ხშირად იდეა, განხორციელების შემდეგ, ნაკლებ ეფექტური ან ნაკლებად მომგებიანი ხდება… ამას მკვლევრები „ძაბვის ვარდნას“ უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს ერთი მიზეზის გამო არასდროს ხდება. ამიტომ, ახლა მსგავსი ვარდნის 5 მანიშნებელ ფაქტორზე ვისაუბროთ.
1. არასწორი მოლოდინები
კონკრეტული მონაცემებისა და ფაქტების გამო, უფრო დიდი შედეგების მიღწევის მოლოდინი ჩნდება… თუმცა, რეალურად, უნდა დაფიქრდეთ, რომ ეს, შესაძლოა, არასწორი ინფორმაცია იყოს. მსგავსი სიტუაციები სტატისტიკური მონაცემების უზუსტობის გამოც იჩენს თავს… მაგალითად, ნარკომანიის პრევენციის პროგრამის, D.A.R.E.-ის, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მას პერსპექტიული მოკლევადიანი შედეგები ჰქონდა. კონკრეტულ ფაქტზე დაყრდნობით, პროგრამამ დაფინანსებაც მიიღო. თუმცა რადგანაც ამ პროცესში ყველა საკითხი სრულად არ იყო გამოკვლეული, დაფინანსების მიღების შემდეგ, იგივე შედეგები ვერ გაიმეორეს.
ხოლო იმისათვის, რომ არასწორი მოლოდინებისგან თავის არიდება მოახერხოთ, თუ მკვლევრებს დავუჯერებთ, თქვენი იდეა მინიმუმ 3-ჯერ უნდა გამოცადოთ. კონფიდენციალური კვლევების კომპანიებში კი თანამშრომლები ფინანსური ჯილდოებით უნდა წაახალისონ, რათა მათ კონკრეტული შედეგები ეჭვქვეშ დააყენონ.
2. პოტენციური მომხმარებლების არაზუსტი შერჩევა
პასუხი უნდა გასცეთ კითხვას — რამდენად იმუშავებს კონკრეტული იდეა? აქ პოტენციური აუდიტორიის შესახებ ბევრი უნდა გაიგოთ. უპირველესად, უნდა დარწმუნდეთ, რომ მცირე მასშტაბში მიღებული შედეგები დიდ პოპულაციაზეც იმოქმედებს. ხოლო თუ ასე არ მოიქცევით, შესაძლოა, მაკდონალდსს დაემსგავსოთ, რომელმაც ახალი პროდუქტი, Arch Deluxe, ფოკუს ჯგუფის საშუალებით გამოცადა და შერჩევის მსხვერპლი გახდა — გუნდის წევრებს შორის ნაკლები ამერიკელი იყო, რომელთაც უბრალოდ Big Mac-ის ჭამა სურდათ…
ამიტომ, უნდა დარწმუნდეთ, რომ კვლევის მონაწილეები სწორად გყავთ შერჩეული და მათგან მიღებული ინფორმაცია თქვენი კომპანიისთვის ღირებული იქნება.
3. საკითხები, რომელთა მასშტაბირებასაც ვერ მოახერხებთ
იმისათვის, რომ იდეის მასშტაბირება შეძლოთ, უნდა დაფიქრდეთ, რამდენად შეძლებთ თქვენი წარმატების მამოძრავებელი ფაქტორების გამეორებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენი წარმატების საიდუმლო მზარეულია თუ ის ინგრედიენტები, რომლითაც პროდუქტს ამზადებთ. მზარეულის შემთხვევაში, გაფართოებისას მსგავსი მაღალკვალიფიციური კადრების მოძიებასა და დასაქმებას ნაკლებად მოახერხებთ, რაც, ბუნებრივია, პროდუქტის ხარისხზეც აისახება და „ძაბვის ვარდნასაც“ გამოიწვევს.
ამას გარდა, შესაძლოა, ისეთმა საკითხებმა იჩინოს თავი, როგორიცაა, მარეგულირებელი შეზღუდვები, რესურსების ნაკლებობა და სხვა მსგავსი საკითხები. ამიტომ, იდეის მასშტაბირებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ, რამდენად რეალური იქნება ეს.
4. ნეგატიური გავრცელების ეფექტი
აქ ის გაუთვალისწინებელი შემთხვევები იგულისხმება, რომლებიც სხვა ფაქტორებსა თუ შედეგებზე ზემოქმედებს. ხოლო, რაც უფრო დიდი მასშტაბზე გადიხართ, ეს მით უფრო ხშირად შეიძლება მოხდეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ბაზრის ცვლილებაა. Uber-ის მაგალითი რომ განვიხილოთ, ფასდაკლება სიეტლის ერთ-ერთ ნაწილში წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა არა მთელი ქალაქის მასშტაბით, რადგან ფასების უეცარი ზრდა დაიწყო და იმ ღამით გადასაადგილებლად მომხმარებლებმა უფრო იაფიანი გზების პოვნა შეძლეს.
დადებითი გავრცელების ეფექტად კი სოციალური ქსელები შეიძლება ჩაითვალოს. პლატფორმებს მეტად ღირებულს ხდის ის ფაქტი, რომ აქ უფრო მეტი მომხმარებლის დაინტერესება შეგიძლიათ. ამიტომ, იდეის შემუშავების ადრეულ ეტაპზევე, შესაძლო რისკებზე მაქსიმალურად უნდა დაფიქრდეთ და მოძებნოთ შესაძლებლობები, რითაც უარყოფითს დადებით გავრცელების ეფექტად აქცევთ.
5. ხარჯების გათვალისწინება
იდეის წარმატებისთვის მხოლოდ იმ ადამიანების არსებობა, რომელთაც ეს მოსწონთ, არ არის საკმარისი. აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რამდენს გადაიხდიან ამაში ან თუნდაც, რა რესურსს მოითხოვს თქვენგან კონკრეტული პროდუქტისა თუ მომსახურების შეთავაზება.
ძირითადად კი ორი სახის ხარჯი უნდა გაითვალისწინოთ: ფიქსირებული, რაც ახალი პროდუქტის ან სერვისის შესაქმნელად საჭირო კვლევისა და განვითარებისთვის ერთჯერად ინვესტიციას მოიცავს და მიმდინარე საოპერაციო ხარჯები. აქ, მნიშვნელოვანია, ის, რომ ფიქსირებული ხარჯების ანაზღაურება შესაძლებელია, თუმცა მეორე შემთხვევაში ეს „ძაბვის ვარდნას“ იწვევს…
მსგავსი სიტუაციისგან თავის დასაღწევად უნდა განსაზღვროთ, რა მასშტაბებში იმოქმედებთ. ამ პროცესს ილონ მასკი საკმაოდ წარმატებით უმკლავდება. ტესლას შემთხვევაში, მან ეს ორი ფაქტორის გათვალისწინებით მოახერხა — ბატარეისა და მზის ენერგიის წარმომქმნელი უჯრედებით, რომელთა დამზადებაც საკმაოდ იაფად არის შესაძლებელი. ამას გარდა, იგი თავისი პროდუქტების ეფექტურობის გაზრდაზე მუდმივად მუშაობს.
კიდევ ერთი სტრატეგია ისეთი მოდელის შექმნაა, რომელიც მხოლოდ პროფესიონალ ადამიანებზე არ არის დაფუძნებული. თქვენი იდეის მასშტაბირებისას, მაღალკვალიფიციური თანამშრომლების პოვნა და მათთვის ხელფასის გადახდა საკმაოდ რთული იქნება. აქ კი გამოსავლად ისეთი პროდუქტის შექმნა ითვლება, რომელსაც ნაკლები უნარების მქონე ადამიანებიც მოახერხებენ.
ხოლო თუ ამ ხუთ ფაქტორს გაითვალისწინებთ, დიდი ალბათობით, „ძაბვის ვარდნის“ თავიდან აცილებასა და იდეის მასშტაბირებასაც მარტივად შეძლებთ.
წყარო: HBR