Friends-ის 236 ეპიზოდი ბევრი ჩვენგანის განუყოფელ ნაწილად იქცა — თითქოს, ჩვენც მათ საკულტო ბინებში ვცხოვრობთ და აქ ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის მიგვიღებენ. ეს მხოლოდ სცენარი არ არის, ან როლში იდეალურად შესული მსახიობების სახე… ყველაფერი იმდენად რეალური და ნამდვილია, ყოველდღიური სირთულეების გადალახვაში გვეხმარება, სიტკომმა ერთგვარი ანტიდეპრესანტის დატვირთვაც კი შეიძინა. თითოეული სიყვარულის ისტორია, წარუმატებელი მცდელობა, იმედგაცრუება, პროფესიული სირთულეები და უამრავი მოულოდნელობა ის ყველაფერია, რაც „მეგობრებში“ ბუნებრივადაა წარმოჩენილი — ყველაფერი მისაღებია და შესაბამისად, შენს ემოციასაც ერთგული გამზიარებელ-მიმღები ჰყავს.
სიტკომი 1994 წელს გამოჩნდა ეკრანებზე და 10 წლის განმავლობაში, 2004 წლის მაისამდე, გრძელდებოდა. თავიდანვე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და ვირუსულად მოედო მსოფლიოს — არა მხოლოდ ეპიზოდების ყურებადობით, არამედ ბრენდირებული ნივთებით, მსახიობების ჩაცმის თუ თმის სტილის მიბაძვით და ა. შ. ამდენი წლის გასვლის შემდეგ კი სიტკომმა არა მხოლოდ გაუძლო „დროის გამოცდას“, არამედ ნებისმიერი თაობის ერთ-ერთ საყვარელ შოუს წარმოადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოველწლიურად მისი შემოსავალი 1 მილიარდ დოლარს წარმოადგენს, რაც მთელ ამ დამოკიდებულებას სტატისტიკურ ჭრილში გვიჩვენებს. რამდენიმე წლის წინ ისიც კი დადგინდა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაყურებლები „მეგობრების“ ყურებაში 54,3 მილიონ საათს ფარავს, რაც 62 000 წლის ეკვივალენტია. ამის გათვალისწინებით, სიტკომის მუდმივი პოპულარობა მხოლოდ ნოსტალგიურ კავშირს არ ემყარება — Friends-ს კონკრეტული ასაკი არ აქვს, ის ყველასთვისაა. თითოეულ ეპიზოდში, პერსონაჟსა და სიტუაციაში საკუთარ თავებს ან მეგობრებს ვხედავთ. ყველაფერი ხელშესახები, ნამდვილი და გულწრფელია.
„ყველაზე კარგად, რაც ჩვენს ურთიერთობას აღწერს, არის შემთხვევითი შეხვედრები წვეულებებზე ან რაიმე სახის შეკრებებზე. მთელი საღამოს განმავლობაში უბრალოდ ვისხედით და ერთამნეთთან ვატარებდით დროს. სხვებს, ვისთან ერთადაც მივდიოდით, ვუბოდიშებდით და იმედი გვქონდა გაიგებდნენ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს შევხვდით და მთელი საღამო მასთან უნდა გაგვეტარებინა. ეს ბუნებრივად ხდებოდა, ნებისმიერი შეხვედრის დროს ზუსტად ასე ვითარდებოდა სცენარი“, — აღნიშნა მეთიუ პერიმ Friends Reuinion-ის გადაღებისას.
ალბათ, სწორედ ამგვარი რეალური, ნამდვილი და ბუნებრივად ჩამოყალიბებული ურთიერთობა სძენს სიტკომს განსაკუთრებულობას. თითოეული მსახიობისთვის „ოჯახის“ დატვირთვა მიიღო ამ ერთიანობამ, შესაბამისად, სიყალბისთვის არც რჩებოდა ადგილი. ასე ვთქვათ, მათი ეკრანული ქიმია შოუს წარმატების მიზეზია; ეს მეგობრობა ნამდვილია — ახლაც კი, მიუხედავად იმისა, რომ მეთიუ პერი გარდაიცვალა, წარმოუდგენელია ექვსეულის დაშლა…
იდეალური რეალობა
გულშემატკივრებისთვის Friends არის მარტივი, იმედისმომცემი შოუ, რომელშიც ცხოვრება ბევრად უდარდელია, ვიდრე ახლა ან მაშინ იყო. ეს ხდება სამყაროში, რომელიც მთლიანად იზოლირებულია ბნელი გარე სამყაროს საშინელებისგან, რაც იშვიათია სატელევიზიო შოუებისთვის. რეალურად, აქაც ბევრი სამწუხარო ფაქტი ხდება, პერსონაჟებს არაერთი პრობლემა აქვთ, მაგრამ თითქოს ყველაფერს ფილტრავენ — „მერე რა მოხდა? თუ ცუდი ხდება, მოგვარდება… ეს ცხოვრებაა და მორჩა“.
შეიძლება ითქვას, Friends-ის სახით ბევრისათვის ის იდეალური სამყაროა შექმნილი, სადაც ყოველთვის გამოინახება დრო მეგობრებთან ერთად ყავის დასალევად. ცხოვრებისეული სირთულეები კი საწუწუნოდ, სასაუბროდ კომფორტულ მიზეზს იძლევა.
ეს არ არის სიუჟეტი სუპერგმირებზე, მაგრამ საკულტო გმირები გვარწმუნებენ, რომ ყველა ემოცია, განცდა, მდგომარეობა თუ მოვლენა სრულებით მისაღებია. ყველა სირთულიდან არსებობს გამოსავალი და როგორი რთულიც უნდა იყოს მოცემულობა, ზედმეტი დრამატულობის გარეშე შეგვიძლია „თავის დაძვრენა“. ამავდროულად, ეს პერსონაჟები სულაც არ არიან იდეალურები — ყველას თავისი ნაკლი აქვს, უჩვეულო წიკები, სურვილები, აკვიატებები თუ წარსული. თუმცა სწორედ ეს არის იდეალურობის საფუძველი — არაფერს ფარავენ, ღიად გამოხატავენ თავს და არიან ისეთები, როგორებიც არიან.
„არადროული მარადიულობა“
წლების განმავლობაში ბევრი სატელევიზიო შოუ და ფილმი გამხდარა პოპულარული, თუმცა ზოგიერთ მათგანს მხოლოდ მცირე ხნით ერგო ეს დიდება. ზოგადად, სუბიექტზე ორიენტირებული შოუები უფრო მალე ავიწყდება ხალხს, რადგან ოდესმე აუდიტორია ახალ ტენდენციას აღმოაჩენს, მასზე გადაერთვება და აქტუალობის აღქმაც შეიცვლება.
რაც შეეხება Friends-ს, მისი მუდმივი წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ „საკმაოდ დროული არ არის“. ამ სიტკომის ისტორიები მეგობრობას, ურთიერთობებს, გულისტკივილს, ოჯახურ პრობლემებს და კარიერულ ცვლილებებსაც კი ეხება — ანუ თემებს, რომლებიც მუდმივად აქტუალურია. თანაც ყველა საკითხი იუმორისტული პრიზმითაა გადმოცემული, რასაც ფართო ასაკობრივი თუ დემოგრაფიული დიაპაზონი ემატება.
მთლიანობაში, Friends ყველაზე მეგობრული სიტკომია, ემოციების ფართო სპექტრით, სენტიმენტალური ნარატივებით, გულწრფელობით და უბრალოდ ნამდვილი გმირებით.
ავტორი: ქეთია ბელქანია