in

რატომ გვამახსოვრდება ინფორმაცია ნაკლებად, როცა მისი პოვნა მარტივია?

Slack, Microsoft Teams, საერთო დისკები, შიდა საძიებო სისტემები და AI ასისტენტები სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. საჭირო ინფორმაცია ხშირად რამდენიმე წამშია ხელმისაწვდომი. თუმცა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ამ კომფორტს შეიძლება მოულოდნელი შედეგიც ჰქონდეს: რაც უფრო მარტივია ინფორმაციის ხელახლა მოძებნა, მით ნაკლებად ვცდილობთ მის დამახსოვრებას.

ხუთ ექსპერიმენტში 18-დან 77 წლამდე ასაკის 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მონაწილეები სიმულირებულ სამუშაო და ონლაინ გარემოში ჯერ სოციალურ კავშირებს ამყარებდნენ და შემდეგ ახალ ინფორმაციას სწავლობდნენ. მკვლევრები აკვირდებოდნენ, რას იმახსოვრებდნენ უკეთ: თავად ინფორმაციას თუ იმას, ვინ ვისთან იყო დაკავშირებული და ვის შეიძლებოდა სცოდნოდა კონკრეტული საკითხი.

შედეგი საკმაოდ მკვეთრი აღმოჩნდა. მონაწილეები, რომლებმაც ინფორმაციის მიღებამდე სოციალური კავშირები შექმნეს, თავად მასალის დაახლოებით 40%-ით ნაკლებს იმახსოვრებდნენ. სამაგიეროდ, დაახლოებით 65%-ით უკეთ ახსოვდათ, ვინ ვისთან იყო დაკავშირებული. მკვლევრების მიხედვით, პრობლემა ყურადღების უბრალო გაფანტვა არ ყოფილა. ადამიანები ყურადღებას თავად ინფორმაციის ნაცვლად სოციალური ქსელის სტრუქტურაზე მიმართავდნენ.

სხვა სიტყვებით, ტვინი არჩევანს აკეთებდა: თუ ინფორმაცია მოგვიანებით მარტივად შემიძლია ვიპოვო, რატომ უნდა დავხარჯო რესურსი მის სრულად დამახსოვრებაზე?

ეს ქცევა სამუშაო გარემოში ისედაც ნაცნობია. შეიძლება აღარ გვახსოვდეს კონკრეტული პროცედურა, მაგრამ ვიცოდეთ, რომელ თანამშრომელს უნდა ვკითხოთ. შეიძლება პროექტის ყველა დეტალი არ გვახსოვდეს, თუმცა ზუსტად ვიცოდეთ, რომელ Slack არხშია საჭირო პასუხი. ან ცოდნის დამახსოვრების ნაცვლად ვიცოდეთ, რომელ AI ასისტენტს ან შიდა საძიებო სისტემას მივმართოთ.

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ ეფექტი ყველაზე ძლიერი მაღალი სამუშაო მეხსიერების მქონე ადამიანებში იყო. კავშირების შექმნის შემდეგ მათ ინფორმაციის გახსენება 50%-ზე მეტად შეუმცირდათ, სოციალური კავშირების დამახსოვრების სიზუსტე კი ორჯერ და მეტად გაეზარდათ. მკვლევრების ინტერპრეტაციით, ისინი ნაკლებად კი არ სწავლობდნენ, არამედ უფრო სტრატეგიულად წყვეტდნენ, რისი დამახსოვრება ღირდა.

ეს შედეგი კომპანიებისთვის მნიშვნელოვან კითხვას აჩენს. თანამშრომელს ინფორმაციის მოძებნა რომ შეუძლია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მას ეს ინფორმაცია ნამდვილად ესმის?

ციფრული ინსტრუმენტები ცოდნის პოვნას გაცილებით სწრაფს ხდის, თუმცა ამავდროულად შეიძლება ხელი შეუწყოს ე.წ. cognitive offloading-ს, როდესაც ადამიანი ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავს ინფორმაციის დამახსოვრებაზე და უფრო მეტად იმახსოვრებს, სად უნდა იპოვოს ის მოგვიანებით. ყოველდღიური სამუშაოსთვის ეს ხშირად სრულიად რაციონალური სტრატეგიაა.

პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა საქმე რთულ აზროვნებას ეხება. სტრატეგიული გადაწყვეტილებები, ახალი იდეების შექმნა და სხვადასხვა წყაროდან მიღებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება უფრო რთულია, თუ ადამიანს ყოველ ჯერზე უწევს იმ ინფორმაციის თავიდან მოძებნა, რომელიც არასოდეს დაუმუშავებია სიღრმისეულად.

ამიტომ, ორგანიზაციებისთვის მხოლოდ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საკმარისი არ არის. კვლევის მიხედვით, თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ახალი ცოდნა თავად დაამუშაონ: ახსნან საკუთარი სიტყვებით, განიხილონ კოლეგებთან და გამოიყენონ რეალურ სამუშაო ამოცანებში. სწორედ ასეთი პროცესები ეხმარება ადამიანს ინფორმაციის უფრო ღრმად გაგებასა და დამახსოვრებაში.

იგივე ეხება კომპანიებში არსებულ სოციალურ ქსელებსაც. მათი ფუნქცია მხოლოდ იმაში არ უნდა მდგომარეობდეს, რომ თანამშრომელმა სწრაფად იპოვოს საჭირო ექსპერტი. მენტორობა, კოლეგებისგან სწავლა, ერთობლივი პრობლემის გადაჭრა და სხვადასხვა გუნდის წევრებს შორის დისკუსია სოციალურ კავშირებს ცოდნის მიღების საშუალებადაც აქცევს.

AI ამ საკითხს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. მალე თანამშრომლებს წამებში შეეძლებათ დოკუმენტების შეჯამება, შიდა წესების მოძებნა, ექსპერტის პოვნა და რეკომენდაციების მიღება. ეს პროდუქტიულობას ზრდის, თუმცა პარალელურად ჩნდება ახალი კითხვა: რა ხდება მაშინ, როცა დამახსოვრება საერთოდ აღარ გვჭირდება?

კვლევა არ ამბობს, რომ ინფორმაციის მარტივად მოძებნა ცუდია ან კომპანიებმა ციფრული ინსტრუმენტები უნდა შეზღუდონ. მთავარი განსხვავება ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და რეალურ ცოდნას შორისაა. მომდევნო გამოწვევაც სწორედ ის იქნება, როგორ გამოვიყენოთ AI და სხვა ტექნოლოგიები ისე, რომ ადამიანებს ცოდნის პოვნასთან ერთად მისი გაგება და ათვისებაც შევუნარჩუნოთ.

წყარო: HBR



როგორ უკავშირდება მარტოობა ჯანმრთელობას?

Open Black Sea Festival 2026 – შავი ზღვის საგამოძიებო იდეების ჰაკათონი იწყება