დღევანდელი კონკურენციის ფარგლებში, სადაც ადამიანები ყოველდღიურად უამრავ ახალ და ნაცნობ ბრენდ ადევნებენ თვალყურს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი გამოირჩეოდეს, ჰქონდეს ძლიერი საკომუნიკაციო ენა და ახერხებდეს მესიჯის მომხმარებლამდე სწორად მიტანას. ამის გარეშე ძალიან რთულია მომხმარებლის ერთგულების და ნდობის შენარჩუნება. რატომ სჭირდება კომპანიას ბრენდის დიზაინი და რა შეცდომებს ვუშვებთ ამ პროცესში? ამის შესახებ გრაფიკოსმა დიზაინერმა მაშო ნარტყოშვილმა გვიამბო.
„პირველ რიგში განვსაზღვროთ ტერმინის მნიშვნელობა – ბრენდის ვიზუალური იდენტობა არის ვიზუალური ელემენტების ერთობლიობა, რომლებიც წარმოადგენენ და გამოარჩევენ ბრენდს. ის მოიცავს ისეთ ვიზუალურ კომპონენტებს – როგორიცაა ლოგო, ფერთა პალიტრა, ფონტები, გრაფიკა თუ ნებისმიერი სხვა ვიზუალური ელემენტი, რომლითაც მომხმარებელი ახერხებს ბრენდის დამახსოვრებასა და იდენტიფიცირებას.“
M: რა მნიშვნელობა აქვს ბრენდისთვის ვიზუალურ იდენტობას?
გასათვალისწინებელია, რომ ბრენდის ვიზუალური იდენტობა არ არის ცალკე განყენებული ცნება, ის არის ერთი დიდი მთლიანობის – ბრენდის იდენტობის ანუ ბრენდინგის ნაწილი. გარდა ბრენდის ვიზუალური მხარისა, ბრენდის იდენტობა შედგება დამატებითი კომპონენტებისგან, რომლებიც თავმოყრილია ბრენდის სტრატეგიულ ნაწილში, რომლის განსაზღვრაც არის უმნიშვნელოვანესი, ბრენდის ვიზუალური იდენტობის შექმნამდე. ბრენდ პლატფორმის შემადგენელი კომპონენტები, როგორიცაა მაგალითად ბრენდის არქეტიპი, ბრენდის მოტივაცია, ბრენდის დაპირება, ხედვა, მისია, სამიზნე აუდიტორია თუ სხვა, წინ უნდა უძღვებოდეს ბრენდის ვიზუალურ იდენტობას და იყოს მისი ერთგვარი საფუძველი.სწორი ბრენდ პლატფორმის განსაზღვრის შემდეგ უნდა დაიწყოს ბრენდის ვიზუალური იდენტობის შენება.
ზოგადად, ადამიანები სამყაროსთან ვიზუალური სტიმულების საშუალებით ვურთიერთობთ. ჩვენ აღვიქვამთ სილამაზეს, წესრიგს, ერთიანობას და ეს ვიზუალური იმპულსები ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეყილებებზე. მითუმეტეს დღეს, როდესაც ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს სოციალურ ქსელებში ვატარებთ, ჩვენთვის ბევრად მარტივია, რომ ვშთანთქოთ ან შევქმნათ და გავავრცელოთ ვიზუალური მასალა. სამყაროში კი, სადაც ადამიანები ყოველდღიურად ამდენ ვიზუალურ მასალას აწყდებიან, ბრენდებისთვის გადამწყვეტია, რომ ჩამოაყალიბონ ძლიერი ვიზუალურ იდენტობა, რომელსაც შეუძლია ბრენდის ფართო მასებში გამორჩევა. დაწყებული ლოგოთი და გაგრძელებული ფერთა გამით თუ ცალკეული საბეჭდი ან ციფრული მასალით, რომლითაც ბრენდი აკეთებს მომხმარებელთან კომუნიკაციას, ყველაფერი უნდა იყოს შეკრული, სწორად შერჩეული და კონკრეტული არსის მატარებელი.
M: რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე ძირითადად?
უმთავრესი შეცდომა, რომელსაც ბრენდები ხშირად უშვებენ, არის ბრენდის ვიზუალურ იდენტობაზე მუშაობის დაწყება – განსაზვრული და სწორად ჩამოყალიბებული სტრატეგიის გარეშე. ეს ფაქტობრივად გულისხმობს სახლის საძირკველის გარეშე შენებას. პროცესი ბევრად უფრო რთული, არაკონსისტენტური და ქაოტური ხდება. ბრენდის ვიზუალური მხარე ყოველთვის უნდა ატარებდეს შინაარს, შინაარს კი როგორც წესი სტრატეგია გვკარნახობს.
მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომა არის მოუთმენლობა და დროის არასწორი განსაზღვრა. დასამახსოვრებელი, ძლიერი და ვიზუალურად მიმზიდველი პროდუქტის შექმნას ჭირდება დეკვატური დროის პერიოდის განმავლობაში მუშაობა, დატესტვა და შემდეგ აუდიტორიაში წარმოდგენა. ეს არის ხანგრძლივი, რთული და საყურადღებო პროცესი, რომელიც ბრენდმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაიაროს და საბოლოოდ მიაღწიოს სასურველ შედეგს. ასევე ხშირად ხდება, რომ კომპანიის წარმომადგენლები დიდ დროს უთმობენ მომზადებას, თუნდაც სტრატეგიის შექმნას, სახელის განსაზღვას, პროდუქტის ჩამოყალიბებას და ვიზუალური იდენტობის შესაქმნელად ბოლოს იტოვებენ არასაკმარის დროს, ეს დრო რეალურად გადამწყვეტია ხარისხიანი პროდუქტის შექმნისთვის.
ასევე საკმაოდ საგულისხმო შეცდომა მგონია პროფესიონალთა გუნდის გარეშე მუშაობა და საკუთარ კომპეტენციაზე დაყრდობა. ყველას გვაქვს ჩვენი საქმიანი პროფილი და ყველა რაღაც მიმართულებით ვართ კომპეტენტურები. მნიშვნელოვანია გავიაზროთ ჩვენი კომპეტენცია საკითხთან მიმართებაში და ავიყვანოთ სწორი გუნდი, რომელიც იქნება თავისი საქმის პროფესიონალი და რომელთანაც გვექნება მაქსიმალური ნდობა, რათა საბოლოოდ შევქმნათ ხარისხიანი და დასამახსოვრებელი პროდუქტი.
ბოლო და უმნიშვნელოვანეს შეცდომად დავასახელებდი ბრენდის ვიზუალური სახელმძღვანელოს გარეშე არსებობას ან მის გაუთვალისწინებლობას მომავალ ვიზუალურ კომუნიკაციაში. ბრენდ-ბუქი არის მთავარი ხელსაწყო, რომელიც გვეხმარება კონსისტენტური და შეკრული ბრენდის ვიზუალური კომუნიკაციის შენარჩუნებაში. აუცილებელია რომ ყველა მასალა, იქნება ეს სავიზიტო ბართი, ბილბორდი თუ სოციალური მედიის გვერდის შეფუთვა – ყოველთვის იყოს ერთიანი და შეკრული. ცალკეული მასალის დანახვისას მომხმარებელი უნდა ახერხებდეს კავშირის დანახვას და ბრენდის ამოცნობას. ბრენდის ვიზუალური სახელმძღვანელო კი ამ კონსისტენტურობის შენარჩუნებაში გვეხმარება.
M: მაინც, რატომ სჭირდება კომპანიას ბრენდის დიზაინი?
- ვიზუალური იდენტობა არის უმთავრესი წარმომადგენელი, რომელიც მომხმარებელს უქმნის პირველ შთაბეჭდილებებს ბრენდზე;
წარმოვიდგინოთ ბრენდები როგორ ცალკეული ინდივიდები – ნებისმიერ პიროვნებას აქვს გარკვეული თვითგამოხატვის საშუალებები, რომლებიც პირველი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებაში გვეხმარება და უფრო ფართო სურათში ამ ინდივიდის მიმართ გარკვეულ ემოციურ დამოკიდებულებას გვინვითარებს. ისევე როგორც ცალკეული ინდივიდის შემთხვევაში თვითგამოხატვის და თავის დამკვიდრების საშუალება შეიძლება იყოს ჩაცმულობა, აქსესუარები, მაკიაჟი ან რაიმე სხვა ვიზუალური გამოხატულება – ზუსტად ასევეა ბრენდების შემთხვევაშიც. ბრენდები თავის დამკვიდრებას სხვა და სხვა ვიზუალური სტიმულების საშუალებით ახერხებენ.
ლოგო, ფერები, ფონტები, გრაფიკა, ფოტო სტილი თუ ნებისმიერი სხვა ვიზუალურ გამოხატულება – არის ის, რითიც მომხმარებელი იწყებს ბრენდის გაცნობას და იყალიბებს პირველ შთაბეჭდილებებს. ეს შთაბეჭდილებები კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბრენდისა და მომხმარებელს შორის ნდობისა და ხანგრძლივი ემოციური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.
Top the Shaker Branding by Masho Nartkoshvili
- კონსისტენტური და ესთეტურად გამართული ვიზუალური იდენტობა, ეხმარება ბრენდს რომ გამოირჩეოდეს და იყოს დასამახსოვრებელი;
დღევანდელ დღეს, სამყაროში სადაც ადამიანები ჩვენი ყოველდღიურობის უდიდეს ნაწილს ციფრულ რეალობაში ვატარებთ, ჩვენს გონებაში მუდმივად შემოედინება ვიზუალური ინფორმაციის ზღვა. ყოველდღიურად ვაწყდებით ახალ ბრენდებს, სხვა და სხვა კამპანიებს, ამა თუ იმ მესიჯებს ან უბრალოდ ვიზუალურ მასალებს. მუდმივად ვიღებთ ახალ ინფორმაციას – შესაბამისად ძალიან რთულია ბრენდის მხრიდან საკუთარი თავის დამკვიდრება და შემდეგ ამ იმიჯის შენარჩუნება. იმ შემთხვევაში თუ ბრენდი რჩება კონსისტენტური და ესთეტურად გამართული თავის ვიზუალურ კომუნიკაციაში, მას აქვს პოტენციალი, რომ არ ჩაიკარგოს ვიზუალური ინფორმაციის ზღვაში. შესაბამისად კი იყოს გამორჩეული და მკაფიო თავის კომუნიკაციაში.
Hammock Branding by Masho Nartkoshvili and Meko Tchikadze
- ძლიერი ვიზუალური იდენტობა აყალიბებს მყარ ემოციურ ბმას მომხმარებელსა და ბრენდს შორის;
სამიზნე აუდიტორიასთან ღრმა, ინდივიდუალურ დონეზე კავშირის ქონა არის ძლიერი ბრენდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა. ასეთ შემთხვევაში ბრენდი ემოციურ დონეზე უკავშირდება თავის მომხმარებელს და ქმნის გარკვეულ უხილავ ბმას მათ შორის. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ვიზუალური კომუნიკაციით ვერ მიიღწევა. საჭიროა გამართული სტრატეგია და განსაზღვრული მესიჯი. თუმცა ვიზუალური გამოხატულება არის ის უმთავრესი მედიუმი, რომელსაც ეს მესიჯი მიაქვს მომხმარებლამდე, იქცევს მის ყურადღებას და ამახსოვრებს თავს. შესაბამისად უმნიშვნელოვანესია სამიზნე აუდიტორიის ძალიან კარგად ცნობა და ბრენდის დიზაინის ამის მიხედვით ჩამოყალიბება და შენარჩუნება.
Jekuna by Masho Nartkoshvili
- ბრენდის დიზაინი ეხმარება კომპანიას კომუნიკაციის თანმიმდევრულ წარმართვასა და მომხმარებთან ნდობის ჩამოყალიბებაში;
თანმიმდევრულობა არის ბრენდის წარმატებული კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. კომპანია უნდა იყოს კონსისტენტური აბსოლიტურად ყველა სახის ვიზუალურ კომუნიკაციაში. ამ კონსისტენტურობის შენარჩუნება ეხმარება ბრენდს სამიზნე აუდიტორიასთან ნდობის ჩამოყალიბებაში, რადგან მომხმარებელმა უკვე იცის რას ელოდოს კომპანიისგან და მისი მოლოდინი მუდმივად მართლდება.
იმისათვის რომ ვიზუალური კომუნიკაცია იყოს თანმიმდევრული, აუცილებელია, რომ ბრენდის დიზაინის იყოს ძალიან ზუსტად განსაზღვრული და თავმოყრილი ბრენდის ვიზუალურ სახელმძღვანელოში. ასევე გადამწყვეტი ფაქტორია, რომ მარკეტინგის გუნდი, რომელიც მომავალში წარმართავს ბრენდის კომუნიკაციას, ძალიან სწორად და ადეკვატურად ახერხებდეს ბრენდ ბუქში თავმოყრილი წესების გათვალისწინებას და ნებისმიერი სახის ვიზუალურ კომუნიკაციაში ამ კონსისტენტურობის შენარჩუნებას. თუ ბრენდი ასე მუშაობს, მისთვის უფრო მარტივია მომხმარებლამდე ნებისმიერი სათქმელის, მკაფიოდ და დასამახსოვრებლად მიტანა.
Globalize by Masho Nartkoshvili & Meko Tchikadze
- სწორად განსაზღვრული ვიზუალური იდენტობა, ეხმარება ეხმარება მარკეტინგის გუნდს მომხმარებელთან მარტივ კომუნიკაციაში.
როდესაც ბრენდს სწორად აქვს განსაზღვრული ვიზუალური ენა, მარკეტინგის გუნდისთვის ბევრად უფრო მარტივი ხდება მომხმარებელთან ნებისმიერი სახის ვიზუალური კომუნიკაციის წარმართვა. ბრენდი აღარ ექცევა სხვა და სხვა გარე ზეგავლენის ქვეშ, როგორიც შეიძლება იყოს პირობითად რაიმე ტრენდი, დიზაინერის ან თუნდაც სხვა თანამშრომლის გემოვნება თუ კომპანიის რომელიმე დამფუძნებლის კონკრეტული აზრი. ვიზუალურ კომუნიკაციაზე პასუხისმგებელმა ადამიანმა იცის როგორ შეუძლია ამ პროცესის წარმართვა და გზაში აღარ უჩნდება კითხვები, არ უწევს ყველა ცალკეულ მასალაზე ფიქრი. შესაბამისად განსაზღვრული ვიზუალური ენა, რომელიც თავმოყრილია ბრენდ ბუქში – ძალიან დადებითად ამარტივებს მარკეტინგის გუნდის სამუშაო პროცესს და მომხმარებელსა და ბრენდს შორის კომუნიკაციაში კონსისტენტურობას ინარჩუნებს.
შეჯამების სახით ვიტყოდი, რომ კარგ დიზაინს ნამდვილად შეუძლია, რომ სამყარო უკეთესი გახადოს და ადამიანების ცხოვრებას ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო ნიუანსები შესძინოს. შესაბამისად მარკეტინგის და კრეატიულ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს წინ ძალიან რეალური შესაძლებლობა აქვთ რომ ამ პროცესის წარმმართველები გახდნენ.