ამერიკელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ყველასათვის საინტერესო „საიდუმლო“ ამოხსნეს: რატომ გვიჭაღარავდება თმები… კვლევის მიხედვით, ასაკის მატებასთან ერთად, ღეროვანი უჯრედების მომწიფების უნარი სუსტდება, რაც თმის ფერის შენარჩუნებას ხელს უშლის.
შესაძლოა, ეს აღმოჩენა გაჭაღარავების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმაროს და მასზე დაყრდნობით ინოვაციური მედიკამენტები შეიმუშაონ.
რეალურად, თმის გაჭაღარავება ცხოვრების ბუნებრივი ციკლია. როგორც იცით, ახალი თმა ფოლიკულევიდან იზრდება, რომლებიც კანშია განლაგებული — იქ, სადაც პიგმენტის წარმომქმნელი მელანოციტებიც მდებარეობს. ამჟამინდელი კვლევის ფარგლებშიც მელანოციტური ღეროვანი უჯრედები (McSC) შეისწავლეს. ამისათვის კი NYU Langone Health-ის ჯგუფმა სპეციალური სკანირების მეთოდი და ლაბორატორიული ტექნიკა გამოიყენა.
ზოგადად, თმის ფერი იმაზეა დამოკიდებული, რა დოზით იღებს თმის ფოლიკულებში McSC-ები სიგნალებს, რათა მომწიფებულ უჯრედებად გარდაიქმნას. ახლა კი მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ უჯრედები თმის ზრდის პროცესში მყოფი ფოლიკულის სხვადასხვა ნაწილს შორის მუდმივად მონაცვლეობს. ამ პროცესების დროს იღებს McSC-ები მომწიფებისთვის საჭირო სიგნალებს.
გარკვეული ასაკის შემდეგ ღეროვანი უჯრედები ფოლიკულის გარშემო ბრუნვას წყვეტს და ერთ ადგილას „იყინება“, რაც სრულფასოვანი მელანოციტების მომწიფებას შეუძლებელს ხდის. ხოლო პიგმენტის გარეშე თმა ნაცრისფერი, თეთრი ან ვერცხლისფერი ხდება. „სავარაუდოდ, სწორედ მელანოციტურ ღეროვან უჯრედებში ამ ქამელეონისებრი ფუნქციის დაკარგვა იწვევს გაჭაღარავებას და თმის ფერის დაკარგვას“.