რა არის მშვიდობა? ამ კითხვაზე ერთი პასუხი არ არსებობს. ის იმის მიხედვით ყალიბდება, თუ სად ცხოვრობთ, რომელი პოლიტიკური იდეოლოგიისა და რელიგიის მიმდევარი ხართ… ირენოლოგია, მშვიდობის შემსწავლელი მეცნიერებაც კი არსებობს. თუმცა ყველასთვის საერთო ისაა, რომ მშვიდობა არაფრით განსხვავდება ცნებებისგან, როგორებიც არის სამართლიანობა, თავისუფლება, თანასწორობა და ძალაუფლებაც კი. მშვიდობა კაცობრიობის უმაღლეს ღირებულებებს შორის დგას, თუმცა აქაც „მშვიდობა ყველა სამართლიანობაზე მნიშვნელოვანია“ — მარტინ ლუთერი.
ეწინააღმდეგება კონფლიქტს, ძალადობას, ომს… ეს არის ის, რაც ადამიანს არ აყენებს ტკივილს, აძლევს ფიქრისა და განვითარების, უკეთესი გზების პოვნის საშუალებას. მშვიდობა სტატისტიკასაც დადებითად ცვლის და ყველა სფეროსთვის წარმატების საფუძვლად იქცევა. იგი ნეგატიური შინაარსის შემცველი სიტყვების ანტონიმადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. თუმცა მშვიდობას კლასიკურად „ომის არარსებობად“ განმარტავენ. ეს ეხება როგორც ინდივიდს, ისე გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მშვიდობიანი ცხოვრება კი, თავის მხრივ, საკუთარ თავთან და გარემომცველ სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნას ნიშნავს.
მკვლევარი ჯონ გალტუნი მშვიდობის პოზიტიურ და ნეგატიურ თეორიებზეც კი საუბრობს. პოზიტიური მშვიდობა ომის არარსებობას გულისხმობს, რომელიც თანასწორობას, სამართლიანობასა და განვითარებას ერწყმის, ხოლო ნეგატიურ მშვიდობაში მხოლოდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის არარსებობა იგულისხმება. ეს უბრალოდ ძალადობის აღკვეთაა, მაშინ როცა პოზიტიური მშვიდობის ცნებაში კონფლიქტი ადრეულ ეტაპზევე გვარდება, ან საერთოდ აღარ წარმოიქმნება.
ამასთან ერთად, ეკონომისტი კენეტ ბოლდინგი „სტაბილური მშვიდობის“ თეორიაზეც საუბრობს, სადაც ომში დაბრუნების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი და მშვიდობა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება.
საინტერესოა ისიც, რომ მშვიდობა, როგორც კონცეფცია, პირველად რელიგიაში ჩამოყალიბდა. ფსიქოლოგებმა კი უკვე მსოფლიო ომებისა და ცივი ომის შემდეგ „მშვიდობის ფსიქოლოგიაზე“ დაიწყეს საუბარი. მათ 4 მოდელის თეორიაც შემოგვთავაზეს, რაც პირდაპირ და სტრუქტურულ ძალადობაზე, მშვიდობის დამყარებასა და მშენებლობაზე საუბრობს.
თუმცა რაც არ უნდა იყოს მშვიდობის მნიშვნელობა, თეორია თუ არსებული მოსაზრებები, ფაქტია, რომ ეს ცნება ადამიანებისთვის განვითარების საფუძველია, მაშინ როცა საპირისპირო რეალობაში კონფლიქტი საზოგადოებებსა და სოციალურ კავშირებს არღვევს…
გამოდის, რომ მშვიდობის დამყარება სოციალური განვითარების საფუძველიცაა. ეს საზოგადოებაში არსებული თითოეული ინდივიდის კეთილდღეობასაც გულისხმობს, სადაც ადამიანებს საშუალება აქვთ, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოიყენონ.
ამასთან, ამერიკული ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი CAST Centers პიროვნულ დონეზე მშვიდობის მიღების რამდენიმე კონცეფციას გვთავაზობს.
- პირველი არის მიღება — უნდა მივიღოთ ის, რასაც ვერ შევცვლით, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს წინააღმდეგობის გაწევისა და უარყოფის გარეშე მოვახერხოთ. ასევე, უნდა მოვიკრიბოთ გამბედაობა, რომ შევცვალოთ ის, რაც შესაძლებელია.
- მეორე კონცეფციით კი წარსულისა და მომავლისგან თავის დაღწევაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ შინაგანი სიმშვიდე არსებული რეალობიდან უნდა მოვიპოვოთ.
- მშვიდობის შესანარჩუნებლად შფოთვისა და დაბნეულობის დაძლევაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შესაბამისად, მესამე კონცეფცია იმ სიტუაციაზე საუბრობს, როცა ცხოვრებაში „ყველაფერი ერთად ხდება“. ხოლო თუ დიდ საქმეებს პატარა ამოცანებად დაყოფთ, ამ სიტუაციასთან გამკლავებასაც მარტივად მოახერხებთ.
- სტრესი და ჯანსაღი ცხოვრება აქაც აქტუალურია, მეოთხე კონცეფციით სტრესის ფიზიკური გავლენის დასაძლევად სწორედ ძილს, ვარჯიშსა და მედიტაციას გვირჩევენ.
არსებული კონცეფციების გააზრება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პიროვნული მშვიდობა ინდივიდის საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან, სამყაროს შემადგენელ თითოეულ კომპონენტთან ჰარმონიაში ყოფნას ნიშნავს. ამის საფუძველზე კი შემდგომში ჩვენი აზრები, შეხედულებები თუ ქმედებები ყალიბდება. გამოდის, რომ დიდი ომებისა თუ კონფლიქტების გამოწვევაც ადამიანის პასუხისმგებლობაა და დიახ, მსოფლიო მშვიდობის მიღწევა, სწორედ შინაგანი მშვიდობის მოპოვებით იწყება.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი