in

როგორ ვუპასუხოთ კითხვას — რატომ გინდათ აქ მუშაობა?

ხშირად სამსახურის ინტერვიუს ყველაზე რთული კითხვები მარტივი და ძალიან პირდაპირიცაა. ის, რის გაგონებასაც ყოველთვის უნდა ელოდეთ და კარგად მოემზადოთ, არის: რატომ გინდათ აქ მუშაობა?“.

ეს კითხვა ისეთივე პრობლემურია, როგორც მომიყევით თქვენ შესახებ, რაც კონკრეტულ პასუხზე ფოკუსირებას მოითხოვს. ცარიელი ფურცელია, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ მისი შევსება ნებისმიერი რამით შეგიძლიათ.

როგორ ვუპასუხოთ კითხვას: რატომ გინდათ აქ მუშაობა?

  1. გამოხატეთ თქვენი პირადი მოწონება დამსაქმებლის პროდუქტის/სერვისის/მისიის შესახებ.
  2. ახსენით, რატომ გესიამოვნებოდათ ამ თანამდებობის პასუხისმგებლობების შესრულება.
  3. აღწერეთ, როგორ მიაღწევთ წარმატებას კონკრეტულ პოზიციაზე თქვენი უნარებითა და გამოცდილებით. 

ამ სამი მიდგომის ნებისმიერი კომბინაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ, სანამ საჭირო პასუხს არ მიიღებთ. ახლა კი თითოეული მიდგომისთვის შესაძლო პასუხები განვიხილოთ.

1. გამოხატეთ თქვენი პირადი მოწონება დამსაქმებლის პროდუქტის/სერვისის/მისიის შესახებ.

დამსაქმებლებს სურთ იცოდნენ, რომ თქვენ გატაცებული ხართ იმით, რასაც აკეთებენ, იქნება ეს პროდუქტი, მომსახურება, მისია თუ ბრენდი. თქვენი ემოციები კომპანიის ძირითად ღირებულებებსაც შეგიძლიათ დაუკავშიროთ, რაც მათ საიტზეც კი შეგიძლიათ იპოვოთ. კონკრეტული პოზიციისადმი თქვენი აღფრთოვანების ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანიც ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა არასამთავრობო სექტორში იწყებთ მუშაობას, სადაც მისია თქვენს პირად ღირებულებებს ემთხვევა.

მაგრამ როგორ უნდა გადმოსცეთ ეს ენთუზიაზმი? როცა რაღაცით გატაცებული ხართ, ეს თქვენი ცხოვრების სხვა ასპექტებსაც ეხება. დაადგინეთ თქვენი ცხოვრების მსგავსი მაგალითები და გააზიარეთ ისინი ინტერვიუს დროს. ენთუზიაზმის გადმოცემა არის იმის გაჟღერება, რაც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ყოველთვის გახსოვდეთ, მკაფიოდ თქვათ, რატომ ხართ გატაცებული… 

პასუხები:

  • მთელი ჩემი ზრდასრული ცხოვრება მხარს ვუჭერდი X თემას, რადგან მჯერა, რომ Y…
  • X ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც პროფესიონალურ, ისე პირად ცხოვრებაში, რადგან მჯერა, რომ…
  • ძალიან გატაცებული ვარ X-ით და ძალიან გამიხარდება თუ ვიმუშავებ ორგანიზაციაში, რომელიც ანალოგიურ ღირებულებებს იზიარებს…

2. ახსენით, რატომ გესიამოვნებოდათ ამ თანამდებობის პასუხისმგებლობების შესრულება.

საიდუმლო არ არის, რომ უფრო პროდუქტიულად, კარგად და დიდი ხნით მხოლოდ მაშინ ვმუშაობთ, როცა ჩვენი საქმე გვიყვარს. საკუთარი თანამშრომლებისგან მსგავსი თავდადება ნებისმიერ დამსაქმებელსაც ენდომებოდა. თუმცა სამსახურსა და ბედნიერებას შორის კავშირის დამყარება სრულად თქვენი პასუხისმგებლობაა. ეს კავშირი, შესაძლოა, ისეთივე მარტივი იყოს, როგორც X არის ის, რაც მაბედნიერებს”, მაგრამ თუ იმასაც აღწერთ, რატომ არის ან როგორ ხდება ეს ასე, თქვენი პასუხი უფრო ღირებული და დასამახსოვრებელი გახდება. 

პასუხები:

  • მე ყოველთვის მსიამოვნებდა სხვა ადამიანების დახმარება სწავლის პროცესში, დაწყებული ჩემი რეპეტიტორული მუშაობით სკოლაში, დამთავრებული ტრენინგის გამოცდილებამდე, სწორედ ამიტომ, ვგრძნობ თავს L&D-ში ასე სრულყოფილად.
  • ყოველთვის მიყვარდა წერა და რედაქტირება, კოლეჯის გაზეთში ვებ კონტენტზე მოხალისედაც კი ვმუშაობდი, ამიტომ, ძალიან ბედნიერი ვარ, ამ სამსახურის დიდი ნაწილი წერას რომ ეთმობა. 
  • მონაცემების ანალიზი ყოველთვის სახალისო იყო ჩემთვის, იქნება ეს რიცხვების გამოყენება ამბის მოსაყოლად თუ იდეის ჩამოსაყალიბებლად. მოუთმენლად ველი მონაცემთა ვიზუალიზაციის სამუშაოს ამ გუნდში.  

3. აღწერეთ, როგორ მიაღწევთ წარმატებას კონკრეტულ პოზიციაზე თქვენი უნარებითა და გამოცდილებით.

ინტერვიუერი გასაქმებთ იმის გამო, თუ ვინ ხართ და რისი კეთება შეგიძლიათ ახლა, თუმცა ისინი ასევე დაინტერესებულნი არიან, რისი მიღწევა შეგიძლიათ მომავალში. გამოდის, უბრალოდ კი არ გასაქმებენ, არამედ ინვესტიციასაც დებენ თქვენში. 

აჩვენეთ თქვენი რწმენა თქვენივე წარმატების მიღწევის უნარსა და ამ პოზიციაზე გაზრდისთვის. გამოიყენეთ ისეთი ფრაზები, როგორებიცაა X-ში მიღებული გამოცდილებით, მე ჩემს თავს წარმატებულს ვხედავ…, მოუთმენლად ველი ჩემი უნარების გამოყენებას, რათა… და ვფიქრობ, წვლილს შევიტან…. აქ საკვანძო საკითხი ის არის, თუ რამდენად კარგად მოგამზადათ წინა გამოცდილებამ დღევანდელი დღისთვის. 

პასუხები:

  • მე ჩემს თავს ამ პოზიციაზე წარმატებულს ვხედავ, რადგან მსგავსი სამუშაო წარსულშიც შემისრულებია და ვიცი, რა არის საჭირო კონკრეტული მომხმარებლების ჩასართავად“.
  • აღმოვაჩინე, რომ საუკეთესოდ თანამშრომლებთან ერთად ვმუშაობ, ამიტომ მოუთმენლად ველი სხვადასხვა დეპარტამენტთან მუშაობას, რათა ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ.
  • ამ სამსახურის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია დაგეხმაროთ იმ გზების პოვნაში, რომლებიც პროექტების უფრო ეფექტურად მართვაში დაგეხმარებათ.

 სამი მიდგომის კომბინირება — პასუხები 

ქვემოთ სამედიცინო კომპანიის ჰიპოთეზური მარკეტინგული პოზიციისთვის გაცემული პასუხია მოცემული. ამ ადგილისთვის წერა, შემოქმედებითობა და თანამშრომლობა პრიორიტეტული საკითხები იყო:

აქ მუშაობა მინდა, რადგან როგორც ექიმების ოჯახის წარმომადგენელს, მიყვარს, როცა ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში ვეხმარები და მათი ცხოვრებისა თუ სხეულის შესახებ ჭკვიანურ გადაწყვეტილებებსაც ვიღებ. ამასთან, ქოფირაითინგი და რედაქტორის სტრატეგიაში ჩართვა მომწონს, განსაკუთრებით კი სოციალურ მედიაში. სიამოვნებას მანიჭებს კოლეგებთან საუბარი და იდეების გაცვლა, ე.წ. ბრეინშტორმინგი, რათა საუკეთესო შემოქმედებით იდეამდე მივიდეთ. როცა ამ პოზიციის საჭიროებებსა და კორპორატიული მისიის ინტეგრირებაზე ვფიქრობ, თავს შთაგონებულად ვგრძნობ და ვხედავ, რომ ამ დიდ გზაზე მეც ჩემი წვლილი შემაქვს

მთავარი რჩევა: იყავით კონკრეტული

ხოლო, როცა პასუხს ჩამოაყალიბებთ, გაიაზრეთ, რომ რაც უფრო კონკრეტულია იგი, მით უფრო ძლიერი შედეგი ექნება. ამას ზემოთ მოცემული მაგალითიც ადასტურებს, სადაც ხაზს უსვამენ ისეთ კონკრეტულ საკითხებს, როგორიცაა ოჯახში ექიმების არსებობა, ე. წ. ქოფირაითინგისა თუ ბრეინშტორმინგის სიყვარული, რაც თანამშრომლობის ძალიან კონკრეტულ ფორმასაც გვთავაზობს. 

რა არ უნდა ვთქვათ!

არ თქვათ, რომ თქვენ გსურთ მუშაობა, რადგან:

  • ხელფასი მოგწონთ
  • ის სარგებელი გიზიდავთ, რომელსაც ეს სამსახური გთავაზობთ
  • წოდება მოგწონთ
  • დისტანციურად ან კონკრეტული ადგილიდან მუშაობა გსურთ
  • ვერ მიიღეთ ის სამუშაო, რომელიც ნამდვილად გინდოდათ

შემდეგი გასაუბრებისას ხმამაღლა წარმოთქვით პასუხი კითხვაზე — რატომ გინდათ აქ მუშაობა? და ეს თქვენს გონებაში არ წარმოიდგინოთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საუკეთესო პასუხი ნაკლებად ეხება იმას, თუ რატომ გინდათ მათთან, ეს უფრო მეტად იმას უნდა აჩვენებდეს, თუ რატომ უნდა უნდოდეთ მათ თქვენი დასაქმება. ხოლო, თუ თქვენს გატაცებას, ენთუზიაზმსა და ოპტიმიზმს კონკრეტულად აჩვენებთ, დამსაქმებლის სიაშიც მოხვდებით იმ გზით, რომ მათ თქვან: ეს არის ის, რის გამოც გვინდა, რომ აქ იმუშაო.

წყარო: HBR



3 რამ, რაც Amazon-ის სარეკლამო ბიზნესის შესახებ უნდა იცოდეთ

როგორ უნდა მოემზადონ მარკეტერები Google Analytics-ის შემდეგი თაობისთვის?