პოლაროიდის ისტორიიდან ორი მომენტია ყველაზე მნიშვნელოვანი — პირველი, როცა 2001 წლის გაკოტრების შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ ბაზარზე; და მეორე, როცა ციფრულმა ტალღამ ამგვარი რენესანსის ანალოგი გააჩინა… ახლა კი გვეუბნებიან, რომ 2029 წლისთვის ე. წ. მყისიერი კამერის შემოსავლები 1.6 მილიარდ დოლარს მიაღწევს, თუმცა როგორ?!
სანამ ამ კითხვას გავცემთ პასუხს, ჯერ ერთი რამ უნდა გავიაზროთ კარგად — Polaroid-ის კამერა არ არის თქვენი 35მმ.-იანი კამერის ან iPhone-ის ალტერნატივა, ეს უბრალოდ დამატებაა და როგორც ბრენდის მარკეტინგის ხელმძღვანელი ნიკოლას კეტელჰეიკი ამბობს: „ჩვენ არ ვართ „ან“ პროდუქტი, ჩვენ ვართ „და“ პროდუქტი“.
საინტერესოა ისიც, რომ კეტელჰეიკი პოლაროიდს დაახლოებით 1 წლის წინ შეუერთდა — მაშინ, როცა AI პიკს აღწევდა, შესაბამისად, კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიაც ამგვარი სახით შემოგვთავაზა — Polaroid შემოქმედებითი ადამიანების ბრენდი გახდა, სადაც კამერა თვითგამოხატვისა და შემოქმედებითობის ხელსაწყოდ განიხილებოდა. ბრენდის პოზიციონირებამაც უბრალო კამერიდან იმ ადამიანებისკენ გადაინაცვლა, რომელთაც მნიშვნელოვანი ფოტოების გადაღება უწევთ.
ეს იმას ნიშნავდა, რომ მომხმარებლები Polaroid-ს სხვა კამერებს ამჯობინებდნენ იმ მიზეზით, რომ მათ გააზრებული ექნებოდათ ე. წ. მყისიერი ფოტოგრაფიის ღირებულება. ამ უკანასკნელში კი პოლაროიდისთვის ავთენტურობა იგულისხმება, რომ ცხოვრება სრულყოფილი არ არის და ასეა პოლაროიდის ფოტოს შემთხვევაშიც… ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც გამოუყენებია ის, იცის, რომ შედეგები მოულოდნელია, მაგრამ ეს რეალობისგან დამალვისკენ კი არ გვიბიძგებს, არამედ აქ ნაკლის ქონა კარგ ტონად ითვლება.
„ეს ეხება იმის კომუნიკაციას, რომ ჩვენ გვწამს, სრულყოფილება არასრულყოფილებიდან მოდის. ის ფაქტი, რომ თქვენ იღებთ რაღაცას, რასაც ვერ შეეხებით, ნამდვილად კარგი რამეა“, — განმარტავს კეტელჰეიკი.
ივნისში მარკეტინგული კამპანიის Capture Real Life-ის ფარგლებში პოლაროიდმა 15 ფოტოგრაფიც კი დაიქირავა, რათა შეექმნა ფოტო, რომელიც ნაკლსა და რეალობას აღნიშნავს — ერთ ფოტოზე ორსული ქალი იყო ასახული, რომლის სახელწოდებაც დაახლოებით ასე ითარგმნება: „ნამდვილი ცხოვრება ლოდინს მოითხოვს“, ხოლო მეორე კადრი პეიზაჟს აღწერდა, სათაურით: „ნამდვილი ცხოვრება ის ფერია, რომლის კონტროლიც არ შეგიძლიათ“.
გასულ თვეში კი, ამ დრომდე ყველაზე განვითარებული და ამასთან, ძვირიანი კამერის გამოშვების აღსანიშნავად, კამპანია The Imperfectionists გაგვაცნეს — 3 ფოტოგრაფი აირჩიეს, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებში შემთხვევითობას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. Coco Capitán-მა ნავზე არსებული თოკის კვანძის ფოტო შემოგვთავაზა და დააწერა: „მე არ ვარ დაინტერესებული სრულყოფილებით. ქაოსი. სპონტანურობა. შემთხვევითობა. აი, სად არსებობს რეალობა“.
ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც ციფრულ ფოტოგრაფიასთან ერთად გაიზარდა, პოლაროიდი ნორმისგან გადახრას გულისხმობს — საშუალებას, დაუკავშირდნენ რაღაც ნამდვილს სამყაროში, სადაც გამუდმებით ვკარგავთ კონტროლს რეალობაზე. აქამდე პოლაროიდის მომხმარებელთა სეგმენტი 20-30 წელს შორის მერყეობდა, რაც, როგორც ამბობენ, არც არის გასაკვირი „მე ეს ახლა მინდა“ თაობისგან… მაგრამ ახლა ბრენდი ცდილობს, ზეტ თაობასაც შეაყვაროს თავი და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მათ ხედვას იზიარებს.
ახალგაზრდები კი ამჯერად InstaX Mini-ს ფლობენ, რომელიც მხოლოდ 80$ ღირს, როცა პოლაროიდი მათ ამ გამოცდილებას 599$-ად სთავაზობს… ფასმა, შესაძლოა, ცოტათი შეანელოს პოლაროიდის გეგმები, მაგრამ არც ეს არის პრობლემა, რადგან როგორც ორსული ქალის ფოტოზე ვკითხულობთ: „ნამდვილი ცხოვრება ლოდინს მოითხოვს“…