in

რატომ აირჩია Ferrari-მ საქართველო: ინტერვიუ ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლებთან

2025 წლის 19 დეკემბერს მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ავტობრენდი Ferrari ოფიციალურად შემოვიდა საქართველოს ბაზარზე და გაიხსნა Ferrari Tbilisi, პირველი ოფიციალური Pre-Owned და სერვისშოურუმი ქვეყანაში. პროექტი განხორციელდა Ferrari-ს ოფიციალურ პარტნიორთან, Nazar Holding-თან თანამშრომლობით, რომელსაც საავტომობილო ინდუსტრიაში 46-წლიანი გამოცდილება აქვს.

ახალი სივრცე არა მხოლოდ სერტიფიცირებული Ferrari Approved ავტომობილებისა და სრულფასოვანი სერვისის შეთავაზებას ისახავს მიზნად, არამედ Ferrari-ს კორპორაციული იდენტობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული ფილოსოფიის სრულად ასახვას. მისი გახსნა ხაზს უსვამს ბრენდის სტრატეგიულ ხედვას რეგიონის მიმართ და ადასტურებს საქართველოს მზარდ პოტენციალს ლუქსისა და მაღალი წარმადობის ავტომობილების ბაზარზე.

შოურუმის ოფიციალური გახსნისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ თავად პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები: რენო დე პაოლი, Ferrari Europe & Africa-ს ხელმძღვანელი და ალი ნაზარი, Nazar Holdging-ის მფლობელი. მათ marketer-ს გაუზიარეს თავიანთი ხედვა და გეგმები. 

ალი ნაზარი, Nazar Holding-ის მფლობელი:

„მართალია, კონკრეტულ ციფრებს ვერ დავასახელებთ, მაგრამ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოში ძალიან დიდი მოთხოვნა იყო Ferrari-ს ბრენდზე. ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა ავტოპარკი, რომელიც აქ მანამდეც გვქონდა. 

როგორც ბიზნესმენმა და ინვესტორმა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს დიდი შესაძლებლობაა ჩვენთვისაც, რადგან საქართველო, როგორც ბაზარი ავტობრენდისთვის, საკმაოდ სტაბილურია და ღიაა ინვესტიციების მისაღებად.

ეს მიზეზები იყო ყველაზე მთავარი ჩვენთვის, რის გამოც გადავწყვიტეთ, Ferrari-ს ბრენდი საქართველოში წარმოგვედგინა. ღრმად გვწამს, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება და ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწევთ აქ”.

რენო დე პაოლი, Ferrari Europe & Africa-ს ხელმძღვანელი:

M: რატომ აირჩია Ferrari-მ თბილისი თავისი ახალი ოფიციალური ცენტრის გასახსნელად?

ვიცოდით, რომ საქართველოში უკვე გვყავდა ენთუზიასტი კლიენტების ჯგუფი, ამიტომ ჩვენს პარტნიორთან, Nazar Holding-თან ერთად, ვიგრძენით, რომ მნიშვნელოვანი იყო აქ ყოფნა და მათთვის ისეთი სივრცის შექმნა, სადაც სწრაფად და ხარისხიანად მიიღებდნენ მომსახურებას.

ამასთან, გვეყოლება ტექნიკოსების კარგი გუნდი, რომელიც აქ იქნება დაფუძნებული და ეს შექმნის განვითარებულ ცენტრს, რაც ჩამოაყალიბებს ხანგრძლივ ურთიერთობას კლიენტებთან. ვფიქრობ, თუ ადგილობრივი ბაზარი ნდობას იგრძნობს ბრენდის მიმართ, შევძლებთ, რომ ჩვენი მომხმარებლების ბაზა კიდევ უფრო გავაფართოოთ.

M: ჩაატარა თუ არა Ferrari-მ ბაზრის კვლევა საქართველოში შესვლამდე და რა გამოვლინდა ამ კვლევაში?

დიახ, ზოგადად, როდესაც ბაზარზე შევდივართ, ყოველთვის ვატარებთ კვლევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა ფაქტორი გავითვალისწინეთ და შევძლებთ, რომ ახალ ლოკაციაზე არა მხოლოდ ბრენდზე მორგებული სივრცე შეიქმნას, არამედ ადგილობრივი კლიენტებიც კმაყოფილნი დარჩნენ. შედეგმა აჩვენა, რომ საქართველოში არსებობს უკვე ჩამოყალიბებული ავტოსამომხმარებლო ბაზარი.

მეორე მხრივ კი, ჩვენი პარტნიორიც მზადაა, დაგვეხმაროს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ადგილობრივი პოტენციალი, გავიგოთ, რა საჭიროებები აქვთ აქაურ მომხმარებლებს და ერთობლივი ძალებით მივიდეთ იქამდე, რომ კლიენტი დარწმუნებული იყოს აქ მიღებული სამომხმარებლო გამოცდილების ხარისხსა და დონეში.

M: რა მიზნები აქვს Ferrari-ს საქართველოს ბაზარზე?

პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, წარმოვაჩინოთ ის ხარისხი და მომსახურება, რომელიც დაგეგმილი გვაქვს საქართველოს შოურუმსა და სერვისცენტრში.

მეორე მხრივ, გვსურს გავზარდოთ კომუნა და ურთიერთობები, რადგან როდესაც ვსაუბრობთ Ferrari-ზე, ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ მაღალი დონის მოდელებს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის ცენტრი სრულად წარმოადგენს Ferrari-ს, როგორც ბრენდის ახალ კორპორაციულ ვიზუალურ იდენტობას, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გვინდა, ყველა კლიენტი გავაერთიანოთ და მივცეთ საშუალება, თავი ამ ბრენდის სრულფასოვან ნაწილად, ფერარის დიდი ოჯახის წევრებად იგრძნონ. 

M: რამდენად ჯდება Ferrari-ს საქართველოში გახსნა ბრენდის ზოგად, რეგიონულ სტრატეგიაში?

დღესდღეობით Ferrari ბევრ განსხვავებულ მოდელს სთავაზობს თავის მომხმარებელს. ამ შოურუმის გახსნა კიდევ უფრო გვაახლოებს ახალ ბაზართან და კლიენტებთან და საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვაჩვენოთ, თუ რას ვქმნით. 

მე მჯერა, რომ ეს არის ბრენდის ზრდისკენ მიმავალი კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ამჯერად საქართველოს ბაზარზე დამკვიდრებით გამოიხატება.

დღესდღეობით Ferrari 60-ზე მეტ ბაზარზეა წარმოდგენილი და სპორტულ და Lifestyle ლუქსმოდელებს სთავაზობს. 2025 წლის 19 დეკემბრიდან კი უკვე ქართველ მომხმარებლებსა და ავტომოყვარულებსაც აქვთ შესაძლებლობა, საკულტო ბრენდის მანქანების შოურუმს ესტუმრონ და ბრენდის სტანდარტების შესაბამისი სერვისი აქვე მიიღონ.

[R]

VINORIUM: GD Alco და Alcorium საერთაშორისო ღვინის მაღაზიების გახსნას აანონსებენ

Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია