ბოლო დროს ხელოვნური ინტელექტი და მანქანათმცოდნეობა განხილვის აქტუალურ თემად იქცა… განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა AI-ს ცნობიერზე დაიწყეს საუბარი — მსგავსი განცხადებები ერთგვარ განგაშის სიგნალად იქცა და ადამიანები დაფიქრდნენ, რამდენად რეალური ან სახიფათოა ხელოვნურად შექმნილი “არსების” ადამიანის დონემდე განვითარება.
სრულიად ადეკვატური შეფასება იქნება, თუ ხელოვნურ ინტელექტს ტექნოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რევოლუციურ გამოგონებას ვუწოდებთ. თუმცა დიდ შესაძლებლობებს დიდი პასუხისმგებლობაც ახლავს თან. უფრო მეტაფორულად რომ ვთქვათ, მისი ტრანსფორმაციული ბუნება ორ გზას გვთავაზობს — პოზიტიურს და ნეგატიურს. პირველ მათგანში იგულისხმება მთელი რიგი შესაძლებლობები, დაწყებული პატარა, გამოსადეგი აპლიკაციებით, დასრულებული სხვადასხვა კვლევაში AI-ს უდიდესი როლით. ხოლო ნეგატიური ისეთ “აპოკალიფსურ” შინაარს მოიცავს, როგორიცაა რობოტების მიერ დამარცხებული ადამიანები.
მართალია, დღეისათვის ყოველი ჩვენგანი ყოველდღიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა განბლოკოს ტელეფონი, შეამოწმოს საბანკო ანგარიში, ან მანქანით მგზავრობისას საუკეთესო მარშრუტი იპოვოს… თუმცა შიში მაინც არსებობს — შიში, რომელიც ჯერ კიდევ 1927 წლიდან იღებს სათავეს. სწორედ ამ წელს გამოვიდა ფრიც ლანგის მიერ გადაღებული პირველი სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი “მეტროპოლისი”. ფილმში ორ ქალ რობოტს ვხვდებით: პირველი არის ჰელი, რომელიც მიწისქვეშა სამყაროში მცხოვრები გამომგონებლის როტვანგის საყვარელი ადამიანის ჩანაცვლებას ემსახურება. ხოლო მეორე ერთ-ერთი მთავარი გმირის, მარიას რობოტული ვერსიაა, რომელსაც ნამდვილი პერსონაჟის იდენტური ვიზუალი და რადიკალურად განსხვავებული იდენტობა აქვს. ცხადია, ფილმმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და საზოგადოება დააფიქრა, რომ ერთ დღესაც მართლა ჩაანაცვლებენ რობოტები ადამიანებს.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ საშიშროების შეგრძნების განეიტრალების ნაცვლად, ყველაფერი მეტად გამწვავდა. მაგალითად, თავად სტივენ ჰოკინგის თქმითაც, AI-ს მომავალი განვითარება, შესაძლოა, “კაცობრიობის დასასრულს ნიშნავდეს”. ამას თავისი კონტექსტი აქვს — სავსებით გონივრული იქნება იმის ფიქრი, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება “ბოროტ იარაღადაც” შეიძლება. როგორც კომპიუტერული მეცნიერება ყოველ ათწლეულში წინ მიიწევს, ის სისტემები, რომლებიც დღეს გვაქვს, არ იქნება შედარებადი იმასთან, რასაც ადამიანები მომავალში განავითარებენ. შესაბამისად, თუ AI ტექნოლოგიები “ცუდ ხელში” მოხვდება, შედეგები პოტენციურად კატასტროფული იქნება.
შიშის ლოგიკურ მიზეზს წარმოადგენს რაღაცის არ ცოდნაც. ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ადამიანებს ყოველთვის ეშინიათ სიახლის. როდესაც რაღაც ინოვაციური ჩნდება, ხალხს თანდაყოლილი უნდობლობის ინსტინქტი უაქტიურდება — უცნობის შიში ძლიერი ძალაა. შესაბამისად, რაც მეტად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, მით უფრო იზრდება გაურკვევლობა და საფრთხის განცდა.
“კარგია, როცა კომპიუტერები თვითმფრინავის უსაფრთხოდ მართვაში გვეხმარება…. მაგრამ ძალიან ემოციურები ვხდებით, როდესაც ალგორითმი ჭადრაკში გვამარცხებს”, — ამბობდა ფუტურისტი პიტერ კოკრეინი. ეს საკმაოდ საინტერესო მოსაზრებისკენ გვიხსნის გზას — იქნებ, პიროვნებაში ეგოიზმის გრძნობა იღვიძებს, კერძოდ, ეგოზე ნეგატიურად აისახება იმის წარმოდგენა, რომ ვიღაც ან რაღაც სხვა მას აღემატება.
როგორ შეიძლება შიშის განეიტრალება?
იმისათვის, რომ არსებული რეალობა ობიექტურად შევაფასოთ, აუცილებელია ცნობიერების ამაღლება — თუ რა ხდება ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რამდენად ადეკვატურია ესა თუ ის პროგნოზი და ა. შ. გარდა ამისა, საჭიროა გარკვეული რეგულაციების შექმნა… მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ წესები და კანონები ინოვაციების შეფერხებას იწვევს, ეს უფრო სწორი გზით განვითარებაში დაგვეხმარება. იმის მითითებით, თუ რა არ გვინდა, რომ იყოს, შეგვიძლია, ერთად ჩამოვაყალიბოთ ხელოვნური ინტელექტის ეპოქა.
ავტორი: ქეთია ბელქანია