპირ უკავშირდება ერთმანეთს, რის გამოც ჰიპოკამპის მოქმედებაც აღარ ხდება საჭირო. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებს შეუძლიათ თავიანთი ბავშვობის გახსენება, მაგრამ არა იმის, რაც გუშინ მოხდა…
როცა ადამიანები თავიანთი ახალგაზრდობის მუსიკას იგებენ, „დროის მანქანის ეფექტი“ აქტიურდება. შესაძლოა, სკოლის მოგონებებიც გაგახსენდეთ და თავი ისე იგრძნოთ, თითქოს, თქვენი მეგობრებისა და მშობლების გარემოცვაში ხართ…
დიახ, როცა მუსიკა გვესმის მოგონებები უფრო ცხადი ხდება, ნაცნობ სახეებსა და სტიმულებთან შედარებითაც კი. ამას მცირე მასშტაბიანი კვლევაც ადასტურებს — მართალია, მონაწილეებს მუსიკის გარდა, იმავე პერიოდის ცნობილი ადამიანების, პოლიტიკოსების, ათლეტებისა და კინოვარსკვლავების ფოტოები აჩვენეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათში ყველაზე მეტად მუსიკა აღვიძებდა მოგონებებს, თანაც, გამორჩეული სიზუსტით, თუმცა უფრო მეტად ისინი პერსონალური იყო…