ქართველებს რაც კარგად გამოგვდის, კრიტიკულ სიტუაციებში ერთმანეთის გვერდით დგომაა და ამაზე მოწმობს სტიქიების დროს შექმნილი ჯგუფებიც მოხალისეებისთვის… ჩვენ კი დაგვაინტერესა, რა ძალა ამოძრავებთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ საჭირობებს ივიწყებენ და სხვების დასახმარებლად მიდიან, პასუხები კი სამეცნიერო ნაშრომებში ვიპოვეთ.
კვლევები გვეუბნება, რომ სხვების დახმარება ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვისაა სასარგებლო. სტრესს ამცირებს, განწყობას აუმჯობესებს, თვითშეფასებას ზრდის და ასე უფრო ბედნიერსაც გვხდის. კარგი კი ის არის, რომ სხვისი დახმარება სულაც არ მოითხოვს ბევრი ფულის ქონას, ეს პატარა ნაბიჯებითაც შეგიძლიათ, გააკეთოთ და ასე თქვენი მენტალური ჯანმრთელობა კვებოთ. თუნდაც, ისეთი პატარა ჟესტებით გამოხატოთ, როგორებიცაა ავტობუსში სხვისთვის ადგილის დათმობა ან სამსახურში კოლეგისთვის ყავის მომზადება…
რა ხდება ჩვენს ტვინში, როცა სხვებს ვეხმარებით?
ნეირობიოლოგიურ დონეზე, შესაძლოა, მოხალისე უფრო მეტ სარგებელს იღებდეს, ვიდრე პირი, რომელსაც რეალურად ეხმარებიან. უფრო კონკრეტულად, კვლევამ ტვინის სამ უბანში მიმდინარე პროცესები გაგვაცნო:
- დორსალურ წინა ცინგულარულ ქერქში, მარჯვენა წინა ინსულარულ ქერქსა და მარჯვენა ამიგდალაში მცირდება სტრესთან დაკავშირებული აქტივობა.
- მარცხენა და მარჯვენა ვენტრალურ სტრიატუმში იზრდება ჯილდოსთან დაკავშირებული აქტივობები.
- სუბკორტიკალური რეგიონში იზრდება ზრუნვასთან დაკავშირებული აქტივობები.
რატომ გვაბედნიერებს სხვების დახმარება?
თუ ნეირომეცნიერებს დავუჯერებთ, სხვების დახმარება და მოხალისეობა ოქსიტოცინის, სეროტონინისა და დოფამინის გამოყოფაში გვეხმარება — ეს ჰორმონები ჩვენს განწყობას აუმჯობესებს და კორტიზოლის სტრესის ჰორმონს ბლოკავს. სწორედ ამიტომ გვაგრძნობინებს სხვების დახმარება თავს ბედნიერად.
ერთ-ერთი კვლევა კი მეტად საინტერესო მოსაზრებას გვაცნობს, გვეუბნება, რომ ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მოხალისეობისას გამოიყოფა მსგავსია იმისა, რასაც, მაგალითად, იოგის, სირბილის ან სექსუალური კავშირის დროს განვიცდით. თუმცა, რაც უნდა სასიამოვნო იყოს ეს აქტივობები, საქმე გვაქვს სტრესორებთან, რომლებიც სხეულს იმაზე მორგებას სთხოვს, რასაც სტატუს-კვო ითხოვს მისგან. ხოლო, როცა სტრესორების წინაშე ვართ, სხეული ტკივილგამაყუჩებელ ენდორფინებს ათავისუფლებს, რათა მოგვცეს ძალა, რომელიც ადამიანთა სახეობის გადასარჩენად გვჭირდება…
კითხვაზე, თუ რატომ გვაბედნიერებს სხვების დახმარება, ერთ-ერთი პასუხი შემდეგია: კუთვნილების გრძნობას აჩენს და იზოლაციას ამცირებს — მიჩნეულია, რომ სხვების დახმარება იმ გზებს შორისაა, რომლითაც ადამიანები ქმნიან, ინარჩუნებენ და აძლიერებენ თავიანთ სოციალურ კავშირებს. მაგალითად, მოხალისეობა და სხვების დახმარება კუთვნილების გრძნობას აჩენს, ახალი მეგობრების შეძენასა და ახალ საზოგადოებებთან დაკავშირებაში გვეხმარება.
დაბოლოს, ჩვენი სიკეთით ჩვენივე ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება. საკუთარი კეთილი ქმედებების გაცნობიერება ისევე, როგორც საკითხების, რომლის გამოც მადლიერები ვართ, ბედნიერების, ოპტიმიზმისა და კმაყოფილების დონეს ზრდის. გიბიძგებთ, საკუთარ ცხოვრებას პოზიტიურ ჭრილში შეხედოთ. ამის გამოსაცდელად კი, კვირაში ერთხელ მაინც დაეხმარეთ სხვას და დააკვირდით, როგორ იგრძნობთ თავს…