თუ რა გავლენას იქონიებს ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ძალაზე მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, ბოლომდე ნათელი კვლავ არ არის. ბოლო პერიოდში შტატების შემცირების შესახებ გაკეთებული ბევრი განცხადება რეალურად ე. წ. AI-washing-ს წარმოადგენს – ეს არის ჩვეულებრივი რესტრუქტურიზაციის პროცესი, რომელიც შეფუთულია AI-ტერმინოლოგიით, რათა ინვესტორები დაარწმუნონ, რომ ლიდერები ტექნოლოგიურ ცვლილებებს ფეხს უწყობენ.
Goldman Sachs-ის შეფასებით, გასული წლის განმავლობაში AI-მ აშშ-ში ყოველთვიურად დაახლოებით 16 000 სამუშაო ადგილი შეამცირა, რამაც უმუშევრობის დონეს მხოლოდ 0.1 პროცენტული პუნქტი შემატა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრები მომავალში სავარაუდოდ გაიზრდება, ამჟამად პროცესის უფრო ადრეულ ეტაპზე ვართ, ვიდრე ამას მედიანარატივი გვიხატავს.
თუმცა ის ფაქტი, რომ საწყის ეტაპზე ვართ და შემცირებების მასშტაბი იმაზე მცირეა, ვიდრე ახალ ამბებში ჩანს, არ ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილებები გონივრულია. ბევრი კომპანია AI-ის საპასუხოდ სამუშაო ძალას უკვე რეალურად ცვლის, და ხშირად, ამას არასწორად აკეთებს.
2025 წლის აპრილში ჩატარებულმა 1000 ბიზნესლიდერის საერთაშორისო გამოკითხვამ აჩვენა, რომ იმ კომპანიების 55%, რომლებმაც AI-ის დანერგვის გამო თანამშრომლები გაათავისუფლეს, აღიარებს, რომ შტატებთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ უფრო ახალ, 2026 წლის თებერვლის კვლევაში, სადაც 600 HR-ლიდერი გამოიკითხა, მხოლოდ 8.4%-მა განაცხადა, რომ AI-ით განპირობებულმა რესტრუქტურიზაციამ მოლოდინები გაამართლა და იმავეს გაიმეორებდა. უკვე ვხედავთ ძვირადღირებულ „უკუსვლებსაც“: Gartner-ის პროგნოზით, იმ კომპანიების ნახევარი, რომლებმაც AI-ის გამო მომსახურების სფეროს თანამშრომლები შეამცირეს, მათ ხელახლა დაიქირავებს.
მთავარი პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ კომპანიები ზედმეტად ჩქარობენ ან შტატებს რადიკალურად ამცირებენ. პრობლემა ისაა, რომ ბევრი მათგანი AI-ით მართულ რესტრუქტურიზაციას არასწორი წერტილიდან იწყებს: მათი ამოსავალი წერტილი თანამშრომელთა რაოდენობაა და არა თავად სამუშაო პროცესი. ბევრად მდგრადი მიდგომა იწყება იმის გააზრებით, თუ როგორ ცვლის AI ინდივიდუალურ ამოცანებსა და ბიზნესპროცესებს, რასაც ორგანიზაციის ხელახალი დიზაინი უნდა მოჰყვეს.
სად უშვებენ კომპანიები შეცდომებს?
ორგანიზაციები, რომლებიც AI-ის დანერგვის ფონზე შტატების ოპტიმიზაციას ცდილობენ, ძირითადად შემდეგ შეცდომებს უშვებენ:
ნაადრევი (მოლოდინებზე დაფუძნებული) შემცირებები: ბევრი კომპანია თანამშრომლებს უშვებს არა AI-ის რეალური, უკვე დანერგილი შესაძლებლობების, არამედ სამომავლო პროგნოზების საფუძველზე. გლობალური აღმასრულებლების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მხოლოდ 2%-მა შეამცირა შტატები AI-ის რეალური იმპლემენტაციის საფუძველზე, მაშინ როცა 60%-მა ეს AI-ის სახელის გამოყენებით წინასწარ გააკეთა. მაგალითად, 2026 წლის თებერვალში კომპანია Block-მა შტატების თითქმის ნახევარი შეამცირა, რაც CEO-მ, ჯეკ დორსიმ ტექნოლოგიის მომავალზე ფსონის დადებით ახსნა და არა იმით, თუ რისი გაკეთება შეეძლო AI-ს კომპანიისთვის მოცემულ მომენტში.
შემცირება AI-ის შესაძლებლობების გაუაზრებლად: HR-ლიდერების 55% აცხადებს, რომ მათი შემცირებები არარენტაბელური გამოდგა, რადგან AI-მ ადამიანების მხრიდან იმაზე მეტი ზედამხედველობა მოითხოვა, ვიდრე ელოდნენ.
კორპორატიული კულტურის მოწამვლა: კვლევები აჩვენებს, რომ შემცირებების შემდეგ დარჩენილი თანამშრომლების ჩართულობა 44%-მდე ეცემა. როდესაც სამუშაო ადგილების დაკარგვა პირდაპირ ასოცირდება ხელოვნურ ინტელექტთან, ეს ანგრევს თანამშრომლების ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას, რის გამოც ისინი გაურბიან ინოვაციებს და AI-ის გამოყენებას.
ოპტიმიზაციის სწორი სტრატეგია
ჯერჯერობით არცერთ ორგანიზაციას არ აქვს AI-ეპოქის ოპტიმიზაციის იდეალური ფორმულა, თუმცა წამყვანი კომპანიების გამოცდილებაზე დაყრდნობით, უფრო დისციპლინირებული მიდგომა იკვეთება:
1. სამუშაო ერთეულის ხელახალი განსაზღვრა (ფოკუსი ამოცანებზე და არა როლებზე)
როდესაც კომპანიები მთლიან „როლებს“ ამცირებენ, მალევე აღმოაჩენენ ხოლმე, რომ AI-ს შეუძლია შეასრულოს ამ როლის მხოლოდ ხილული ნაწილი, მაგრამ ვერ აკეთებს იმას, რაც ადამიანურ განსჯას, კომუნიკაციასა და კოლაბორაციას საჭიროებს. შედეგად, კომპანიებს კადრების უკან დაბრუნება უწევთ.
აუცილებელია, როლები კონკრეტულ ამოცანებად დაიშალოს. მაგალითად, Citigroup-მა სწორედ ეს მიდგომა გამოიყენა: მათ ჯერ გამოყვეს 50 პროცესი, რომლის ავტომატიზაციაც შეიძლებოდა, გააანალიზეს ისინი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს საკადრო გადაწყვეტილებები.
2. შეიმუშავეთ ბიზნესსტრატეგია და არა უბრალოდ „AI-სტრატეგია“
კითხვა – „როგორ შევამციროთ შტატები AI-ით?“ – ფუნდამენტურად მცდარია. AI უნდა განიხილებოდეს როგორც საერთო მიზნის მიღწევის ინსტრუმენტი. ზოგჯერ ამან შეიძლება მართლაც გამოიწვიოს ხარჯების შემცირება, მაგრამ ხშირად, AI-ს მიერ გამოთავისუფლებული რესურსი და დრო თანამშრომელთა სხვა, უფრო ღირებულ საქმეზე გადართვას უნდა მოხმარდეს. მაგალითად, Walmart-მა 1 მილიარდი დოლარი დახარჯა 1.6 მილიონი თანამშრომლის AI-გადამზადებაში. კომპანია ვარაუდობს, რომ მომდევნო 3-5 წელიწადში თანამშრომელთა რაოდენობა იგივე დარჩება, თუმცა მათი ფუნქციები შეიცვლება.
JPMorgan Chase-მა კი ოპერაციული და დამხმარე როლების შემცირებით გამოთავისუფლებული რესურსით კლიენტებთან მომუშავე გუნდები 4%-ით გაზარდა.
3. გაიაზრეთ, რა შეუძლია და რა არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს
ლიდერებმა დაუყოვნებლივ უნდა აიმაღლონ AI-წიგნიერება. 2025 წლის მონაცემებით, აღმასრულებელი დირექტორების მხოლოდ მცირე ნაწილია დარწმუნებული თავისი მენეჯმენტის AI-კომპეტენციაში. ამის გამოსასწორებლად კომპანია IKEA-მ 500-ზე მეტი ლიდერისთვის AI-ტრენინგები ჩაატარა, UBS-მა კი ტოპ-მენეჯერები ოქსფორდის უნივერსიტეტში გაგზავნა სასწავლებლად.
მეორე მხრივ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა არ შეუძლია AI-ს. მორალური პასუხისმგებლობა, ეთიკური გადაწყვეტილებები, კონტექსტის აღქმა – ეს ადამიანების საქმეა. ამ ფუნქციებს ძირითადად შუა რგოლის მენეჯერები ასრულებენ. მიუხედავად ამისა, Korn Ferry-ის 2025 წლის კვლევით, კომპანიების 41%-მა მენეჯერული ფენები უკვე შეამცირა, რითაც ორგანიზაციის კრიტიკული „ეთიკური ინფრასტრუქტურა“ გაანადგურა.
4. პროცესის შექცევადობის უზრუნველყოფა
თანამშრომლის გაშვებისას იკარგება ინსტიტუციური ცოდნა. რადგან AI სწრაფად ვითარდება და გაურკვევლობა მაღალია, რესტრუქტურიზაცია მოქნილი უნდა იყოს. უმჯობესია შტატების შემცირება ბუნებრივი გადინებით და შიდა გადანაცვლებით მოხდეს, ვიდრე ერთიანი დიდი ტალღით.
საბოლოოდ, ორგანიზაციები, რომლებიც AI-ის ეპოქაში წარმატებას მიაღწევენ, ოპტიმიზაციას მიუდგებიან არა როგორც ხარჯების შემცირების მექანიზმს, არამედ როგორც შესაძლებლობების დიზაინს. ისინი თანამშრომლების გაშვებამდე ამოცანებს დაშლიან, ტექნოლოგიას გლობალურ ბიზნესსტრატეგიას მოარგებენ და გაიაზრებენ მის ლიმიტებს.
თუ კომპანიის წარმატების საზომი მხოლოდ თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებაა, შედეგად მივიღებთ ორგანიზაციას, რომელიც გახდა უფრო პატარა, მაგრამ არა უფრო ჭკვიანი.
წყარო: HBR












