in

რატომ გაათავისუფლა ილონ მასკმა სტაჟიანი ასისტენტი, რომელმაც ხელფასის გაზრდა ითხოვა?

ნუთუ, ეს ყველაფერი მეტი ფულის მოთხოვნამ გამოიწვია?

დროებით 2014 წლის დასაწყისში დავბრუნდეთ — ეს ის დროა, როდესაც მერი ბეთ ბრაუნმა გადაწყვიტა, ხელფასის გაზრდა ეთხოვა. თუმცა არასდროს უფიქრია, რომ ეს ილონ მასკთან 12-წლიანი პროფესიული ურთიერთობის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბრაუნი ძალიან ბევრ საქმეს აკეთებდა, დაწყებული ლოს-ანჯელესსა და სილიკონის ველს შორის ინტენსიური მოგზაურობით, დასრულებული შაბათ-კვირას გვიანობამდე მუშაობით. გარდა ამისა, იგი ჩართული იყო SpaceX-ისა და Tesla-ს საქმიანობაში, კერძოდ, ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და ხშირად ეხმარებოდა მასკს ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში.

შეიძლება ითქვას, მერი ბეთი ილონ მასკის გაგრძელებას ჰგავდა… ყოველ შემთხვევაში, ის ასე აღიქვამდა საკუთარ თავს. ეშლი ვენსმა თავის წიგნში ილონ მასკი: Tesla, SpaceX და ფანტასტიკური მომავლის ძიება, მოიხსენია ეს ამბავი და ასე აღწერა ბრაუნი:

“ბრაუნი, ან MB, როგორც მას ყველა ეძახდა, მასკის ერთგული თანაშემწე გახდა და Iron Man-ის ტონი სტარკისა და პეპერ პოტსის ურთიერთობის რეალური ვერსია შექმნა. თუ მასკი დღეში ოცი საათის განმავლობაში მუშაობდა, ბრაუნიც ასე იქცეოდა. წლების განმავლობაში მას მოჰქონდა უფროსისთვის საჭმელი, ნიშნავდა საქმიან შეხვედრებს, არჩევდა ტანსაცმელს, ამუშავებდა პრესის კითხვებს და, საჭიროების შემთხვევაში, აუქმებდა შეხვედრებს. შედეგად, ის გახდა ერთადერთი ხიდი მასკსა და მის ინტერესებს შორის და იყო ფასდაუდებელი აქტივი კომპანიის თანამშრომლებისთვის”. 

ეშლიმ ასევე აღნიშნა, რომ ბრაუნმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა SpaceX-ის ადრეულ კულტურაში, რადგან მან ყველა დეტალს დიდი ყურადღება დაუთმო. ამრიგად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მერი ბეთი 2014 წლის დასაწყისში მასკს დიდი იმედით მიუახლოვდა და ხელფასის გაზრდა სთხოვა. უფრო ზუსტად, მას სურდა კომპენსაცია, როგორც SpaceX-ის საუკეთესო თანამშრომელს.

პასუხად, ილონ მასკმა ბრაუნს უთხრა, რამდენიმე კვირა დაესვენა, რათა უკეთ გაეგო მისი პასუხისმგებლობა. სინამდვილეში, მასკს უნდოდა გაეანალიზებინა, რამდენად შეუცვლელი იყო მისთვის მერი ბეთი. მართლაც, ბრაუნმა ორკვირიანი შვებულება მიიღო და მილიარდერმაც დაიწყო ასისტენტის პასუხისმგებლობის “უკეთ შესწავლა”.

ორი კვირის შემდეგ, როდესაც ბრაუნი ოფისში მივიდა, მასკმა უთხრა, რომ მის მიერ გაწეული სამსახური აღარ სჭირდებოდა. “როდესაც ის დაბრუნდა, მივედი დასვკვნამდე, რომ ჩვენი ურთიერთობა ვეღარ შედგებოდა. 12 წელი კარგი დროა ნებისმიერი სამუშაოსთვის. ის ვინმესთვის დიდ საქმეს გააკეთებს”. 

ბრაუნისთვის ეს ნამდვილი შოკი იყო. ხელფასის გაზრდის მოთხოვნის გამო არავის ათავისუფლებენ, არა? როგორც ეშლი აღნიშნავს წიგნში, ამ არაცერემონიულმა მოვლენამ SpaceX-სა და Tesla-ში ყველა თანამშრომელი გააოცა. თანაც, ამან მასკის სასტიკი სტოიციზმისა და თანაგრძნობის უნარის ნაკლებობა დაადასტურა.

მასკი ამტკიცებდა, რომ ბრაუნს სხვა სამუშაო შესთავაზა იგივე ანაზღაურებით, მაგრამ “შეურაცხყოფილმა” თანამშრომელმა უარი თქვა და კომპანიის დატოვება გადაწყვიტა.

ახლა კი ისმის კითხვა — რატომ გაათავისუფლა მასკმა თავისი დიდხნიანი თანაშემწე, რომელიც ყველაფერს აკეთებდა მისთვის? ნუთუ, ეს ყველაფერი მეტი ფულის მოთხოვნამ გამოიწვია? თუ ილონ მასკის გონების გაბრწყინებამ, რომ მათი ურთიერთობა აღარ მუშაობს? ან, იქნებ, ბრაუნის უუნარობამ?

ბრაუნის პერსპექტივიდან ცხადია, რომ იგი დარწმუნებული იყო მასკის კომპანიებისადმი გაწეული საქმის მნიშვნელობაში. შესაბამისად, დამსაქმებლისგან მოითხოვდა, ისე მოპყრდობოდა, როგორც თავისი გუნდის “საუკეთესო ჯარისკაცს”. თუმცა ილონ მასკმა ეს საკითხი ძალიან რეალისტურ ჭრილში შეაფასა, უგულებელყო მერი ბეთის ყველა წინა ნამუშევარი. სულ რაღაც ორ კვირაში კი დარწმუნდა, რომ ერთგული ასისტენტის მიერ გაწეული სამსახურის საჭიროება აღარ არსებობდა — ანუ, ბრაუნი შეუცვლელი არ აღმოჩნდა.

თუ მასკის გადაწყვეტილებას ეთანხმებით თანაშემწის გათავისუფლების შესახებ, დაფიქრდით, როგორ უნდა გახდეთ ნამდვილად შეუცვლელი თანამშრომელი. ხოლო, თუ ასისტენტის მხარეს იკავებთ, ეს ღირებული შეხსენება უნდა იყოს იმისა, რომ წლების განმავლობაში არ უნდა ითმინოთ დაუფასებლობა.

წყარო: Medium



ბიზნეს დაჯილდოება 2021-ის ფინალისტები ნომინაციაში “საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისთვის”

პიგმენტური ლაქების, კაპილარული ქსელის და აკნეს შემდგომი ლაქების მოცილების უახლესი აპარატურული მეთოდი