in

რატომ ჰგავს ყველა AI ბრენდი ერთმანეთს?

Lenovo
Lenovo

ხელოვნური ინტელექტის კომპანიები საოცარ ტექნოლოგიებს წარმოუდგენელი სისწრაფით ქმნიან. როცა პროდუქტი თავისთავად შთამბეჭდავია და ინვესტიციებიც გაუჩერებლად შემოდის, ბრენდინგი პრიორიტეტების სიაში ბოლო ადგილზე ინაცვლებს. შედეგად კი ვიღებთ რეალობას, სადაც მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური კომპანიები ვიზუალურად და შინაარსობრივად ერთმანეთისგან სრულიად განუსხვავებლები არიან: ერთი და იგივე ლოგოები, იდენტური შრიფტები, მსგავსი ეპითეტები („მძლავრი“, „ჭკვიანი“, „უსაზღვრო“) და ერთი შაბლონის მეგობრული ჩატბოტები.

ბრაუზერების ისტორია კარგად გვიჩვენებს, როგორ მუშაობს უხილავი პროდუქტების ბაზარი, რომელიც მხოლოდ ნდობაზეა აგებული. ორ ათეულ წელზე მეტი დასჭირდა იმას, რომ ადამიანებს დაუფიქრებლად აერჩიათ Chrome ან Safari და ბრაუზერი „ინტერნეტთან“ ასოცირებულიყო. თუმცა AI-ს ამდენი დრო არ აქვს, ის ათჯერ სწრაფად ვითარდება. გამარჯვებული ის დარჩება, ვინც ბრენდინგში ინვესტირებას ახლავე, ბაზრის გადავსებამდე დაიწყებს, რადგან დაგვიანების შემთხვევაში კონკურენტები უბრალოდ გაჯობებენ.

ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანური ხმის დაკარგვაა. ხელოვნური ინტელექტის ბრენდების ტექსტები ისე იკითხება, თითქოს თავად AI-ის დაწერილია: ტექნიკურად გამართული, ყოვლისმომცველი და სრულიად უემოციო. არადა, მომხმარებელს ნდობა უჩნდება მაშინ, როცა ტექნოლოგიის მიღმა ადამიანს ხედავს. AI ბრენდებმა უხილავ ტექნოლოგიას ადამიანური სახე უნდა მისცენ. დაგვანახონ დამფუძნებლები, ინჟინრები და გვითხრან: „ეს ადამიანმა შექმნა, შენზე იფიქრა და პასუხისმგებლობასაც თავად იღებს“.

კიდევ ერთი შეცდომა იდეალურობისკენ სწრაფვაა. უნაკლო გრადიენტები, სიმეტრიული ლოგოები და ზედმეტად „გლუვი“ ტექსტები ბრენდს უსახურს ხდის. ადამიანებს მოსწონთ პატარა, ადამიანური ხარვეზები, ზუსტად ისე, როგორც ვინილის ფირფიტაზე ნაკაწრების ხმა გვიყვარს, რადგან ეს სინამდვილის დასტურია. 

და ბოლოს, დროა, დავემშვიდობოთ მრგვალ, გრადიენტულ ლოგოებს. შექმენით ისეთი ლოგო, რომლის დახატვასაც მომხმარებელი მეხსიერებით შეძლებს და არა ისეთი, რომელიც ათობით სხვა ლოგოს შორის დაიკარგება.

ბრენდინგზე ფიქრი ტექნოლოგიის განვითარებას ხელს არ უშლის. ადრე თუ გვიან, მხოლოდ ტექნოლოგიური უპირატესობა საკმარისი აღარ იქნება. როცა ემოციები ჩაცხრება, ბაზარზე მხოლოდ ის კომპანიები გადარჩებიან, რომლებმაც გამორჩეული, ადამიანური სახის შექმნა და ხალხის ნდობის მოპოვება შეძლეს.

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში თიბისისა და Mastercard-ს საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებები აქვთ

YogaFest 2026 – სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე