„ბრენდების სოციალური მედიით გატაცებამ ტრენდების პროგნოზირების მკაცრი პრაქტიკა გააფუჭა, ამ გზაზე დასაბრუნებლად კი ფიზიკის რამდენიმე კანონი უნდა გვახსოვდეს“, — აცხადებს მეტ კლაინი Reddit-იდან. რეალურად, ის ჩვენთვის კარგად ნაცნობ და საკმაოდ ეფექტურ გზად მიჩნეულ ტრენდებს კრიტიკულად განიხილავს.
ამბობს, რომ ტრენდები ოდესღაც მნიშვნელოვან სოციალურ ცვლილებას ნიშნავდა — კოლექტიურ აზრს, ქცევას, ღირებულებასა თუ დამოკიდებულებას, რაღაცის ცვლილებას საზოგადოებაში, მაგრამ ფაქტია, დღეს ტრენდებმა მნიშვნელობა დაკარგა…
როცა ბრენდები სოციალურ მედიაში არსებულ საუბრებში ჩაერთნენ, ამან ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია, რამაც საბოლოოდ ტრენდების არსებული პრაქტიკის გადაფასებისკენ გვიბიძგა. როგორც კი ბრენდებმა საკუთარი ანგარიშები შექმნეს, გაჩნდა შემდეგი აზრიც, რომლის თანახმადაც, მიმდინარე ტრენდებსა და დისკუსიებში ჩართვა მოგებასა და ზოგადად, შედეგებზე დადებითად აისახებოდა.
მსგავსად კი, ბრენდები შეპყრობილი გახდნენ ტრენდული ამბებით, ჰეშთეგებით, მიმებით… მათ სჯეროდათ, რომ სხვების მიბაძვა კულტურულ რეზონანსს მოიტანდა. აქ კი, რეალურად, თავიანთი კულტურის გაანალიზების მიზანი დაკარგეს. „თანაც, დღევანდელი ტრენდები სინამდვილეში არაფერია არასერიოზული გართობის გარდა…“
ქრონიკული არამდგრადობის პერიოდში კი, იქნება ეს პანდემია, ომი, კლიმატის ცვლილება თუ სხვა რამ, ტრენდები ჩვენი პასუხი გახდა; განმარტება იმისა, თუ რა იქნება შემდგომ. ხოლო, როცა კულტურა სტაგნაციურ სახეს იღებს, ტრენდები პროგრესის საშუალებას გვაძლევს. თუმცა ხშირად ერევათ ერთმანეთში, ზოგადად, რა არის ტრენდი და რა არის ტრენდული. ჩვენ კი ამ საკითხს 3 მიზეზის გამო აუცილებლად უნდა გადავხედოთ.
პირველი, მსგავსი კონტენტი უკვე საკმაოდ დამღლელი გახდა. ტრენდები ანტიტრენდებად იქცა და თითქოს, ონლაინ ცხოვრების აბსურდულობაზე მიგვითითებს. ხშირად საკმაოდ დაბალი ROI-ც აქვს და რატომ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რაც მალე გაქრება?
მეორე, უშედეგოა — ადამიანების 66% ფიქრობს, რომ ბრენდები დღეს ძალიან ბევრს ცდილობენ. თუ ტრენდის განხორციელებას წარმატებით შეძლებენ, მისი მონაწილეობა მაინც ძირს უთხრის შედეგს… სწორედ ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი სწორი შესაძლებლობებისა და სტრატეგიული გზების დადგენა.
მესამე — ტრენდები ცარიელია, უმნიშვნელო. აქ კი მეტ კლაინი ფიზიკის საფუძვლებში დაბრუნებას გვთავაზობს, სადაც ძალა = მასა x აჩქარება. ეს კი იმიტომ ვახსენეთ, რომ კულტურა სწორედ ძალებისგან შედგება: იდეებისა და ქცევების ძალა და გავლენები. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ხშირად ამ განტოლებას ვარღვევთ. ადამიანების თითქმის 75%-ს სჯერა, რომ ალგორითმებს შეუძლია, ნებისმიერი რამ ვირუსული გახადოს. ამ კონტექსტში კი ხშირად სიჩქარესა და სიახლეს ვურევთ ერთმანეთში. ალბათ, ცოტა ირონიულია, მაგრამ ნელ ცვლილებებს მეტი ღირებულება აქვს.
რაც შეეხება წონას/მასას, აქ ყველაფერი დიდია. კვლავ ალგორითმების წყალობით, ყველაფერს მილიარდობით ნახვა აქვს. თუმცა აქ ზომა არ უნდა იყოს ის, რაზეც ყურადღებას გავამახვილებთ. დააკვირდით ბუშტსა და ბოულინგის ბურთს, ორივე ერთი ზომისაა, მაგრამ განსხვავებული წონა აქვს. კლაინი კი მოგვიწოდებს გვახსოვდეს, რომ სწორედ ეს წონაა მთავარი.
და რას ნიშნავს ეს ყველაფერი მარკეტერებისთვის?
ადამიანების 70%-ს ურჩევნია, ბრენდები მათივე საჭიროებებს ემსახურებოდნენ და იაზრებდნენ, თუ რა სურთ მომხმარებლებს; ხოლო 30% უპირატესობას ანიჭებს ბრენდებს, რომლებიც რელევანტურნი ჩანან უახლესი ტრენდების დამკვიდრებით. და როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ? ყველაფერი მარტივია:
- ფიზიკა: გახსოვდეთ ძალის რეალური მნიშვნელობა, აქვს მას წონა და მდგრადი ენერგია?
- ფსიქოლოგია: გახსოვდეთ ადამიანები, ეს ნიშნავს რაღაცას რეალური ადამიანისთვის და არა, ალგორითმისთვის?
- ბიზნესი: გახსოვდეთ ROI, არის თუ არა ეს დროის, ენერგიისა და რესურსების ჯანსაღი ინვესტიცია?
თუ ზემოთ მოცემულ საკითხებზე მტკიცე „დიახ“-ს ვერ უპასუხებთ მაშინ, დროებით შეჩერდით და ხელახლა გადახედეთ არსებულ საკითხებს. გახსოვდეთ, რომ შესაძლებლობები თქვენს ხელთაა…