in

რატომ არ გახსოვთ ახლახან ნანახი ფილმის დასასრული?

როგორ გავაუმჯობესოთ მახსოვრობა?

ალბათ, ხშირად თუ არა, რამდენჯერმე მაინც გქონიათ შემთხვევა, როცა მრავალჯერ ნანახი ფილმის დასასრულს ვერ იხსენებთ – გახსოვთ მხოლოდ ემოცია, დამოკიდებულება და სცენარის ძირითადი მონახაზი. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ნეირომეცნიერი დევიდ ჯ. ლინდენი ამბობს, რომ ადამიანები მეხსიერების კუთხით ისევე განსხვავდებიან, როგორც სხვა უნარ-ჩვევებით.

“არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ახსოვთ გარკვეული მოვლენები ან ფაქტები. ზოგიერთს კარგად შეუძლია ყველაფრის გახსენება, რასაც წაიკითხავს ან გაიგებს” – ამბობს ლინდენი, რომელიც ავტორია წიგნისა ადამიანის ინდივიდუალობის ახალი მეცნიერება. ეს მართლაც ასეა, ზოგიერთ ჩვენგანს უფრო ადვილად ამახსოვრდება მნიშვნელოვანი თარიღები, შეუძლია ძალიან ადრეულ მოგონებებზე საუბარი და ა. შ.

თუმცა გარდა ინდივიდუალური მიდრეკილება, ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს ჩვენი მეხსიერების ხარისხზე. მაგალითად, როდესაც სახლს იცვლით და ახალი მისამართი გახსოვთ, ძველის გახსენება, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს. ამას ფსიქოლოგები ჩარევას უწოდებენ. ფილმის შემთხვევას რომ დავუბრუნდეთ, როგორც მელბურნის უნივერსიტეტის კოგნიტური ფსიქოლოგი შონ კანგი აღნიშნავს, ყოველ კონკრეტულ ფილმს აქვს პოტენციალი, ხელი შეუშალოს სხვა ფილმის მეხსიერებას და იმოქმედოს სიუჟეტის თავისებურ ინტერპრეტირებაზე.

ამასთან, მსგავსი გამოცდილების განმეორებადობას, მაგალითად ბევრი წიგნის კითხვასა და ფილმის ყურებას შეუძლია, თქვენი მოგონებები ბუნდოვანი გახადოს. დავუშვათ, წლების განმავლობაში ასჯერ მაინც იყავით სანაპიროზე… რა თქმა უნდა, ყოველი ვიზიტის დეტალები არ გემახსოვრებათ – ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ კონკრეტულ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული მოხდა. ლინდენის თქმით, ეს შერეული მეხსიერება უფრო სასარგებლოა გადაწყვეტილებების წარმართვისა და სამომავლო ქცევის თვალსაზრისით, ვიდრე სანაპიროზე ყოველი ვიზიტის გონებაში ჩაბეჭდვა.

მოხეტიალე აზრები და მათი აღდგენა

კეტლინ ჰურიჰანი, ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი, ნიუფაუნდლენდის მემორიალური უნივერსიტეტიდან აღნიშნავს – “იმას, თუ რამდენად ყურადღებით კითხულობთ წიგნს ან უყურებთ ფილმს, შესაძლოა, დიდი გავლენა ჰქონდეს იმ კონკრეტულთან დაკავშირებულ მეხსიერებაზე”. თუ დააკვირდებით, მართლაც ასეა – როდესაც სწრაფად, მექანიკურად კითხულობთ, გიჭირთ წაკითხულის აღქმა.

თუმცა არის შემთხვევები, როცა თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო პასაჟს აღმოაჩენთ და მას მეგობრებს უზიარებთ – ეს მეხსიერების კონსოლიდაციას უწყობს ხელს. მოკლედ რომ ვთქვათ, “გამეორება, ამ შემთხვევაში. მეხსიერების დედაა”. ამიტომაც, მასწავლებლები ხშირად მიმართავენ მოკლე ვიქტორინებს, რაღა მოსწავლეებმა ნასწავლი გაიხსენონ.

საგულისხმოა ისიც, რომ დღევანდელ სამყაროში ინფორმაციის მიღება ძალიან ადვილ, მექანიკურ ქმედებად იქცა. წარმოიდგინეთ, რას გააკეთებთ, როცა ფილმს უყურებთ და ვერ იხსენებთ მსახიობის სახელს? ნაცვლად იმისა, რომ გონება დაძაბოთ, მარტივად “დაგუგლავთ”. და გვერწმუნეთ, ხშირ შემთხვევაში, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კვლავ არ გემახსოვრებათ ამ მსახიობის სახელი – გონებას არ “აიძულებთ”, რაღაც დაიმახსოვროს, რადგან ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და საძიებო სისტემის მუდმივი იმედი გაქვთ.

როგორ გავაუმჯობესოთ მახსოვრობა?

როდესაც მეგობარი იმ წიგნზე ამ ფილმზე სასაუბროდ გირეკავთ, რომელსაც სიამოვნებით უწევდით რეკომენდაციას, ისურვებთ სიღრმისეული დეტალების განხილვას? აქ მოცემულია ფსიქოლოგების მიერ შემოთავაზებული სამი რჩევა, რომელიც მახსოვრობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ზოგადი ცნობიერება: ყურადღების მიქცევა კოდირების მნიშვნელოვანი ნაწილია – ის მეხსიერების შექმნისა და შენახვის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს. ამიტომაც, ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ ყურადღებიანობა მახსოვრობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მაგალითად, 2016 წლის PLoS One-ის კვლევამ ცხადყო, რომ ამ თვისების გამომუშავებამ ეპიზოდური მეხსიერების გაუმჯობესება გამოიწვია.

იმისათვის, რომ ყურადღების მიქცევა ჩვევად აქციოთ, ბრაუნის უნივერსიტეტის გონებამახვილობის ცენტრი გირჩევთ, დღეში რამდენჯერმე კომფორტულად მოკალათდეთ და თქვენს სუნთქვაზე კონცენტრირდეთ – დააკვირდით საკუთარ თავს, სხეულს, რას ფიქრობთ, რას განიცდით.

გაუფანტავი ყურადღება: თუ ფილმის ყურებისას მობილურს მოიხმართ ან პარალელურად რაღაც სხვა ქმედებით ხართ დაკავებული, ფილმის სიუჟეტის ერთიან აღქმას ვერ მოახერხებთ. ეს უბრალოდ ზედაპირული გამოცდილება იქნება. ასევე, მეხსიერების ხარისხის გაუმჯობესებას ამგვარი ჩვევების შეუწყობს ხელს: წიგნის კითხვისას დაფიქრდით, გააკეთებდით თუ არა იგივე არჩევანს, რომელსაც პერსონაჟი?

გაწევრიანდით წიგნის კლუბში: როგორც შონ კანგი აღნიშნავს, ახლახან ნანახ ფილმზე ან ახლახან წაკითხულ წიგნზე ფიქრი ინფორმაციის ღრმად გააზრებაში დაგეხმარებათ. ასე რომ, დეტალების განხილვა ნამდვილად უზრუნველყოფს მახსოვრობის გაუმჯობესებას.

ნახეთ: ფოტოგრაფმა ყვავილის გულში მძინარე ფუტკრები დააფიქსირა

საბურთალოს „სითი მოლში“ ყვავილების ფესტივალი დაიწყო