როგორ უჩვეულოდაც არ უნდა ჟღერდეს, პრიმატები, მათ შორის ადამიანები, ძირითადად დღის ყველაზე ნაკლებად აქტიურ დროს მშობიარობენ. ჩვენთვის ეს ღამესთან ასოცირდება, თუმცა ზუსტად არავინ იცის, რატომ იბადება ჩვილების უმეტესობა ამ დროს. ახლა კი ვერვეტის მაიმუნებზე ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ, შესაძლოა, სხეულის ტემპერატურასთან კავშირი არსებობდეს — მშობიარობის ფანჯარა ემთხვევა იმ დროს, როდესაც პრიმატების სხეული ყველაზე ცივია.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 24 მდედრი მაიმუნის სხეულის ტემპერატურა ჩაწერეს, უშუალოდ მშობიარობის პროცესში. მონაცემებმა ცხადყო, რომ მშობიარობის დროს დედების სხეულის ტემპერატურა იკლებს და მხოლოდ მაშინ უბრუნდება ძველ ტემპერატურას, როდესაც პატარა მაიმუნი იბადება.
დაბადების დაბალ ტემპერატურასთან დაკავშირებას პრიმატების უმეტესობის დღის არააქტიურ პერიოდში დაბადების ახსნა შეუძლია, რადგან ამ დროს გარემო და სხეულის ტემპერატურა გაცილებით ცივია. “ვფიქრობთ, ტემპერატურის ფაქტორი მნიშვნელოვან კავშირშია პრიმატების დაბადების დროსთან”, — წერენ მკვლევრები.
გარდა ამისა, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მაიმუნების მსგავსად, თერმული ეფექტი ადამიანების დაბადების შემთხვევაშიც დიდ როლს ასრულებს. ადამიანებისთვის ეს დრო ღამეა, მაგრამ სხეულის ტემპერატურის დაქვეითება უკავშირდება ცირკადულ რიტმს და არა მზის პოზიციას. მაგალითად, 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სპონტანური მშობიარობის 71.5 პროცენტი საღამოზე მოდის, ან დილით ადრე — ძირითადად, შუაღამიდან დილის 6 საათამდე.











