2016 წელს მკვლევრებმა სცადეს გაეზომათ, რამდენ ხანს ყოვნდებოდნენ ადამიანები ერთსა და იმავე კომპიუტერულ ამოცანაზე, ყურადღების გადატანის გარეშე. შედეგი საშუალოდ 40 წამი იყო. ხუთი წლით ადრე იგივე მაჩვენებელი 75 წამს შეადგენდა.
ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანის ყურადღების უნარი ფუნდამენტურად გაუარესდა. უფრო ზუსტი ახსნა ისაა, რომ დღეს ჩვენს ყურადღებას გაცილებით მეტი რამ ეცილება: შეტყობინებები, ელფოსტა, ღია ჩანართები, სოციალური ქსელები, გარემოს ხმები და საკუთარი ფიქრებიც კი. ტვინი მუდმივად იღებს უზარმაზარ რაოდენობას ინფორმაციას და წყვეტს, რომელი სიგნალია მნიშვნელოვანი. პრეფრონტალური ქერქი გვეხმარება არჩევაში, რას მივაქციოთ ყურადღება, ხოლო პარიეტალური ქერქი ამ არჩეულ ინფორმაციაზე ფოკუსს ინარჩუნებს. პრობლემა ისაა, რომ ტვინი პარალელურად გარემოსაც მუდმივად აკვირდება და ახალ, მოულოდნელ ან ემოციურად მნიშვნელოვან სიგნალზე სწრაფად გადადის.
სწორედ ამიტომ, ყურადღების გაფანტვა გარკვეულწილად ბუნებრივია. გარემოში ცვლილების სწრაფად შემჩნევა ადამიანისთვის ევოლუციურად მნიშვნელოვანი უნარი იყო. თუმცა თანამედროვე ციფრულ გარემოში იგივე მექანიზმი ხშირად ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს.
კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი თავად ამოცანაა. საქმე, რომელიც საკმარისად რთული და საინტერესოა, ჩვენს ყურადღებას ხშირად უკეთ ინარჩუნებს, ვიდრე ძალიან მარტივი და მონოტონური დავალება. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ ვირჩევთ, რაზე მოგვიწევს მუშაობა. ასეთ შემთხვევებში სასარგებლოა იმის გახსენება, რომ კონცენტრაცია ძალისხმევას მოითხოვს. ზოგიერთი მკვლევარი ყურადღებას შეზღუდულ რესურსად განიხილავს: მუშაობის დასაწყისში ის უფრო მაღალია, დროთა განმავლობაში კი იკლებს, რის გამოც იზრდება შეცდომებისა და ყურადღების გაფანტვის ალბათობა.
მულტიტასკინგი ამ პროცესს კიდევ უფრო ართულებს. როცა რამდენიმე ამოცანას შორის მუდმივად ვერთვებით, ყურადღების რესურსს უფრო სწრაფად ვხარჯავთ. ამიტომ, ერთი საქმის არჩევა და მისთვის ცალკე დროის დათმობა ხშირად ბევრად ეფექტიანია, ვიდრე რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების მცდელობა.
მნიშვნელოვანია შესვენებებიც. მოკლე პაუზა, თუნდაც საჭმელად ან რამდენიმე წუთით არაფრის გასაკეთებლად, ყურადღების აღდგენაში შეიძლება დაგვეხმაროს. სწავლასა და ახალი უნარის ათვისებისას შესვენებას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: ამ დროს ტვინი ახლად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას და მეხსიერებაში გამყარებას აგრძელებს.
კონცენტრაციაზე გავლენას ახდენს ძილიც, სტრესიც და განწყობაც. დაღლილ ან დაძაბულ მდგომარეობაში ყურადღების გაფანტვის დაბლოკვა გაცილებით რთულია. სწორედ ამიტომ, ფიზიკური აქტივობა, მეგობრებთან ურთიერთობა და კარგი ძილი ირიბად ფოკუსის გაუმჯობესებაშიც გვეხმარება.
კვლევები ბუნებაში გატარებულ დროსაც უკავშირებს ყურადღების გაუმჯობესებას. ერთ-ერთ კვლევაში 15-წუთიანმა გარეთ სეირნობამ ყურადღების ტესტებში უფრო კარგი შედეგი გამოიწვია, ვიდრე იმავე ხანგრძლივობის სიარულმა დახურულ სივრცეში.
კიდევ ერთი მეთოდია mindfulness მედიტაცია. მაგალითად, რამდენიმე წუთის განმავლობაში მხოლოდ სუნთქვის შეგრძნებებზე ყურადღების გამახვილება ტვინს ერთი კონკრეტული ობიექტის მიმართ ფოკუსის შენარჩუნებაში ავარჯიშებს.
თუმცა ყველაზე მარტივი ნაბიჯი ხშირად ტექნიკაზე საერთოდ არ არის დამოკიდებული: მოაშორეთ ზედმეტი გამაღიზიანებლები. ყველა ყურადღების გამფანტავი ფაქტორის აღმოფხვრა შეუძლებელია. ჩვენი ფიქრებიც ხშირად საკმარისია იმისთვის, რომ საქმისგან გადავერთოთ. თუმცა ეკრანთან დაკავშირებული ბევრი გამაღიზიანებლის კონტროლი მაინც შეგვიძლია. ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელები ტელეფონს დღეში დაახლოებით 200-ჯერ ამოწმებენ.
ამიტომ მშვიდ გარემოში მუშაობა, ზედმეტი ჩანართების დახურვა, შეტყობინებების გამორთვა და გარკვეული აპების დროებით დაბლოკვა უბრალო ცვლილებად შეიძლება ჩანდეს, მაგრამ ტვინს რეალურად ბევრად უკეთეს პირობებს უქმნის კონცენტრაციისთვის.
ყურადღების გაფანტვა სიზარმაცის ან ნებისყოფის ნაკლებობის ნიშანი არ არის. ჩვენი ტვინი სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ ახალ სიგნალებზე რეაგირებდეს. მაგრამ თუ გარემოში მუდმივად ათეულობით ასეთი სიგნალია, ფოკუსის დაცვა გაცილებით რთულდება. ამიტომ კონცენტრაციის გაუმჯობესება ხშირად საკუთარი თავის „დაძალებაზე“ ნაკლებად და გარემოს უკეთ მოწყობაზე უფრო მეტად არის დამოკიდებული.












