in

რატომ არის დისტანციური თანამშრომელი საუკეთესო გადაწყვეტილება და რა უნდა გავითვალისწინოთ წარმატებული ვირტუალური გუნდის შექმნისთვის

feb16-08-3295851-850x478

pasha-statiebi
pasha-statiebi

გასულ თვეში ერთ-ერთ კონფერენციაზე ჩემს ყოფილ კოლეგას, ადამიანური რესურსების მენეჯერს შევხვდი. საუბარს შევყევით და აღნიშნა, რომ უკვე დიდი ხანია, რაც კიბერ-უსაფრთხოების ექპსერტს ეძებს. არ გამკვირვებია. ამ პერიოდში ასეთი კადრის ნაკლებობას ნამდვილად განვიცდით. „ვიპოვე კიდეც ერთი სპეციალისტი, მაგრამ ვაშინგტონის შტატში ცხოვრობს და არ აპირებს სან-ფრანცისკოში გადმოსვლას“, დარდობდა ჩემი მეგობარი.

ის ვთქვი, რაც პირველი მომადგა ენაზე: „შესანიშნავია“.

დისტანციური თანამშრომლის დაქირავებას სამი სახის სარგებელი აქვს.

1. სარგებელი კომპანიისთვის – ლოკაციის უგულებელყოფით ორგანიზაციას შეუზღუდავი წვდომა აქვს ყველა სპეციალისტზე მთელს მსოფლიოში.

2. დაქირავებული მენეჯერიც იღებს სარგებელს, რადგან მრავალფეროვანი გუნდის შეკვრის შესაძლებლობა ეძლევა. მაგალითისთვის, ყველასთვის ცნობილია, რომ სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანები ჯგუფში ჩართვისას ახალ ინფორმაციას და მრავალფეროვან ხედვებს გვთავაზობენ.

3. ინდივიდუალური თანამშრომელიც მოგებაშია, რადგან შეუძლია იქ იცხოვროს, სადაც ისურვებს – ოჯახთან ახლოს, ან თუნდაც ისეთ კლიმატურ პირობებში, როგორსაც უპირატესობას ანიჭებს.

ორგანიზაციების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ დღეს ვირტუალური გუნდების მიმართ მეტი ღიაობით გამოირჩევიან, თუმცა, როგორც კი საქმე დაქირავებას ეხება, ისევ ძველი სკოლის მეთოდებს იყენებენ. ლოკაცია ქმნის სტრუქტურულ, კულტურულ და აზრობრივ ბარიერებს.

იერარქიულ სტრუქტურას უამრავი ორგანიზაცია ინარჩუნებს. გადაწყვეტილებების პატარა, ავტონომიურ გუნდში მიღების ნაცვლად, ისევ ზემოდან მომდინარეობს.

კულტურული ბარიერი: პირისპირ შეხვედრები ისევ აღიქმება პროდუქტიულობის მთავარ სიმბოლოდ. რამე საქმის დასრულება გსურთ? მაგიდასთან ერთად დასხედით და იმუშავეთ.

აზროვნება კი ყველაზე რთული ბარიერია. ბევრი ტრადიციული ლიდერი შიშობს, რომ ზედამხედველობის გარეშე თანამშრომლებზე კონტროლს დაკარგავს.

ასეთი ტიპის მუშაობა შედეგიანი დიდი ხანია აღარ არის. ერთ-ერთი მიზეზი ისეთი ტიპის ტექნიკური სფეროების გარღვევებია, როგორიცაა უსაფრთხოება და  კომპიუტერული მეცნიერებები. მეორე, გაცილებით უნივერსალური მიზეზი ის არის, რომ ლოკაციის უგულებელყოფით ორგანიზაციას შეუზღუდავი შესაძლებლობა ეძლევა, მთელს მსოფლიოში მოძებნოს, დაიქირაოს და რაც მთავარია, შეინარჩუნოს საუკეთესო სპეციალისტი. როგორ ვაქციოთ ვირტუალური გუნდები წესად გამონაკლისის ნაცვლად? რა პროცესი უნდა გავიაროთ, რომ სწორედ ის სუპერსტარი დავიქირავოთ ვაშინგტონიდან?

საფუძვლიანად და გულდასმით გამოიკვლიეთ.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რთულია პროცესი, კომპანიები, როგორც წესი, ინტერვიუს კითხვებს იმგვარად ადგენენ, რომ კანდიდატის გამოცდილება და შესაბამისობა შეაფასონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არკვევენ, აქვთ თუ არა წარმატებისთვის საჭირო თვისებები და კონკრეტულ კორპორაციულ კულტურაში ჩართვისთვის შესაბამისი აზროვნების სტილი. უნდა აღნინიშნოს, რომ ვირტუალური კანდიდატის შერჩევისას კიდევ უფრო ღრმად უნდა ჩახვიდეთ.

პირდაპირი კითხვების შემდეგი ეტაპის მიზანია გაარკვიოს, თუ რამდენად დამოუკიდებელი და საკუთარი საქმის ერთგულია კანდიდატი და რამდენად ადვილია მასთან თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია იყოს მოქნილი, შეეძლოს გადაადგილება და იცოდეს, რომ მიუხედავად მუშაობის ასეთი სტილისა, მთავარი მოქმედებები სათაო ოფისში ხდება. გარდა ამისა, ასეთ ადამიანს აუცილებლად უნდა გააჩნდეს დისტანციურად მუშაობის წარმატებული გამოცდილება. გაარკვიეთ, როგორ მუშაობდა და მეტი აქცენტი შრომისმოყვარეობაზე გადაიტანეთ.

მე ბოსტონში ვცხოვრობ – სან ხოსეში მდებარე სისკოს სათაო ოფისისგან 3 000 მილის მოშორებით. აღმასრულებლებთან დედამიწის ყველა წერტილში ვმუშაობ; შესაბამისად Telepresence და Webex კომუნიკაციის ჩვეულ ფორმად იქცა. და მაინც, კორპორაციის სათაო ოფისში ხშირად მიწევს ყოფნა, რადგან მნიშვნელოვანი საუბრისას პირისპირ ჯდომა აუცილებელია – ამგვარად შესაძლოა ახალი იდეები ან გადაწყვეტილებები ჩამოყალიბდეს.

ყურადღება მიაქციეთ ლიდერობის უნარებს.

განიხილეთ კანდიდატის ლიდერობის სტილი და მისივე პროექცია საკუთარ თავზე. წარმოდგენის დისტანციურად შესაქმნელად, ადამიანი ბრბოდან უნდა გამოიყოს და თავისი იდეების დაცვა უნდა შეძლოს. გარდა ამისა, ორგანიზაციამ გულდასმით უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ კანდიდატი, არამედ ის მენეჯერიც, ვისთანაც მოუწევს ანგარიშგება. დისტანციურ თანამშრომელს აუცილებლად სჭირდება ადამიანი, რომელიც მის ინტერესებს შორიდანაც დაიცავს. აქვს თუ არა ხელმძღვანელს ვირტუალური გუნდის მართვის გამოცდილება და დინამიკა? შეუძლია თუ არა შედეგების შეფასება პირადი კონტაქტის გარეშე? დამოკიდებულია თუ არა მისი ანაზღაურება მისი გუნდის წარმატებაზე?

ურთიერთობებში მეტი ინვესტიცია ჩადეთ.

ცოტა ხნის წინ სამი დინამიური ლიდერისგან შემდგარ გუნდს შევხვდი, რომლებიც საორგანიზაციო ერთეულს სამი სხვადასხვა ქალაქიდან მართავენ. გერმანიაში, ნიუ ჯერსისა და სან ხოსეში გაფანტული ტრიო ფუნქციორებადი, თანამშრომლური გუნდია. როგორ მოახერხეს ეს? ერთმანეთს პატივს სცემენ და მუდმივ კონტაქტში არიან. ურთიერთობის გამყარებას თავისი პირადი დრო დაუთმეს. ერთმანეთის იმდენად კარგად ესმით, რომ თანაგუნდელის დაწყებული წინადადების დასრულებაც კი შეუძლიათ. რთულ პრობლემებზე ერთობლივად მუშაობენ და ერთმანეთთან  მუდმივ სატელეფონო თუ ვიდეო კავშირზე არიან. ამგვარად უკვე რამდენიმე წელია მუშაობენ და ეს წარმატებული თანამშრომლობა მათ მიერ საკუთარ ურთიერთობებისადმი დათმობილი ყურადღების დამსახურებაა.

ჩაატარეთ ტექნიკური და ლოგისტიკური შემოწმება.

წარმატებული დისტანციური მუშაობისთვის გამართული IT მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესია. შეუძლიათ თუ არა მობილურით ან კომპიუტერით ერთმანეთთან ადვილად დაკავშირება? არის თუ არა მოსახერხებელი გუნდის ყველა წევრისთვის თანამშრომლობის ამგვარი ხერხები? დაცულია თუ არა ვირტუალური გუნდის კომუნიკაცია და ესმის თუ არა გუნდის ყველა წევრს კომპანიის უსაფრთხოების პროტოკოლი? სისკოში ტექნოლოგიებს კომუნიკაციის მაქსიმალურად გასაუმჯობესებლად ვიყენებთ. ენობრივი და კულტურული განსხვავების არსებობის დროს, ერთმანეთის ვიდეო სტრიმინგის საშუალებით დანახვა გაუგებრობების თავიდან აცილებაში გვეხმარება და ჩაღრმავებული ინტერაქციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

დისტანციური თანამშრომლის აყვანის ბოლო ეტაპი იმის ცოდნაა, თუ როდის ვერ იმუშავებს ეს მეთოდი. ლოკაცია მნიშვნელოვანი არაერთი პოზიციისთვისაა. მაგალითისთვის, ზოგ კომპანიაში, გაყიდვების ხელმძღვანელი აღმასრულებელ დირექტორთან ერთად უნდა მუშაობდეს. სხვა კრიტიკული პოზიციებისთვის შეიძლება ადგილობრივ დამკვეთებთან პირისპირ მუშაობა ან ხელმისაწვდომობა იყოს აუცილებელი.

თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ამგვარი მუშაობის სტილი გამონაკლისად სულ უფრო და უფრო სწრაფად ყალიბდება. იმ კულტურული და ფსიქოლოგიური ბარიერების დაძლევამ, რაც საუკეთესო სპეციალისტის დაქირავებას შეუძლებელს ხდის, შესაძლოა ყველას მისცეს საშუალება გააცნობიეროს დინამიური სამუშაო გარემოს უპირატესობები.

წყარო: Harvard Business Review

web-rubrikis-sponsori-150dpi-01



5 შეუფასებელი მარკეტინგული გაკვეთილი დისნეის ფილმებისგან

არ გაყიდოთ „რა“. გაყიდეთ „რატომ“