in

რატომ ეწინააღმდეგებიან ემპათიას?

M2
M2

რიგ შემთხვევებში ემპათია ძალიან სასარგებლო და ყველა ამაღელვებელი აქტივობის მნიშვნელოვანი ნაწილია — თუნდაც, წიგნის კითხვისას ან ფილმის ყურებისას გამოგონილი პერსონაჟის მიმართ თანაგრძნობის გამოვლენა. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც აქტიურად ეწინააღმდეგებიან ემპათია, როგორც „მორალურ მეგზურს“. მაგალითად, ბევრს მიაჩნია, რომ საკუთარი თავის სხვის ადგილას დაყენება კარგი ადამიანობის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. ამას ფსიქოლოგები „ემოციურ თანაგრძნობას“ უწოდებენ, მაგრამ რამდენად მისაღებია ის?

რამდენიმე წლის წინ პოლ ბლუმმა დაწერა წიგნი, სახელწოდებით „ემპათიის წინააღმდეგ: რაციონალური თანაგრძნობის საქმე“, სადაც ამტკიცებდა, რომ თანაგრძნობის ეს ფორმა სინამდვილეში ძალიან ცუდი მორალური სახელმძღვანელოა. ჩვენ ბუნებრივად ვგრძნობთ თანაგრძნობას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩვენნაირები არიან, რომლებიც ჩვენს ენაზე საუბრობენ. ამ მიდგომის გამო კი თავს დაცულად ვგრძნობთ — როდესაც მიკერძოებულ და ადგილობრივ თანაგრძნობას ვავლენთ. ეს კი ერთგვარად მოჩვენებითია, რადგან შესაძლოა, ემპათია არა უშუალოდ კონკრეტული პიროვნების მიმართ გვიჩნდებოდეს, არამედ ნარატივისთვის მორგებული საკუთარი თავისადმი.

ზოგადად, რთული ემპათია მხოლოდ ერთი კუთხით დავინახოთ — ან მხოლოდ დადებითი, ან მხოლოდ უარყოფითი. ცხადია, რიგ შემთხვევებში თანაგრძნობის გამოვლინებას ბევრი კარგი შედეგის მოტანა შეუძლია… მაგალითად, როცა უანგაროდ ვცდილობთ სხვის დახმარებას. თუმცა არ ვიცით, რა შედეგები მოჰყვება მას ხანგრძლივ პერსპექტივაში.

ცოტა ხნის წინ ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც ცდისპირებს უნდა გადაეწყვიტათ, დაეხმარებოდნენ თუ არა პატარა გოგონას. ვითარება კი ასეთი იყო: გოგონას გულის დონაცია სჭირდებოდა, თუმცა მას იმდენად დიდხანს უწევდა სიაში ყოფნა, რომ მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა. მონაწილეები კი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ — გულის მომლოდინეთა სიაში პირველ ადგილას გადმოიყვანდნენ მას თუ არა. რა თქმა უნდა, ბევრმა დაუფიქრებლად განაცხადა თანხმობა… ნაწილმა კი გააცნობიერა, რომ ამ ქმედებით სხვები დაზარალდებოდნენ — ანუ, ისინი, ვინც ისტორიის მიღმა რჩებოდნენ.

ასეთ დროს ვინ და როგორ წყვეტს, რა არის ეთიკური? ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ თანაგრძნობის დადებითი სარგებელი აღემატება უარყოფითს… პოლ ბლუმის თქმით კი, ის ამგვარ მათემატიკურ ანგარიშებს არ ეთანხმება მსგავს შემთხვევებში. ამიტომაც ფიქრობს, რომ ემპათია რაღაცით უნდა შეიცვალოს — კი არ უნდა გაქრეს, არამედ შეიცვალოს. ბლუმი ამისათვის ყველაზე კარგ ვარიანტად რაციონალურობის დამატებას განიხილავს. „თუ მე ვაპირებ ვინმეს დავეხმარო, უნდა ვიცოდე მისი დასახმარებლად საუკეთესო გზა. ზოგჯერ ის, რაც შეიძლება საუკეთესო საშუალებად მოგეჩვენოთ, უბრალოდ აუარესებს სიტუაციას. ზოგჯერ იმის გარკვევა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სამყარო უკეთეს ადგილად იქცეს, ძალიან რთული ამოცანაა, ზედმეტად რთული ერთი ტვინისთვის. ამრიგად, რაციონალურობა თავისთავად დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში“. 

მარტივად რომ ვთქვათ, ემოციურ ფონთან ერთად აუცილებლად გვჭირდება რაციონალური განსჯა, რადგან სწორედ ამ ორის კომბინაციით მიიღება საუკეთესო გამოსავალი, თუ როგორ გავხადოთ სამყარო უკეთესი ადგილი

ხმლების წარმოებიდან თანამედროვე სამართებლების ბრენდამდე – 𝐖𝐢𝐥𝐤𝐢𝐧𝐬𝐨𝐧 𝐒𝐰𝐨𝐫𝐝

თუ სამსახურის გასაუბრების შემდეგ პასუხი არ ისმის…