სამართლიანობისკენ სწრაფვა ბევრი ხელმძღვანელის ბუნებრივი სურვილია. მიზანი გასაგებია: მიკერძოების თავიდან არიდება, გუნდის თითოეული წევრის მხარდაჭერა და ყველასთვის წარმატების თანაბარი შესაძლებლობის მიცემა. ამ გზაზე ხშირად გაისმის რჩევა, რომ ლიდერი ყველას ერთნაირად უნდა მოექცეს. ზედაპირულად ეს მიმზიდველად და სამართლიანად ჩანს, თუმცა რეალურ პრაქტიკაში მართვის ერთ-ერთ ყველაზე მცდარ სტრატეგიას წარმოადგენს.
გუნდის ყველა წევრს იდენტური მოპყრობა არ სჭირდება. ეფექტიანი ხელმძღვანელობა მუდმივად კონკრეტულ ვითარებასა და ინდივიდის საჭიროებებზეა მორგებული. სამუშაო გარემოში ყველაზე ხშირად ოთხი ტიპური სცენარი იკვეთება, რომლებიც სრულიად განსხვავებულ რეაგირებას მოითხოვს.
თავშეკავებული დამწყები
ახალი გამოწვევის წინაშე ადამიანები ხშირად იბნევიან, უჩნდებათ ეჭვები ან ცდილობენ დავალების თავიდან არიდებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავს საქმეს პირველად ეჭიდებიან. ასეთ გარემოში ხელმძღვანელის საუკეთესო ნაბიჯი ეტაპობრივი, დეტალური ინსტრუქციების მიცემაა. მცირე, მარტივი გამარჯვებები თანამშრომელს უნარების დახვეწასა და იმ თავდაჯერებულობის მოპოვებაში ეხმარება, რაც შედეგების გასაუმჯობესებლადაა საჭირო.
ენთუზიასტი ახალბედა
ახალი შესაძლებლობის მიღებისას ადამიანი ზოგჯერ საქმეში გადაჭარბებული თავდაჯერებით ერთვება. საკუთარი შესაძლებლობების გადაფასებამ და ნაჩქარევმა მოქმედებამ შესაძლოა შეცდომებამდე და ხარისხის ვარდნამდე მიიყვანოს. ლიდერმა ეს მომენტი დროულად უნდა ამოიცნოს და თანამშრომელს საჭირო მიმართულება და მკაფიო სტანდარტები განუსაზღვროს. გამოცდილი მენეჯერი ამას ენთუზიაზმის ჩაქრობის გარეშე აკეთებს, აჩვენებს საერთო სურათს და ეტაპობრივად უყალიბებს პასუხისმგებლობის გრძნობას საკუთარ განვითარებაზე.
მერყევი შემსრულებელი
ხშირია შემთხვევები, როდესაც თანამშრომელი მაღალ კომპეტენციას ავლენს, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებში მაინც ეჭვი ეპარება. ის ცდილობს მარტივ საკითხებზეც ხელმძღვანელს დაეყრდნოს და გადაწყვეტილების მიღებას ერიდება. ასეთ დროს ადამიანს სჭირდება არა მითითებები, არამედ იმის შეხსენება, რომ საქმე შესანიშნავად იცის. პარტნიორული დიალოგითა და კითხვების უკან დაბრუნებით ლიდერი თანამშრომელს აჩვენებს, რომ წარმატებისთვის საჭირო ყველა რესურსი მას უკვე გააჩნია.
ავტონომიური ექსპერტი
პრაქტიკასთან და გამოცდილებასთან ერთად პროფესიონალები საკუთარ საქმეში ავტონომიურ ექსპერტებად ყალიბდებიან. ბევრი მენეჯერისთვის ეს ეტაპი მოულოდნელად რთული აღმოჩნდება ხოლმე, რადგან მაღალი დონის შემსრულებელს ყველაზე მეტად ჩარევისგან თავის შეკავება სჭირდება. ზოგიერთი ხელმძღვანელი ამას ყურადღების მოდუნებად აღიქვამს, თუმცა გამოცდილი თანამშრომლისთვის ეს ნდობისა და პროფესიული თავისუფლბის მთავარი ნიშანია.
ადაპტაცია
თითოეული ეს ვითარება სრულიად განსხვავებულ მმართველობით მიდგომას საჭიროებს. თუ ლიდერი თავშეკავებულ დამწყებს მარტო დატოვებს და სრულ თავისუფლებას მისცემს, ის მიტოვებულად იგრძნობს თავს და შეცდომას დაუშვებს. ავტონომიურ ექსპერტზე დეტალური ინსტრუქციებით ზეწოლა კი მიკრომენეჯმენტის განცდას გააჩენს და ნდობას დაანგრევს.
ეს ოთხი მდგომარეობა შესაძლოა ერთსა და იმავე ადამიანს სხვადასხვა უნართან მიმართებით ერთდროულად ახასიათებდეს: ერთ საკითხში ის ექსპერტი იყოს, მეორეში კი – დამწყები. შესაბამისად, მმართველობითი სტილის ადაპტაცია ხშირად ერთი დიალოგის ფარგლებშიც ხდება საჭირო.
მოწოდება, რომ ლიდერი ყველას ერთნაირად მოექცეს, მაცდურია, რადგან ხელმძღვანელს საკუთარ კომფორტის ზონაში დარჩენის საშუალებას აძლევს. თუმცა ეფექტიანი მართვა მოითხოვს გუნდის წევრის პერსპექტივის გააზრებას და იმის განსაზღვრას, რა სჭირდბა მას კონკრეტულ ეტაპზე კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად. პატივისცემა და ეთიკა საერთო რჩება, თუმცა წარმატებულ მენეჯმენტს ერთფეროვნებაზე მეტად მოქნილობა და სიტუაციური ადაპტაცია განსაზღვრავს.
წყარო: Fastcompany











